მოხუცი და ზღვა

14,90 

ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ ბოლო მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც მის სიცოცხლეში გამოქვეყნდა. იგი მოგვითხრობს კუბელი მეთევზის, მოხუცი სანტიაგოს ამბავს, მის ბრძოლას გაშლილ ზღვაში გიგანტურ თევზ მარლინთან, რომელიც ყველაზე დიდი მონაპოვარი გახდა მის სიცოცხლეში.

მოთხრობა გამოქვეყნდა ჟურნალ „ლაიფში“1952 წლის 1-ელ სექტემბერს და ორ დღეში ჟურნალის ხუთი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 1953 წელს ჰემინგუეიმ ამ მოთხრობაში მიიღო პულიტცერის პრემია, 1954 წელს კი ნობელის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში ასეთი ფორმულირებით: „გადმოცემის ოსტატობისათვის, რაც მწერალმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა„მოხუცსა და ზღვაში“. ჰემინგუეიმ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ეს წიგნი ქრესტომათიებში შევიდა და სკოლებში ასწავლიან.

ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „შემეძლო, ეს წიგნი 1000 გვერდზე დამეწერა, შიგ საკუთარი თავი ამოეცნო ყოველი სოფლის მცხოვრებს, აღმეწერა ყველა საშუალება, რომლითაც მათ გააქვთ თავი ცხოვრებაში, როგორ იბადებიან, სწავლობენ, ზრდიან შვილებს, მაგრამ ეს უკვე მშვენივრად აქვთ აღწერილი სხვა მწერლებს. ამიტომ მე უნდა გამეგო კიდევ რაღაც, მკითხველებისთვის ისე გადამეცა ჩემი გამოცდილება, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათ ისე წარმოედგინათ, თითქოს ყველაფერი მართლა მოხდა. ამის მიღწევა ძალიან ძნელია. მე ბევრი ვიმუშავე და გამიმართლა: გადმოვეცი ისეთი რამ, რაც მანამდე არასოდეს არავის გადმოუცია“.

ამ ალეგორიული ნაწარმოების ძირითადი თემაა ადამიანის ნების, გამძლეობის, საკუთარი შინაგანი ძალის გამოცდა. ჰემინგუეი ადიდებს სულიერ ძალას ადამიანისა, რომელიც მიზნისაკენ მიისწრაფვის თავისი შესაძლებლობის ზღვარზე.

აღმოხდება მზე

19,90 

1926 წელს გამოცემული „აღმოხდება მზე“ ერნესტ ჰემინგუეის პირველი რომანი იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისურ ლიტერატურაზე. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე ამტკიცებს, რომ მან შეცვალა რომანის წერის წესი. წიგნმა მსოფლიო აღიარება მოუტანა სან-ფერმინის ფესტივალს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პამპლონაში იმართება. ესაა რომანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზში მცხოვრებ ემიგრანტებზე, რომლებიც წარმოადგენენ „დაკარგულ თაობას“. მათი აზრით, ბავშვობაში ათვისებული ღირებულებები აღარაფერში არგიათ, ომმა ყველაფერი გადააფასა. პერსონაჟების უმრავლესობას ომი საკუთარი თვალით აქვს ნანახი ფრონტის ხაზზე და საკუთარ ტყავზე განცდილი, ომით გამოწვეულ მოუშუშებელ ტრავმებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს: ზოგი კაფეებს სტუმრობს, ზოგი ღამის კლუბებში ცეკვავს, ზოგიც სვამს, ან კორიდას ესწრება, ან ბუნებაში განმარტოვდება… მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი თავდავიწყებაა, რადგან საკუთარ თავს ვერავინ ვერასდროს გაექცევა.