ერნესტ ჰემინგუეი
კილიმანჯაროს თოვლი
45,90 ₾ერნესტ ჰემინგუეის (1899-1961) მოთხრობების კრებული, სახელწოდებით „პირველი ორმოცდაცხრა“, პირველად 1938 წელს გამოქვეყნდა. 1987 წელს მისმა ამერიკელმა გამომცემელმა, „სკრიბნერსმა“, შეადგინა მოთხრობების სრული კრებული, რომელშიც შევიდა როგორც „პირველი ორმოცდაცხრა“, ისე ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი და ასევე, მანამდე გამოუცემელი მოთხრობები. ქართველი მკითხველისთვის შეთავაზებული ეს გამოცემა აერთიანებს მწერლის ადრეულ მოთხრობებს, ანუ კრებულს „პირველი ორმოცდაცხრა“.
ჰემინგუეის, როგორც მწერლის, გენიალური სტილი ყველაზე უკეთ სწორედ მის მოთხრობებში გამოვლინდა: სხარტი, ძუნწი, დაწურული ფრაზებით სულ რამდენიმე გვერდზე გადმოცემულია ადამიანური ყოფის სისასტიკე და სინაზე, სასოწარკვეთილება და იმედი, ომით მიყენებული ტრავმა და რომანტიკული ურთიერთობა. ავტორი მკითხველს ხან ამერიკის პატარა ქალაქებში ამოგზაურებს, ხან ევროპის ქვეყნებში, ხანაც აფრიკის უსასრულო სავანაში. ქართველი მკითხველი შეხვდება ნიკ ადამსს – ავტორის ალტერ ეგოს – და შეიტყობს ბევრ ავტობიოგრაფიულ ეპიზოდს მწერლის ცხოვრებიდან.
მშვიდობით იარაღო
22,90 ₾„მშვიდობით, იარაღო!“ არა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, არამედ ასევე ნაზი და სულის შემძვრელი სიყვარულის ისტორიაც. ერნესტ ჰემინგუეიმ საკუთარი ომისდროინდელი გამოცდილება გამოიყენა იტალიის ფრონტზე მომსახურე ამერიკელი სანიტარული ნაწილის ოფიცრისა და ლამაზი ინგლისელი ექთნისადმი მისი სიყვარულის ამ შესანიშნავი ამბის შესაქმნელად. რომანი ავტორის პირველ ბესტსელერად იქცა. მას გამოარჩევს ბრძოლის ველის საშინელებების შეულამაზებლად აღწერა, ასევე მთავარი გმირების, ფრედერიკისა და ქეთრინის, ვნებიანი, გულწრფელი სიყვარული გულისამაჩუყებელი ისტორია, რაც ტრაგიკულად სრულდება, თუმცა მწერლის თავშეკავებული სტილი უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას.
აღმოხდება მზე
19,90 ₾1926 წელს გამოცემული „აღმოხდება მზე“ ერნესტ ჰემინგუეის პირველი რომანი იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისურ ლიტერატურაზე. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე ამტკიცებს, რომ მან შეცვალა რომანის წერის წესი. წიგნმა მსოფლიო აღიარება მოუტანა სან-ფერმინის ფესტივალს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პამპლონაში იმართება. ესაა რომანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზში მცხოვრებ ემიგრანტებზე, რომლებიც წარმოადგენენ „დაკარგულ თაობას“. მათი აზრით, ბავშვობაში ათვისებული ღირებულებები აღარაფერში არგიათ, ომმა ყველაფერი გადააფასა. პერსონაჟების უმრავლესობას ომი საკუთარი თვალით აქვს ნანახი ფრონტის ხაზზე და საკუთარ ტყავზე განცდილი, ომით გამოწვეულ მოუშუშებელ ტრავმებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს: ზოგი კაფეებს სტუმრობს, ზოგი ღამის კლუბებში ცეკვავს, ზოგიც სვამს, ან კორიდას ესწრება, ან ბუნებაში განმარტოვდება… მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი თავდავიწყებაა, რადგან საკუთარ თავს ვერავინ ვერასდროს გაექცევა.