მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება

22,95 

საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსის, დაჩა მარაინის შემოქმედება მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. თავად მარაინი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია, 2014 წელს კი ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი.

“მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება” მეთვრამეტე საუკუნის იტალიის მასკულინურ საზოგადოებაში ქალის აუტანელ ყოფას ასახავს. რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია. მთავარი პერსონაჟი იტალიელი დიდგვაროვანი ქალია, რომლის დრამატული ცხოვრების ფონზე მეთვრამეტე საუკუნის იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყოფის მრავალფეროვანი პანორამა იშლება.

ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც სოციალური აკრძალვებისა და ტაბუების პირობებში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს; რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს.

დაჩა მარაინი მარიანა უკრიას სახით ქალის დაუვიწყარ პროტოტიპს ქმნის – ინტელექტუალურს, მგრძნობიარეს, შეუპოვარს, დაუნდობლად გულწრფელსა და მებრძოლს, რომელიც მისჯილ სიჩუმეშიც კი პოულობს საკუთარ ხმას და ძალას, თავისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. მარიანა უკრია განსახიერებაა ყველა იმ ქალისა, რომლებიც წარსულში ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, დიდი ძალისხმევითა და შეუპოვრობით კი ცხოვრების გაგრძელება მოახერხეს.

ბაუმგარტნერი

16,95 

რატომ ვეჭიდებით სიყვარულს მაშინაც კი, როცა მასთან დაკავშირებული თითოეული მოგონება შესაძლოა, გამანადგურებელი აღმოჩნდეს?

71 წლის ბაუმგარტნერი, ფენომენოლოგი, ფილოსოფიის ლექტორი და მწერალი, 9 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლეს გლოვობს, დარდს კი ხან ანას საცვლების გადალაგება-გადმოლაგებით, ხანაც მისთვის უხამსი წერილების წერით უმკლავდება. ტკივილი ყოველ დღე, სხვადასხვა ფორმით ახსენებს თავს, თუმცა, თავად კარგად იცის, მისგან გაქცევა სიცოცხლეზე უარის თქმას რომ ნიშნავს.

ჩვენი დროის უდიდესი ამერიკელი პროზაიკოსის, პოლ ოსტერის, ბოლო რომანი “ბაუმგარტნერი” სიყვარულის, გლოვისა და მეხსიერების მრავალ განზომილებაზე გვიამბობს – ეს არის ამბავი გაუჩინარებაზე, მელანქოლიაზე, სევდასა და ერთ დარდისგან შეშლილ კაცზე.

ყინულის სასახლე

16,95 

ნორვეგიელი ავტორის, თარიაი ვესოსის რომანი “ყინულის სასახლე” პოეტური პროზის უნიკალური ნიმუშია.

რომანში ორი მეგობრის, სისისა და უნის ამბავია მოთხრობილი. ამ ორმა ახალგაზრდა გოგონამ მხოლოდ ერთი საღამო გაატარეს ერთად, თუმცა ერთმა ხანმოკლე საღამომ ორივეს ცხოვრება თავდაყირა დააყენა… ხოლო როდესაც სისი აღმოაჩენს, რომ უნი უეცრად უკვალოდ გაქრა, მის ცხოვრებაში აქამდე უცნობი, ტკივილისმაგვარი გრძნობა ისადგურებს.

„ყინულის სასახლე“ პოეტურად მოთხრობილი, ამაღელვებელი ამბავია მარტოობაზე, ბავშვურ საიდუმლოებებზე და იმ უხილავ ძაფზე, რომელიც ადამიანსა და ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს.

ნიჭიერი მისტერ რიპლი

22,95 

ნიუ-იორკის თავბრუდამხვევ სამყაროში ახლად აღმოჩენილი მომხიბვლელი და ამბიციური ტომ რიპლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ტომს მდიდარი ოჯახი იტალიაში გაგზავნის. მისი მთავარი მისიაა, ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, უდარდელი, მომნუსხველი და თავზეხელაღებული დიკი გრინლიფი შინ დააბრუნოს.

იტალიიის პეიზაჟებითა და დიკის ცხოვრებით თავბრუდახვეული ტომისთვის, ერთი შეხედვით, უწყინარი აღფრთოვანება მალე მომაკვდინებელ აკვიატებად იქცევა. სასოწარკვეთილი და, ამავე დროს, გონებამახვილი, ტომ რიპლი თავის დასამკვიდრებლად ნებისმიერ ფასს გადაიხდის, მაშინაც კი, თუ საწადლის მისაღებად მკვლელობის ჩადენა მოუწევს.

“ნიჭიერი მისტერ რიპლი” – ეს არის რომანი შიშზე, მანიპულაციაზე, ტყუილზე, მომაკვდინებელ ამბიციებსა და აკრძალულ ვნებაზე. პატრიშია ჰაისმითი მკითხველს თავსატეხს უჩენს, ამოხსნას პერსონაჟი, რომელიც არასდროსაა ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს.

ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ

29,95 

რიჩარდ ფლენეგანის რიგით მეექვსე, ბუკერის პრემიის მფლობელი რომანი “ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის ფონზე დრამატულ სასიყვარულო ამბავს გვიყვება. ავსტრალიელი ექიმი, დორიგო ევანსი ავსტრალიელი ჯარისკაცების სამხედრო მეთაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს ბირმასა და ტაილანდს შორის რკინიგზა გაჰყავდათ. მტანჯველი შრომის პარალელურად კი მთავარი გმირის დამაინტრიგებელი სასიყვარულო ისტორია იშლება. დორიგო ევანსს ბიძამისის ახალგაზრდა ცოლთან გაბმული რომანის მოგონებები არ ასვანებს. ერთ დღესაც ექიმი წერილს მიიღეებს, რის შემდეგაც ყველაფერი იცვლება.

“ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” არის ამბავი ბედისწერაზე, მეხსიერებაზე, სიყვარულსა და დანაკარგზე.

მკვლელი მწერლები

19,95 

მწერალი და მკვლელი თითქოს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებები უნდა იყოს, თუმცა ლიტერატურის ისტორიას კარგად ახსოვს მწერლები, რომლებსაც კალმის ნაცვლად იარაღი ხელში არაერთხელ აუღიათ.

შოთა იათაშვილი დოკუმენტური ჰორორის ჟანრში დუელიანტების, სამხედრო დამნაშავეებისა და შურისმაძიებლების, მძარცველებისა და თაღლითების, მანიაკებისა და კანიბალების, შემდგარი და ვერშემდგარი მკვლელების შესახებ მოგვითხრობს.

“მკვლელი მწერლები” ერთდროულად დოკუმენტური ანთოლოგიაცაა და ინტელექტუალური პროვოკაციაც – ხელოვნების, შემოქმედებითობის ყველაზე ბნელ კუნჭულებში შეჭყიტვის მეტად წარმატებული მცდელობა.

გზაზე

24,95 

ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.

დჰარმის მაწანწალები

22,95 

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს. ჯეკ კერუაკმა წიგნი 1958 წელს გამოაქვეყნა. ერთი წლით ადრე რომანი „გზაზე“ გამოიცა, რომლის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს „დჰარმის მაწანწალები“. ეს რომანი, ისევე, როგორც „გზაზე“, ავტობიოგრაფიულია – გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ბუდიზმით გატაცებული რეი სმიტი (კერუაკი) და მისი მეგობარი პოეტები ცდილობენ, სულიერი სიმშვიდე ცივილიზაციისგან შორს, მთებში ხეტიალითა და მედიტაციით მოიპოვონ.

აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა

20,95 

როგორია სინამდვილეში რეალობა? როგორც ქმნის ინდივიდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მცდელობები რეალობის ცრუ აღქმას? სად მთავრდება საზოგადოება და სად იწყება პიროვნება?
ალან უოტსი ამ სკანდალურ ლექციათა კრებულში დასავლური ცივილიზაციის ყველაზე წმინდად მიჩნეულ ცნებებს თავდაყირა აყენებს და თხრობის, ერთდროულად, პროვოკაციული და მხიარული მანერით მკითხველს უბიძგებს, გათავისუფლდეს თავიანთივე შექმნილი ილუზიებისგან, იცხოვროს უფრო ღრმა და, ამავე დროს, მშვიდი, მარტივი ცხოვრებით.

ალან უოტსი დასავლეთში აღმოსავლური სიბრძნისა და მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინტერპრეტატორია. უოტსი საოცარი სიცხადით გვიამბობს იმ აღმოსავლური ფილოსოფიების შესახებ, რომლებმაც თანამედროვე ადამიანის სულიერების ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
უოტსის თქმით, ადამიანი იტანჯება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად სერიოზულად უყურებს იმას, რაც, მისი აზრით, ღმერთებმა გასართობად შექმნეს.
თუ მზად ხართ, ამოყოთ თავი ისეთი კითხვების მორევში, რომლებსაც მზა პასუხები არ აქვს, ჩაეფლოთ დროის მიღმა არსებულ ცნებებში და თქვენს ცნობიერებას ოდნავ გაფართოების შანსი მაინც მისცეთ (რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს), “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” სწორედ თქვენთვისაა.

საქმიანობა, სახელად ცხოვრება – ჩეზარე პავეზე

24,95 

„საქმიანობა, სახელად ცხოვრება“ – ჩეზარე პავეზეს პირადი დღიურია, რომელიც მოიცავს 1935 წლიდან 1950 წლამდე პერიოდს. წიგნში თავმოყრილია ინტიმური ჩანაწერები, ფიქრები, განცდები და ის ინტელექტუალური კვლევები, რომლებსაც ავტორი თავისი ცხოვრების ბოლო 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.დღიური მკითხველს უშუალოდ აცნობს პავეზეს შინაგან სამყაროს – მარტოობის იმ განცდას, რომელიც მუდამ თან სდევდა, მუდმივ სწრაფვას შემოქმედებითობისკენ, ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეებს.

პირადი ჩანაწერების გარდა პავეზეს დღიური იმ სასტიკ და დაუნდობელ სამყაროს ცხადყოფს, რომელშიც თავად ცხოვრობდა – წერს ომზე, ფაშიზმზე, იტალიაზე…
ეს წიგნი ღრმად ემოციური და ინტელექტუალურად დახუნძლული ქრონიკაა ადამიანისა, რომელიც მუდმივად ეძებდა სიცოცხლის მნიშვნელობას, თუმცა შვებას კი ვერ მიაგნო.

ქართული ლექსი 20 საუკუნე

19,95 

ეს წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. სწორედ გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი, ეს გზა კი ყოველთვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამდეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის მთელი სიგრძე-სიგანით დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.

ნიცშე რომ ნარვალი ყოფილიყო

22,95 

ნიცშე ფიქრობდა, რომ ცხოველები სიამოვნებასა და ტანჯვას ისევე ღრმად არ განიცდიან, როგორც ჩვენ, რადგან მათ ინტელექტი არ აქვთ. ნიცშეს ცხოვრება კი გვასწავლის, რომ მეტისმეტად ღრმა აზროვნება სულაც არაა ყოველთვის სასარგებლო.

როგორც ნიცშე ამბობდა, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მის არსებობას რაღაც მიზანი აქვს, თუმცა, ამგვარ ხედვას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ცხოველებს მიზეზშედეგობრივი დასკვნების გამოტანა არ სჭირდებათ, რადგან ისინი ასოციაციური განსწავლის ძალას ფლობენ – მაგალითად, მტრედები უკეთესი რადიოლოგები არიან მათი ასოციაციური განსწავლის უნარის დამსახურებით.

რა არის ინტელექტი? რა არის კარგი ადამიანის ინტელექტში? რა მოხდებოდა, ნიცშე რომ უფრო მარტივი ცხოველი ყოფილიყო? რა მოხდებოდა, მას რომ ყოფიერების არსზე დაფიქრება არ შესძლებოდა? არის თუ არა ჩვენი გონება ევოლუციის საბოლოო მიღწევა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხით, მეცნიერი ჯასტინ გრეგი ამტკიცებს, რომ ყველა ცხოველს აქვს ცნობიერება და სუბიექტური გამოცდილება; ისინი აღიქვამენ დროს და სახავენ სამომავლო გეგმებს, თუნდაც ეს გეგმები რამდენიმე წამს მოიცავდეს.

ძველი დედაქალაქი

17,95 

იასუნარი კავაბატა — პირველი იაპონელი ავტორია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. თავდაპირველად მხატვრობაზე მეოცნებე კავაბატა მწერლობის გზას 12 წლის ასაკში დაადგა და იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთ უმთავრეს ხმად იქცა.
„ძველი დედაქალაქი“ ავტორის ყველაზე ლირიკულ და პოეტურ რომანად ითვლება. კავაბატა ნატიფი, თითქმის მუსიკალური ენით აღწერს ტრადიციებისა და ბუნებრივი ჰარმონიის თანდათანობით გაქრობას თანამედროვე იაპონიაში — მტკივნეულ პროცესს, რომელსაც თითოეული პერსონაჟი დიდი სიფაქიზით და ღრმა სევდით ეხება.
კიოტოში, ძველ დედაქალაქში, ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი — ჩიეკო, რომელიც ბავშვობაში ტაძართან მიტოვებული იპოვეს და იშვილეს. მისი ცხოვრება, ერთი შეხედვით, ჰარმონიულია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად ჩიეკო თავის ტყუპისცალს გადაეყრება. ეს შეხვედრა ჩიეკოს აიძულებს, თავისი წარსული, იდენტობა და მთელი სამყარო ხელახლა გადააფასოს

დღეთა ქაფი

20,95 

ბორის ვიანი მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ყველაზე უჩვეულო ავტორია. მისი ეს რომანი კი – სიურრეალიზმის, ტრაგედიისა და სიყვარულის სრულყოფილი სინთეზი. როგორც რემონ კენო ამბობდა, “დღეთა ქაფი” სიყვარულზე დაწერილ თანამედროვე რომანებს შორის ყველაზე მეტად მოგიკლავთ გულს.
ახალგაზრდა კლოეს შეძლებული და მიმზიდველი კოლენი უყვარდება და ეს, ერთი შეხედვით, მხიარული ამბავი სიყვარულზე, თვალსა და ხელს შუა, დიდ და უცნაურ ტრაგედიად გარდაიქმნება.

არანაკლებ საინტერესონი არიან რომანის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ჟან სოლ პარტრის (ჟან პოლ სარტრის პაროდია) ხელნაწერებისა და ჩიბუხისგან ამომწვარი შარვლების შემგროვებელი შიკი; ნიკოლა, რომელიც საეჭვოდ ჰგავს პ.გ. ვუდჰაუსის პერსონაჟ ჯივზს; სამზარეულოს თაგვები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ მზის სხივების ონკანზე შეხების ხმა…
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მარტივ, მეტიც, ბანალურ სასიყვარულო ისტორიასთან გვაქვს საქმე, “დღეთა ქაფი” ეპოქალური ტექსტია, რომელიც სიურრეალისტური სიმსუბუქით ანეიტრალებს ცხოვრების სიმძიმეს.

ინგლისელი პაციენტი

22,95 

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავია. მაიკლ ონდააჩი (1943) შრილანკური წარმოშობის კანადელი რომანისტი და პოეტია. „ინგლისელი პაციენტი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. სწორედ ამ რომანისთვის მიენიჭა ონდააჩის ბუკერის პრემია. „ინგლისელი პაციენტი“ კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

ნოტრ-დამ-დე-ფლერი

22,95 

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (Notre-Dame-des-Fleurs — ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. ეს პოეტური და გროტესკული ტმარგინალი, შეშლილი, მამათმავალი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. პირველ პირში დაწერილი რომანი უსიუჟეტოა. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს.

კირჩხიბის ტროპიკი

22,95 

„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს.

ოთხი თანხმობა

14,95 

სამყაროს შესახებ არსებულ რწმენებსა და წარმოდგენებს ბავშვობიდანვე ვნებდებით – მაშინ, როცა მათზე თანხმობას ვაცხადებთ. ჩვენს გონებას სწორედ წარმოდგენების ეს სისტემა მართავს, ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას კი გამბედაობა სჭირდება. დონ მიგელ რუიზი, ცნობილი სულიერი მოძღვარი და ტოლტეკური ტრადიციის მემკვიდრე მკითხველს ტოლტეკური სიბრძნის საიდუმლოებებს უზიარებს. რუიზის მიერ შემოთავაზებული ოთხი ახალი თანხმობა დაგანახებთ, რომ ჭეშმარიტებას მიგნება არ სჭირდება, სინამდვილეში, ისე ხელის ერთ გაწვდენაზეა.

ძენი: მარტივი ცხოვრების ხელოვნება

17,95 

სიმშვიდის მოსაპოვებლად არც იაპონიის უძველეს დედაქალაქებში ჩასვლაა აუცილებელი, არც ფუჯის მთაზე ასვლა და არც ოკეანის პირას გადასახლება. სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას საერთოდაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.

კოხტად დააწყვეთ გახდილი ფეხსაცმელები; მოიშორეთ ის, რაც არ გჭირდებათ; იპოვეთ თქვენი საყვარელი სიტყვები; მოიდუღეთ გემრიელი ყავა, ღრმად ამოისუნთქეთ…

ეს წიგნი სწორედ ამაზეა: მარტივ ცხოვრებაზე – ძენის სტილზე. პასუხები, რომლებსაც ეძებთ, აქ არის.

ქუჩის ბიჭები

21,95 

ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) „ქუჩის ბიჭები“ 1956 წელს გამოვიდა და ერთბაშად დაიპყრო მკითხველი, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს.

რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდეგ დროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა და ამისთვის ისინი არაფერს ერიდებიან…

შვიდი კუნძულის ფრეია

14,95 

პოლონელ არისტოკრატ თეოდორ იუზეფ კოჟენევსკის, რომლისთვისაც ინგლისური მესამე ენა იყო მშობლიური პოლონურისა და ფრანგულის შემდეგ, მსოფლიო ჯოზეფ კონრადის (1857-1924) სახელით იცნობს. ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის რომანი „შვიდი კუნძულის ფრეია“ სიყვარულის, ერთგულებისა და გარემოებების საბედისწერო დამთხვევის ამბავია, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ხდება. დანიელი მეზღვაურის ქალიშვილის – ფრეია ნილსენის ირგვლივ დრამატული მოვლენები ვითარდება. კაცებს, რომლებსაც ის უყვართ, ადამიანური სისუსტეები და ახირებები ხელს უშლით მომხდარისა თუ მოსახდენის სწორად შეფასებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ გმირს თავისი სიმართლე აქვს, რის გამოც უჭირს მთლიანი სურათის დანახვა – თვალის გასწორება უბრალო ჭეშმარიტებისთვის.

ახალი ფილოსოფიის მოკლე კურსი დეკარტიდან ვიტგენშტაინამდე

22,95 

ბრიტანელი ფილოსოფოსისა და მრავალი წიგნის ავტორის როჯერ სკრუტონის (1944 – 2020) „ახალი ფილოსოფიის მოკლე ისტორია“ ვრცელ პერიოდს მოიცავს და მასში წარმოდგენილია დასავლური ფილოსოფიის ყველა მთავარი მოაზროვნე, დეკარტით დაწყებული და ვიტგენშტაინით დამთავრებული. ავტორი განიხილავს დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, ჰობსის, ლოკის, ბერკლის, ჰიუმის, კანტის, ჰეგელის, შოპენჰაუერის, კირკეგორის, მარქსის, ნიცშეს, მილის, ფრეგეს, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, ვიტგენშტაინის, ასევე სხვათა მოსაზრებებს და აცნობს მკითხველს ძირითად იდეებსა და არგუმენტებს, რომლებმაც განაპირობა თანამედროვე ფილოსოფიის ჩამოყალიბება. „მოკლე ისტორია“ დიდებული გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ფილოსოფიის ისტორიით ან ზოგადად ამ საგნითაა დაინტერესებული.

ბრმა მკვლელი

34,95 

რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) 2000 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა, ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი იმავე წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა და 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი ნაწარმოების სიაში შეიტანა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს ჰგავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია…

ევროპის დაბადება

24,95 

ევროპის დაბადება – ამ საეტაპო ნაშრომში ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი მედიევისტი ჟაკ ლე გოფი თანამედროვე ევროპის წარმოშობის საფუძვლებს იკვლევს. ავტორი, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ცვლილებების შესახებ ისტორიული წყაროების ანალიზსა და ღრმა განსჯაზე დაყრდნობით გვიხსნის, როგორ ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებიდან თანამედროვე ევროპის სტრუქტურები და მახასიათებლები.

ლე გოფი სიღრმისეულად განიხილავს ევროპული კონტინენტის ათსაუკუნოვან პერიოდს: ინსტიტუციების, იდეებისა თუ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობას, რამაც დღევანდელი ევროპის არსი და რაობა განაპირობა.

ისტორიისა და პოლიტიკური რეფლექსიის გამაერთიანებელი ამომწურავი ნაშრომი საშუალებას გვაძლევს, წარსულის პრიზმაში გავიაზროთ ევროპული სამყაროს განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გამოწვევები.

მუცალი

24,95 

გივი მარგველაშვილი (1927 – 2020) – მწერალი, ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი – დაიბადა 1927 წელს ბერლინში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მამა, ტიტე მარგველაშვილი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი იყო. ის ბერლინის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ქართულ ემიგრაციას ედგა სათავეში. 1946 წელს მამა-შვილი მარგველაშვილები საბჭოთა სპეცსამსახურმა მოიტაცა. მამა იმავე წლის შემოდგომაზე დახვრიტეს, ხოლო შვილი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს. გივი მარგველაშვილი წლების მანძილზე ასწავლიდა გერმანულ და ინგლისურ ენებს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, ხოლო 1971 წლიდან გერმანიაში დაბრუნებამდე მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა.

რომან „მუცალს“ უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებთა შორის. ეს თხზულება 1991 წელს დაიბეჭდა გერმანიაში, ხოლო მისი ქართული თარგმანი 2001 წელს გამოიცა. რომან „მუცალისათვის“ ამოსავალ ტექსტებად იქცა „მერანი“ და „ალუდა ქეთელაური“.

სირცხვილი

21,95 

ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება.

სუნამო

21,95 

„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი, ჟან-ბატისტ გრენუი, უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია, ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.

პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება

17,95 

გერმანელი სოციოლოგის მაქს ვებერის (1864-1920) „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება“ 1905 წელს გამოიცა და რელიგიური სოციოლოგიის ფუძემდებლურ ნაშრომად არის მიჩნეული. ვებერი იკვლევს და ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას: რატომ განვითარდა მოდერნული კულტურა დასავლეთ ევროპაში და არა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში და როგორ ყალიბდებოდა შრომის ეთიკა საუკუნეების განმავლობაში. ამ კითხვაზე პასუხს ის დასავლურ რაციონალიზმში ეძებს და შესაბამისად, დასავლური რაციონალური აზროვნების თავისებურებებს იკვლევს. ვებერის თვალსაზრისით, პროტესტანტულ ეთიკასა და კაპიტალიზმს შორის მჭიდრო კავშირია. პროტესტანტული, შესაბამისად, კალვინისტური მხოფლმხედველობა და კაპიტალის დაგროვების კაპიტალისტური პრინციპი, ისევე როგორც მოგების რეინვესტიცია, ინდუსტრიალიზაციის საფუძვლად ჩამოყალიბდა.

ეკონომიკის მოდერნულ ეთოსსა და ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალურ ეთიკას შორის კავშირის კვლევა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა. ავტორი ამტკიცებს, რომ კაპიტალის მფლობელებს, უმეტესად, პროტესტანტები წარმოადგენდნენ, კათოლიკეები კი, რომლებიც ჰუმანიტარულ განათლებას ანიჭებდნენ უპირატესობას, გერმანიის შრომით საქმიანობაში ნაკლებად იღებდნენ მონაწილეობას. ავტორის მიზანი კულტურის ყოვლისმომცველი ანალიზი არ გახლავთ, მისი კვლევის საგანი გარკვეული რელიგიური და ეკონომიკური პირობების თანხვედრაა.

მორალური წერილები ლუკილიუსს

17,95 

„მორალური წერილები ლუკილიუსს“ ცნობილი რომაელი ფილოსოფოსის, პოეტის, სახელმწიფო მოღვაწის, სტოიციზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ლუციუს ანეუს სენეკას (ძვ. წ. 4 – ახ. წ. 65) ნაშრომია. რომის იმპერიის ცნობილი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის, ლუკილიუს უმცროსისადმი გაგზავნილი წერილები ზნეობის საკითხებს ეხება. ავტორი მსჯელობს მეგობრობის, კეთილშობილების, თავისუფლების, სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ; გვთავაზობს რჩევებს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა; ხსნის, რა არის ფილოსოფია და რას მატებს ის კაცთა მოდგმას.

სამი ქალი

16,95 

რობერტ მუზილი (1880 – 1942) იმ მწერალთა რიცხვს არ ეკუთვნოდა, რომლებიც ზურგს აქცევენ რეალურ სამყაროს წარმოსახვითის გულისთვის. მწერლის მიზანი არასდროს ყოფილა გამაბრუებელი, ლამაზი ფიქციის შექმნა, მკითხველს მახინჯ სინამდვილეს რომ გადაავიწყებდა. პირიქით, მუზილი თვლიდა, რომ ლიტერატურა ადამიანთა სულიერ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.

უხილავი ქალაქები

16,95 

იტალო კალვინოს (1923 – 1985) „უხილავი ქალაქები“ ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია მარკო პოლოს წარმოსახვითი საუბრები ყუბილაი ყაენთან. სახელგანთქმული მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუწერს ყაენს და ქმნის ფანტასტიკურ სურათებს უცნაური ქალაქებისა, სადაც ქუჩები კალითაა მოკირწყლული, შენობებს ვერცხლის გუმბათები ამშვენებს, სასახლეებს კი ზღვის ნიჟარებით ინკრუსტირებული ხვეული კიბეები აქვს, სადაც გარეგნობითა თუ ქცევით უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა თვისებებით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან.