შიდა სამზარეულო

30,90 

25 წლის წინ „შიდა სამზარეულოს“ გამოცემას დიდი ხმაური მოჰყვა. ავტორს არც კი უცდია მკითხველის მადის დანდობა და ყველაფერი გამოამზეურა, რაც კი სამზარეულოს კარს მიღმა ხდება. დღეს უკვე საკულტო ნაწარმოები მაშინვე იქცა ბესტსელერად და დღემდე ინარჩუნებს წარმოუდგენელ პოპულარობას. შესაძლოა, კულინარია ვიღაცისთვის მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ „შიდა სამზარეულო“ მკითხველისთვის ის კერძია, რომელიც თავის გემოს არასდროს დაგავიწყებს.

ამერიკელმა შეფმა, მწერალმა და სამოგზაურო დოკუმენტალისტმა ენტონი ბურდეინმა, რომელიც საერთაშორისო ვარსკვლავად იქცა თავისი ტელეშოუების, დოკუმენტური ფილმებისა თუ ლიტერატურის საშუალებით, კულინარია სოციალური დაკვირვების, ანთროპოლოგიური კვლევისა თუ ფილოსოფიური განსჯის მედიუმად აქცია. მისი ტექსტები ისეთივეა, როგორიც თვითონ იყო – გონებამახვილური, დაუღალავი და ბასრი.

მოკლე ინტერვიუები ამაზრზენ კაცებთან

29,90 

ამ კრებულით დევიდ ფოსტერ უოლესი უშიშრად და სრული თავდაჯერებით არღვევს მხატვრული ლიტერატურის ყველა შესაძლო საზღვარს. წიგნის სათაური თითქოს საკმარის მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ ის ბევრად მეტია – მის ყველა კუთხეში აბზაცებს შორის ჩამალულ მოულოდნელობებს ვაწყდებით.

მოკლე ინტერვიუებში დახატული „ამაზრზენი“ პორტრეტები ხშირად ძალიან ნაცნობია და ფამილარულისა და გამაოგნებლის ზღვარზეც გადის. აღსარებითი გულწრფელობით გამოძერწილი უზუსტესი დეტალები ზომიერადაა გაზავებული ავტორის იუმორით, რაც ტექსტებს დამატებით გემოს სძენს. ის, რასაც ფოსტერ უოლესი ამ კრებულით აღწევს, დიდი მწერლის ნიჭისა და შესაძლებლობების სრულყოფილი გამოვლინებაა, რომელიც მკითხველისთვის რთული, მაგრამ შეუდარებელი საჩუქარია.

„და ისიც არასოდეს მოსვლიათ აზრად, რომ, საკუთარი განსხვავებულობის ასე რომ სჯერათ, მაგიტომაც არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან.“

შეცვლის ნება : კაცები მასკულინობა და სიყვარული

20,90 

პატრიარქატი ბოროტებაა, რომელსაც სიყვარულით თუ დავამარცხებთ – ეს არის ამ წიგნის მთავარი დებულება, რადგან ადამიანი თავისთავად არის ღირებული და არა იმ როლებისთვის, რომლებსაც ასრულებს ან უნდა ასრულებდეს.

ჩვენი საუკუნის გარიჟრაჟზე დაწერილი ეს ტექსტი ინტერსექციური ფემინიზმის ნიმუშია. ის გვეუბნება, რომ პატრიარქატი ყველანაირ სოციალურ ქსოვილში კი არის გამჯდარი, თუმცა მისი ბუნება კულტურიდან კულტურამდე და ათწლეულიდან ათწლეულამდე იცვლება. ამიტომაც არის, რომ კითხვისას რაღაც გვეცნობა და გულს გვტკენს, რაღაც კი უცხოდ ან გადალახულად გვეჩვენება და შვებას გვგვრის.

ეს წიგნი ბეწვის ხიდზე გავლის ფენომენალური მაგალითიცაა. ამერიკელი ბელ ჰუკსი ყველა სქესის, გენდერისა თუ პოლიტიკური მრწამსის მკითხველის განაწყენებას რისკავს და როგორღაც, საბოლოოდ, ყველას გადმობირებას ახერხებს. ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ როლი, რომელსაც ქალები პატრიარქალური კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაში თამაშობენ, რათა პატრიარქატი ქალებისა და კაცების მიერ თანასწორად მხარდაჭერილ სისტემად ვაღიაროთ, იმის მიუხედავად, რომ ამ სისტემით კაცები მეტად ხეირობენ. პატრიარქალური სისტემის ჩამოშლა და შეცვლა ის სამუშაოა, რომელიც კაცებმა და ქალებმა ერთად უნდა შეასრულონ.

დილა და საღამო

14,90 

იბადება ბავშვი, რომელსაც იუჰანესს დაარქმევენ. კვდება მოხუცი, სახელად იუჰანესი. იუნ ფოსე ამ ორ მოვლენას შორის მოქცეულ მთელ ცხოვრებას განიხილავს, თუმცა ეს განსჯა უკიდურესად დაწურულია. იწყებს იუჰანესის მამის ფიქრებით, რომლებიც მშობიარე ცოლს დასტრიალებს და ასრულებს იოჰანესის ფიქრებით ერთ დღეს, როცა ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის, მაგრამ, ამავდროულად, სრულიად განსხვავებულად. „დილა და საღამო“ არის რომანი მშვენიერ ოცნებაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს.

პარადაისი

16,90 

„პარადაისი“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე ავტორის მიერ შექმნილი შემზარავი პროზის ნაკადია. ფერნანდა მელჩორი იკვლევს მექსიკური საზოგადოების სახიფათო სიმყიფეს, რომელსაც მუდმივად ემუქრება რასობრივი, კლასობრივი და ძალადობის პრობლემები.

მდიდრულ დასახლებაში ორი თინეიჯერი საღამოობით ჩუმ-ჩუმად თვრება. ფრანკო ანდრადე მარტოსული, ჭარბწონიანი და პორნოზე დამოკიდებულია. შეპყრობილია მეზობლის შეცდენის ფანტაზიებით. მეზობელი მომხიბლავი ქალია, პარადაისში ქმარშვილთან ერთად ცხოვრობს.

დაქანცულ პოლოს კი უნდა მებაღეობას შეეშვას და თავი დააღწიოს აუტანელ დედასა და ნარკოტრაფიკერების მიერ დაპყრობილ
სოფელს. ორივეს უწევს გაიაზროს, რომ ვერ მიიღებენ, რაც მათ ჰგონიათ, რომ ეკუთვნით, და მზაკვრულ გეგმას დასახავენ.

„ლაკონიურობის შედევრი… „პარადაისი“
ლაბირინთული მონოლოგია თანამედროვე თინეიჯერის ბანალურ ძალადობრიობაზე. “
ვირჟინი დეპანტი

მწერალი და ჟურნალისტი ფერნანდა მელჩორი 1986 წელს მექსიკის ქალაქ ვერაკრუსში, კრიმინალითა და ძალადობით გაჟღენთილ გარემოში დაიბადა.
ამ ფაქტმა მწერლის მიერ ადამიანური ძალადობის კვლევა განაპირობა, რასაც როგორც მსხვერპლის, ისე დამნაშავის პერსპექტივიდანაც უდგება.

თამაში გრძელდება

20,90 

„თამაში გრძელდება“ – მერაია უაიეთი განქორწინებული და მეგობრებისგან იზოლირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც სრულიად დაცლილია სურვილებისა და მოტივაციისგან. იგი იმ თაობის ტიპური განსახიერებაა, რომელიც ჭარბმა თავისუფლებამ დააავადა და ემოციებისგან განძარცვა.

ჯოან დიდიონის ეს პატარა რომანი გვიანდელი 60-იანი წლების ამერიკული ცხოვრების წესს აშიშვლებს და მთელი თაობის განწყობას წარმოგვიდგენს: საზოგადოება გაბეზრებულია,
მოწყენილია, იმედგაცრუებულია, რაზეც ავტორი მკითხველს დაუნდობლად მოუთხრობს.

მოქმედება ვითარდება კარგისა და ცუდის მიჯნაზე – ჰოლივუდში, ლას ვეგასსა და მოჰავეს უდაბნოს მწირ ხრიოკებში, რაც წიგნის ხასიათსაც ძერწავს და მონათხრობსაც ჰმატებს სიმძაფრეს. გამოსვლიდან ამდენი წლის შემდეგაც წიგნი უკიდურესად შეგრძნებითია, რაც მერაია უაიეთის ამბავსა და კრიზისში აღმოჩენილი ნაღები საზოგადოების ჯურღმულში გვექაჩება და გვითრევს.

„რატომაა იაგო ბოროტი? – იკითხავს ზოგი.
მე ამ კითხვას არასოდეს ვსვამ“