სულაკაურის გამომცემლობა
- არ შეგიძლიათ ამ რაოდენობის დამატება კალათაში — ჩვენ გვაქვს მხოლოდ 1 ცალი, ხოლო თქვენ გსურთ 1 ცალი. კალათის ნახვა
უაინსბურგი, ოჰაიო
19,90 ₾XX საუკუნის ამერიკული მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შერვუდ ანდერსონი (1876-1941 წწ), კლივლენდის მახლობლად, ოჰაიოს პატარა ქალაქ კემდენში დაიბადა და ადრეული ასაკიდანვე ეზიარა ამერიკული პროვინციის ცხოვრებას, რაც შემდგომში მისი ლიტერატურული შემოქმედების საფუძველი გახდა.
ანდერსონს ეკუთვნის რვა რომანი, ნოველების ოთხი ციკლი, პოეზიის ორი კრებული და თორმეტ წიგნში გაბნეული უამრავ ესე, თუმცა, ლიტერატორების აზრით, ვერცერთი ვერ შეედრება `უაინსბურგი, ოჰაიოს~ მნიშვნელობითა თუ მხატვრული ღირებულებით; ვერც – გავლენით, რაც ამ წიგნმა ამერიკული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე მოახდინა; გავლენა კი იქონია ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი, თომას ვულფი და სხვები.
„უაინსბურგი, ოჰაიოს” დაკვირვებულ მკითხველს დარჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად მასში მოთხრობილი მრავალი ამბისა, ანდერსონი მაინც დეტალების, ნიუანსების მწერლად რჩება. ის ქმნის დახვეწილ, ფილიგრანულ ქსოვილს, სადაც ყველა ელემენტი თავის ადგილზეა და ერთ მთლიანობად აღიქმება. მწერლის ოსტატობა ვლინდება მის უნარში, გააერთიანოს ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები – თანაგრძნობა და კრიტიკული დისტანცია, სიმპათია და ირონია, პოეტური ლირიზმი და მკაცრი რეალიზმი. რიტმულობა, ყურადღება დეტალებისადმი, უნარი, შეაღწიოს არსებული რეალობის სიღრმეებში, ქმნის ფერების, სუნების, ხმებისა და ტექსტურების უნიკალურ ნაზავს.
მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, „უაინსბურგი, ოჰაიო” აღმოჩენად იქცევა თანამედროვე მკითხველისთვისაც, რომელიც ყოველ ეპოქაში ეძებს ცხოვრების რეალისტურ და გულწრფელ ასახვას.
რომაული ცივილიზაცია
25,90 ₾„შენ, რომაელო, გახსოვდეს, გმართებს ხალხთა მართვა, ეს არის შენი ხელოვნება.“
ვერგილიუსი, „ენეიდა“
რომი დღემდე იპყრობს ადამიანების ყურადღებას როგორც კაცობრიობის ყველაზე შთამბეჭდავი იმპერია და ევროპული ცივილიზაციის დასაბამი. ის არ კარგავს აქტუალობას და ყველა ეპოქისთვის თანამედროვედ და საინტერესოდ გამოიყურება.
რისმაგ გორდეზიანის და გიორგი უგულავას წიგნი რომაულ ცივილიზაციას აღწერს მთელი მისი მრავალფეროვნებით და სიდიადით. წიგნში განხილულია როგორც რომის ისტორია, კულტურა და კავშირები კავკასიასთან, ასევე წარმოდგენილია რომის ყოველდღიურობა და სოციალური ყოფა – გზებით და არქიტექტურით დაწყებული რომაული კულინარიით და ღამის ცხოვრებით დასრულებული.
სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი „რომაული ცივილიზაცია“ განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის და საინტერესოა როგორც რომის მკვლევრებისათვის, ასევე უბრალოდ ამ სამყაროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ეს არის პირველი ქართულენოვანი წიგნი რომაული ცივილიზაციის შესახებ.
შავი ჭირის ღამეები
29,90 ₾გამოგონილი კუნძული – მინგერი – დაშლის პირას მყოფი ოსმალეთის იმპერიის ნაწილია და სადღაც, კრეტასა და კვიპროსს შორის მდებარეობს. მისი მოსახლეობა თითქმის თანაბრად იყოფა მუსლიმ თურქებად და მართლმადიდებელ ბერძნებად. გემი „აზიზიე“ კუნძულის პორტში შესასვლელად ემზადება იმისათვის, რომ კუნძულზე ოსმალეთის იმპერიის მთავარი სანიტარიული ინსპექტორი – ბონკოვსკი ფაშა გადასვას, რომელსაც მინგერში მოსალოდნელი შავი ჭირის ეპიდემიის თავიდან აცილება ევალება. გემით სულთან აბდულჰამიდის ძმისშვილი, ახლად დაქორწინებული ფაქიზე სულთანი და მისი მეუღლე – ექიმი ნურიც მოგზაურობენ. როდესაც სულ ცოტა ხანში მინგერის კუნძულზე ბონკოვსკი ფაშას კლავენ, ექიმი ნური იძულებული ხდება, მისი მისიის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს.
ნობელის პრემიის ლაურეატის, თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის ნაწილობრივ დეტექტივის, ნაწილობრივ რომანის ფორმით დაწერილი ისტორიული ამბის, „შავი ჭირის ღამეების“ თემები – ნაციონალიზმი, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტი, იმპერიის ნგრევა, პანდემიის პოლიტიკური შედეგები – საოცრად ეხმიანება თანამედროვე სამყაროს პრობლემებს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს მათზე.
ლუბლინელი მაგი
19,90 ₾რომანის მოქმედება ხდება XIX საუკუნის ბოლოს პოლონეთში – ლუბლინსა და ვარშავაში. მთავარი გმირი, იაშა მაზური მაგია – პოლონეთში სახელგანთქმული მეფოკუსე, აკრობატი, ცხოველების მწვრთნელი, ჰიპნოტიზიორი. მას შეუძლია სხვისი აზრების კითხვა, ნებისმიერი საკეტის გაღება, კედელში გავლა… პოლონელ ებრაელთა თემში გაზრდილი იაშა, რომელიც მისი თანამედროვე დასავლური მეცნიერებისა და ცოდნის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენს, მუდმივად ორჭოფობს და ორ სამყაროს შორის იხლიჩება.
ერთ დღესაც ქალების გულთამპყრობელი მაგი გადაწყვეტს, რომ უფლის მცნება დაარღვიოს და თავისი ტალანტი ბოროტებას – ქურდობას მოახმაროს. მაგრამ მისცემს კი ბედისწერა ამის საშუალებას?
ისააკ ბაშევის ზინგერი (1904-1991) პოლონურ-ებრაული წარმოშობის დიდი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატია (1978). „ლუბლინელი მაგი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანია და იდიშენოვანი ლიტერატურის გამორჩეულ ნაწარმოებადაა მიჩნეული.
კიშოტი
30,90 ₾წიგნში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეიძლება, ბომბეიდან ლონდონამდე და ნიუ იორკამდე წარმოსახვითი გვირაბი გათხარო, გამოიარო, ბავშვობის მოგონებების ნაწილი თან წამოიღო, ზოგი კი უკან მოიტოვო ან, სულაც, ნაღმებივით გზადაგზა მიმოფანტო – ერთ დღესაც თავადვე რომ დაადგა არეული ფეხი.
შეიძლება, ვარსკვლავებს მინდობილმა ნატვრა ჩაუთქვა და ჯეპეტოს ახალი სადარდებელი გაუჩინო – საკუთარი წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილებისა და სიყვარულის საიდუმლოს მაძიებელი არსება.
შეიძლება, ერთდროულად ორი ადამიანიც იყო – მარადიული ღიმილით სახედადაღული მოხეტიალე მოხუცი ან ჯაშუშური რომანების ავტორი „დონ კიხოტეს“ გადაწერის ამბიციითა და თავის პერსონაჟზე არანაკლები ნაღმებით ფეხქვეშ.
პერსონაჟების კვალდაკვალ ამ გვირაბს კიდევ ერთხელ გაივლის სალმან რუშდი, რომელმაც თხრა მრავალი წლის წინ დაიწყო, უამრავ ნაღმზე გაიარა, სამყარო ორივე თვალით შეისწავლა და მიხვდა – შესაფასებლად ერთიც იკმარებდა.
ალასკა
12,90 ₾ამ წიგნს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – ცამეტი წლის თანაკლასელები: სვენი და პარკერი. ამბავსაც ორივე ჰყვება, რიგრიგობით. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ერთი რამ აკავშირებთ – ალასკა, თეთრბეწვიანი რეტრივერი. პარკერი აღმოაჩენს, რომ მისი საყვარელი ძაღლი, რომელიც ერთი წლის წინ ოჯახმა გააჩუქა, ახლა სვენთან ცხოვრობს და ძალიან გაბრაზდება. არადა სვენი ერთი უცნაური ბიჭია. მან მხოლოდ იმით გაითქვა სახელი, რომ ეპილეფსიის შეტევები ემართება. უფრო მეტიც, სვენს ალასკა სულაც არ უყვარს, მისთვის ის უბრალოდ მეთვალყურე ცხოველია.
ამიტომ პარკერი გადაწყვეტს, რადაც უნდა დაუჯდეს, თავისი ძაღლი დაიბრუნოს, რაც არც ისე იოლია.
ვის დარჩება ძაღლი? – ვისაც უფრო უყვარს თუ ვისაც უფრო სჭირდება? ალასკა თვითონ ირჩევს…
ეს გულისამაჩუყებელი ამბავი, ისევე, როგორც „საოცრების“ ყველა წიგნი, მოზარდებს უანგარო მეგობრობასა და თანაგრძნობაზე აფიქრებს.
ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია
19,90 ₾რუსეთის სახელმწიფო – ჯალათი, რომელიც კლავს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, თვით ადამიანებს, საღ აზრს, სიმართლეს, სიყვარულსა და ყოველივე საკაცობრიო სიკეთეს; კრემლის მზაკვრულმა, ბოროტმა სისტემამ ჩამოაყალიბა სამყარო, სადაც „ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია“. ეს ნაწარმოები გამაოგნებელი პორტრეტია თანამედროვე რუსეთისა, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პროდიუსერმა და რეჟისორმა პიტერ პომერანცევმა ამ ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნა. წიგნში დიდი ოსტატობით, დახვეწილი, გონებამახვილური სტილით მოთხრობილი ამბები მათთვისაც კი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, ვისაც საბჭოთა იმპერიაში უცხოვრია, რადგან დღევანდელი რუსეთი საყოველთაო კორუფციაში, ძალადობაში, სიცრუეში, გამომათაყვანებელ პროპაგანდაში ჩაფლული უნუგეშო ადგილია. აქ ადამიანის პიროვნულ მთლიანობას სისტემა ხლეჩს: სიურრეალისტურ გარემოში არსებობენ მოძალადე „ჯოჯოხეთის ანგელოზები“, რომლებსაც თავი მესიად წარმოუდგენიათ, პროფესიონალი მკვლელები რომანებს წერენ, ხელოვანები კრემლის მეთოჯინეებად ქცეულან, ნებადართულ ტოტალურ სექტებს თავიანთი მიმდევრები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, ოლიგარქების ქონება კი თვით პრეზიდენტის საკუთრებაა. რუსეთი მსოფლიო წესრიგს ახალ, სრულიად არაორაზროვან გამოწვევას უგზავნის და განუწყვეტლივ ემუქრება. მთელი ამ თვალთმაქცური, დამღუპველი პროცესის წარმმართველი ძალა კი ტელევიზიაა, რომელიც უზარმაზარი ქვეყნის ცნობიერებას კრემლის ნებით მართავს და პოლიტიკურ-ეთნიკურ ვაკუუმს ქმნის.
ვეგეტარიანელი
14,90 ₾ჰან კანგი 1970 წელს დაიბადა სამხრეთ კორეაში, ლიტერატურულ ასპარეზზე კი 1993 წელს გამოვიდა პოეტური ნაწარმოებებით. რომანი „ვეგეტარიანელი“ 2007 წელს გამოქვეყნდა კორეაში, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და 2016 წელს ბუკერის პრემიის გამარჯვებული გახდა, რამაც ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
2024 წელს კანგმა ნობელის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში „მძაფრი, პოეტური პროზისთვის, რომელიც თამამად უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და დაუნდობელი გულახდილობით საუბრობს ადამიანურ სიმყიფეზე“. ის გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა.
„ვეგეტარიანელი“ მოგვითხრობს ქალზე, სახელად იონგჰეზე, რომელიც ქმართან ერთად მიჰყვება არაფრით გამორჩეული ცხოვრების მდორე დინებას, სანამ ერთ ღამეს კოშმარული ზმანება ეწვევა. საზარელი ხილვებისგან გასათავისუფლებლად ქალი ერთბაშად გადაწყვეტს, ხორცის ყოველგვარი პროდუქტი თავიდან (და სახლიდან) მოიშოროს. იონგჰეს ეს გადაწყვეტილება მისი გარშემომყოფების მიერ გაუგებარ ამბოხად ფასდება, თუმცა ამბავი სცდება ერთი ქალის მიერ ხორცის აკრძალვის გამო შექმნილ დისკომფორტს – რომანი, რომელსაც ბევრი კაფკას „გარდასახვას“ ადარებს, სამი ნაწილისგან შედგება და სამი განსხვავებული თვალთახედვით მიჰყვება იონგჰეს გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული მოვლენების უცნაურ ჯაჭვს. ავტორი უხერხულობამდე მისული გულახდილობით აშიშვლებს ადამიანის ბრუტალურ ბუნებას, სიმყიფისა და ძალადობის უცნაურ ტანდემს; ეძიებს საკუთარ სხეულთან დაპირისპირების, ეროტიზმის, რეალობის უარყოფის ღრმად მიმალულ საწყისებს.
პერუს დღიური
13,90 ₾„პერუს დღიურის“ დიდი ნაწილი ეთმობა ლათინოამერიკულ ლიტერატურას, რომელიც ავტორის თანმდევია სელვას ჯუნგლებიდან (ამაზონიის მზისგან მიუწვდომელი დაბლობი), ზღვის დონიდან 4600 მეტრზე მდებარე აუსაგანტას ტბებამდე მოგზაურობისას. მის მიმოხილვაში ხვდებიან სარმიენტო, ოტერო სილვა, როა ბასტოსი, არგედასი და ქართველი მკითხველის უმეტესობისთვის ჯერაც უცნობი სხვა ავტორები.
ამ დიდი ლიტერატურის წამყვანი თემები – რევოლუცია, წინააღმდეგობა და სასოწარკვეთა არჩილ ქიქოძის მონათხრობს რეფრენად გასდევს. ავტორის ფიქრი ვერ სცილდება ოჯახსა და მეგობრებს. მოგზაურობის პარალელურად, 2024 წლის დეკემბერში, თბილისში დემონსტრანტებს საპოლიციო ძალები გადამეტებული სისასტიკით უსწორდებიან. თითქოს მათთან არყოფნის საკომპენსაციოდ, სელვას ჯუნგლებში ხეტიალისას, თავადაც ხიფათში აღმოჩნდება.
წიგნი ხიფათიანი მოგზაურობის გულახდილ სურათთან ერთად მარიო ვარგას ლიოსასთან გამოსამშვიდობებელი ელეგიაცაა, მასთან საბოლოო გამოთხოვება.
ლიტერატურული მიმოხილვის პარალელურად, მკითხველის თვალწინ იშლება პერუს ფლორისა და ფაუნის საოცარი მრავალფეროვნება: ჰუაკაჩინას ოაზისი, სალკანტაის მარშრუტი, არეკიპას „თეთრი ქალაქი“, სელვას ხაფანგივით ჯუნგლები, სადაც ავი სული „ჩულია ჩაკი“ ბინადრობს; მთისა და ტყის ფრინველები: ჰოაცინი, კარაკარა, ანდური კლდის მამალი, და „ნატურალისტებისთვის საოცნებო“ ბევრი სხვა სახეობა.
მეორე სქესი- ცხოვრებისეული გამოცდილება (წიგნი მეორე)
29,90 ₾„მეორე სქესმა“, სიმონ დე ბოვუარის რევოლუციურმა ნაშრომმა, ბეჯითად გაკვალა მეცნიერების გაუვალი ბილიკი, სქესთა შესახებ საყოველთაოდ დამკვიდრებული მოდელები შეისწავლა და სტერეოტიპები დაანგრია. ამ ბილიკზე თანამედროვე ჰუმანისტური აზროვნება ახლაც წინ მიიწევს. მართალია, ბოვუარის ბევრი დასკვნა თუ შეხედულება გადაისინჯა, მაგრამ „მეორე სქესი“ კვლავ რჩება ერთ-ერთ ადრეულ მცდელობად, კაცობრიობის ისტორია ე.წ. „სუსტი სქესის“ თვალსაწიერიდან შევიმეცნოთ და განვიხილოთ.
თქვენ წინაშეა ამ „პროვოკაციული და თავზარდამცემი“ ნაშრომის მეორე წიგნი, რომელშიც ბოვუარი ქალის მძიმე ცხოვრებისეულ გამოცდილებას იკვლევს: როგორ აისახა მამაკაცების მიერ შექმნილი, „მარადიული ქალურობის“ მითი ქალის ხვედრზე? რას გვიყვება ფსიქიატრიული კვლევები ქალის ცხოვრებისულ გამოცდილებასა და მის მენტალობაზე? რა წვლილი მიუძღვის ლიტერატურას ქალის არსის თაობაზე უსაფუძვლო მითოსის შექმნაში? როგორ და რატომ თრგუნავს სხვადასხვა წრის ქალს წეს-ჩვეულებებით დაკანონებული აღზრდა? – ამ კითხვებზე პასუხს აღმოაჩენთ სწორედ ამ წიგნში, რომელსაც ერუდიცია, ღრმა აზროვნება და თხრობის მეტაფორული სტილი დიდი ლიტერატურის საფეხურამდე ამაღლებს.
სიმონ დე ბოვუარი (1908-1986), მწერალი, ფილოსოფოსი, ესეისტი, ნეოფემინისტი, მეათე ქალი იყო, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, სადაც მათემატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, ლათინურსა და ლიტერატურას სწავლობდა. ის მთელი ცხოვრება მცდარი სოციალური მოდელების დამსხვრევას ცდილობდა და დესპოტურ პატრიარქალურ საზოგადოებას ებრძოდა. ბოვუარი სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა თავისი შეურიგებელი შეხედულებების გამო სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ. „მეორე სქესი“ ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და
მსოფლიო კლასიკად იქცა.
ჩიტინა (7-9 წელი)
12,90 ₾ერთ დღეს ვარენი ბუჩქის ქვეშ უცნაურ არსებას იპოვის – ის ან ჩიტია გოგონას გარეგნობით, ან გოგონაა ჩიტის გარეგნობით. ვარენი პატარა არსებას სახლში წაიყვანს და ცოლს – თინეს უჩვენებს. რადგან ცოლ-ქმარს საკუთარი შვილი არ ჰყავთ, დაუფიქრებლად გადაწყვეტენ, პატარა არსება იშვილონ. ასე იწყებს ჩიტინა ნამდვილი ბავშვივით ცხოვრებას.
მაგრამ ჩიტინას ხომ ფრთები აქვს…
ეს უჩვეულო ზღაპარი თანამედროვე ნიდერლანდურ ლიტერატურაში კლასიკადაა აღიარებული. ის აუცილებლად მოგნუსხავთ და დაგაფიქრებთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა თავისუფლების სიყვარული და ოჯახის მნიშვნელობა.
„ჩიტინას“ ავტორი, ნიდერლანდელი იოკე ვან ლეეუვენი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. ის თავადვეა თავისი წიგნების ილუსტრატორი.
დემიანი
11,90 ₾უდიდესი გერმანელი მწერლის, ჰერმან ჰესეს (1877-1962) მიერ 1919 წელს დაწერილი „დემიანი“ ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელსაც „აღზრდის რომანის“ ჟანრს მიაკუთვნებენ. წიგნი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. რომანში აღწერილია მთავარი გმირის – ახალგაზრდა კაცის, ემილ სინკლერის, ზნეობრივი და სოციალური ჩამოყალიბების ისტორია. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება პირმოთნე საზოგადოების მორალის ნორმებს და საკუთარ თავში თანდათანობით აღმოაჩენს სიღრმისეულ „მე“-ს. ამაში მას ეხმარება დემიანი, უცნაური ჭაბუკი თუ, უბრალოდ, გმირის წარმოსახვაში არსებული იდუმალი მეგობარი…
ბილი და ბო (9-11 წელი)
10,90 ₾არსებობენ ადამიანები, რომელთან მეგობრობითაც ჩვენი გულები ერთიორად იზრდება, მათ გვერდით სამყაროც ჩვეულებრივზე ლამაზი ჩანს. მაგრამ ზოგჯერ საუკეთესო მეგობრის ყოლა სარისკოა – ერთ დღეს შეიძლება ის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდეს და შენი გული ისე შეიკუმშოს, ახალი მეგობრისთვის ადგილი აღარ დარჩეს.…
თუმცა, ცხოვრება ხომ უცნაურობებითაა სავსე! და თუ ვინმე რჩეულს გიწოდებს, გულიც ისევ გახსნის კარს. მით უმეტეს მაშინ, თუ ეს ვინმე სულ სხვანაირი, გიჟმაჟი, ონავარი, მხიარული, გამბედავი და თავქარიანი გოგონაა, სახელად ბილი. ჰოდა, ბოც – გულითადი ბიჭუნა და ერთგული მეგობარი, დაუფიქრებლად ირგებს რჩეულის როლს და თავდავიწყებით გადაეშვება ბილისთან ერთად მოულოდნელ და საინტერესო თამაშებში.
„ბილი და ბო“ ნორვეგიელი ავტორის საბავშვო ნაწარმოებია, რომელში მოთხრობილი მხიარული ამბების მიღმა ისეთი საკითხებიც დაგვაფიქრებს, ზრდასრულთა ცხოვრებასაც რომ სდევს თან: რას ნიშნავს ადამიანებისთვის ერთმანეთის რჩეულობა, ნდობა, გულითადი მეგობრობა, თანასწორობა, გულწრფელობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება…
ტოპო-ტიპი ვისწავლოთ და ვითამაშოთ ერთად (3 წლიდან)
12,90 ₾ახლა უკვე შეგიძლია ისწავლო და ითამაშო ტოპო-ტიპთან ერთად!
ეს სახალისო თავსატეხების კრებული მრავალფეროვან სავარჯიშოებს აერთიანებს: დააწყვილე, შემოხაზე, გააფერადე, დაითვალე, დააკავშირე, გაიარე ლაბირინთი, გადახაზე განსხვავებული, შემოავლე კონტური…
ამ დავალებების შესრულებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები მათემატიკურ, ლოგიკურ და მოტორულ უნარებს გაიუმჯობესებენ.
ტრაგედიები
18,90 ₾„ტრაგედიები“ ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა.
ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ელევსისმა ესქილეს შემოქმედებას მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართულება მისცა, ხოლო ათენი და დიონისეს თეატრი მის ნამდვილ არენად იქცა. სწორედ ამიტომ ესქილე გახდა არა ლიტურგიული ჰიმნებისა და კანტატების მომღერალი, არამედ დიდი ტრაგიკული პოეტი. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. უნდა ითქვას, რომ სოფოკლეს გამოჩენამდე ესქილეს ღირსეული მეტოქე არ ჰყოლია.
ეპოქა, რომელშიც ესქილეს მოუწია მოღვაწეობა, ბერძნების ცხოვრებაში მთავარი აღმავლობის ეპოქად მიიჩნევა. საბერძნეთში, ატიკაში საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიის მშენებლობას. ეს იყო ისტორიის ის ერთ-ერთი ბედნიერი ხანა, როდესაც ინდივიდი თავის თავს დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის ნაწილად იცნობიერებდა. მაგრამ, ამასთან, ეს იყო ახალი ბერძნული სახელმწიფოსთვის ურთულესი გამოცდის ჟამი. საბერძნეთს უზარმაზარი და ძლევამოსილი სპარსეთის იმპერია დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეპიტაფიაში, რომელიც ესქილემ საკუთარ თავს დაუწერა, მან ხაზი გაუსვა ომებში გმირულ მონაწილეობას და ერთი სიტყვითაც არ ახსენა, რომ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ხელოვანი იყო.
ლევან ბერძენიშვილი
Anne of Green Gables
10,90 ₾Matthew and Marilla Cuthberth want a boy from the orphanage to help them on their farm, but the orphanage sends them Anne, a funny little girl with long red hair who gets up to all kinds of adventures. What can Matthew and Marilla do? Find out how Anne makes their lives happier, and wins their hearts…
This reader uses the expansive reading approach, where the text becomes a springboard to improve language skills and to explore historical background, cultural connections and other topics suggested by the text. As well as the story, this reader contains:
ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად ახალი სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით.
სერია დაეხმარება და ინგლისური ენის შესწავლას გაუმარტივებს ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით კი – სკოლის მოსწავლეებს, ვინაიდან სერიის კონცეფცია სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას – უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.
სერიით გამოცემულ ყველა წიგნში მოცემულია დამატებითი ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ. მრავალფეროვანი სავარჯიშოები მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს.
აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge.
დიქტატორის ზარი
14,90 ₾ისმაილ კადარეს რომანი „დიქტატორის ზარი“ ერთ იდუმალებით მოცულ ამბავს იკვლევს – 1934 წელს იოსებ სტალინსა და პოეტ ბორის პასტერნაკს შორის შემდგარ ხანმოკლე სატელეფონო ზარს. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენიდან კადარე ქმნის ტექსტს, რომელიც ძალაუფლებაზე, ლიტერატურაზე და ხელოვანსა და ტირანიას შორის რთულ ურთიერთობაზე დაგვაფიქრებს.
მწერალი რომანში არ ცდილობს თავად საუბრის რეკონსტრუქციას, რომლის ზუსტი დეტალები დღემდე უცნობად რჩება. სამაგიეროდ, კადარე განიხილავს ამ ზარის რამდენიმე ინტერპრეტაციასა და მის შედეგებს სტალინური ეპოქის კონტექსტში. იკვლევს შიშებისა და ეჭვების იმ ატმოსფეროს, რომელიც საბჭოთა კავშირში ინტელექტუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; იკვლევს იმასაც, თუ როგორ შეეძლო პოლიტიკურ ძალაუფლებას, შემოქმედებითი ხელოვნების სფეროში შეჭრილიყო.
„დიქტატორის ზარი“ დახვეწილი და ღრმა ნაწარმოებია, რომელიც აზრის თავისუფალი გამოხატვისა და რეპრესიულ სახელმწიფოში ხელოვანთა როლის მარადიულ კითხვებს ეხმიანება.
რელიგია მოკლე ისტორია
16,90 ₾თავის წიგნში „რელიგია – მოკლე ისტორია“ რიჩარდ ჰოლოუეი გვთავაზობს ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ფენომენის – რელიგიის მოკლე, გონივრულ და ობიექტურ მიმოხილვას.
ავტორი ახლებურად აანალიზებს მსოფლიოს უმთავრესი რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ჰინდუიზმი და სხვ.) განვითარების ისტორიას, მათ იდეებსა და გავლენას კულტურაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებაზე.
ის რელიგიას განიხილავს როგორც სოციალურ-სიმბოლურ ინსტრუმენტს, რომელიც ადამიანებს შიშთან, მარტოობასთან და გაურკვევლობასთან გამკლავებაში ეხმარება.
მიუხედავად თემის სირთულისა, ნაშრომის თხრობის სტილი გამოირჩევა სიმარტივით, ლაკონიურობითა და მოქნილობით. ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ თავად წლების განმავლობაში შოტლანდიური ეკლესიის მსახური იყო, გვერდს არ უვლის რელიგიის ბნელ მხარეებს — ძალადობას, დოგმატიზმს, დევნას, თუმცა არც მის ჰუმანურ ასპექტებს ტოვებს უყურადღებოდ.
სერია „მოკლე ისტორიები“ განკუთვნილია უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ, ამა თუ იმ საკითხში გაიღრმავონ ცოდნა.
ტალღების ხმაური
12,90 ₾იუკიო მიშიმა (ნამდვილი სახელი სახელია კიმიტაკე ჰირაოკა) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იაპონელი მწერალია. მისი ცხოვრებაცა და შემოქმედებაც დრამატიზმითაა სავსე. მიშიმას სტილი განსაკუთრებულია – ესთეტიზმი, სულიერება, სიკვდილი თუ სუიციდი, იაპონური ტრადიციები და გმირული სულისკვეთება, სიყვარულისა თუ პიროვნული ძიებები მისი ნაწარმოებების მთავარი თემებია…
„ტალღების ხმაური“ მიშიმას შემოქმედებისათვის უჩვეულოდ ნათელი რომანია. მოქმედება ვითარდება შემოსაზღვრულ გარემოში, კუნძულ უტაჯიმაზე, რომლის მიკროსამყაროც თითქოს უფრო სუფთა და დაცულია ბოროტებისგან.
მთავარ გმირს, ახალგაზრდა მეთევზეს, კუნძულზე ახალდაბრუნებული მყვინთავი გოგო უყვარდება. მეთევზე ბიჭი მამით ობოლი და ღარიბია, მყვინთავი მდიდარი ოჯახის შვილია. ეს, ერთი შეხედვით, კლასიკური ისტორიაა, მაგრამ სიუჟეტი ღრმა და საინტერესო განვითარებას იძენს.
რომანი სიყვარულისა და სიწმინდის ამბავია, რომელშიც ტრადიციები, შინაგანი ბრძოლა და ადამიანური ღირსება ერწყმის ერთმანეთს.
თანამგრძნობი
29,90 ₾„თანამგრძნობი“ ვიეტნამელ-ამერიკელი პროფესორისა და მწერლის, ვიეტ თჰან ნგუიენის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს პულიცერის პრემიისა და სხვა არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა. ავტორი 4 წლის იყო, როცა 1975 წელს თავის ოჯახთან ერთად ვიეტნამისა და მშობლიური ქალაქის, ბონ-მე-თხუოტის დატოვება მოუწია და ამერიკაში, ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა.
წიგნის პირველ გვერდებზე აღწერილი ამბებიც 1975 წელს იწყება. ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი აიღო. ქალაქი ქაოსმა, შიშმა და სასოწარკვეთამ მოიცვა. მცხოვრებლები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის მიღების იმედით მიაწყდნენ. მთხრობელი პირველ პირში, დაუფარავად, ყოველგვარი შესავლის გარეშე გვეპატიჟება თავის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან სამყაროში: როგორია, იყო ჯაშუში, ჩანერგილი პასიური აგენტი, ორსახოვანი კაცი, ორი გონების პატრონი; როგორია, მუდმივად იხლიჩებოდე პოლიტიკურ შეხედულებებსა და პირად გრძნობებს შორის.
ნგუიენის სამწერლო ენა ჩანერგილი ჯაშუშის ცხოვრებასავით მძაფრია, უწყვეტად მიედინება; გაიძულებს, არ მოდუნდე, ფხიზლად გეჭიროს თვალი, შეინარჩუნო კრიტიკული აზროვნების უნარი, მაგრამ, ამავდროულად, არ დაკარგო უმთავრესი – თანაგრძნობის განცდა, რადგან მთხრობელის წინააღმდეგობრივი ცხოვრება ანარეკლია მისივე ორ ნაწილად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამშობლოსი და ხალხისა, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროს მიერ თავსმოხვეული პოლარიზაციის მსხვერპლია.
უკანონოდ შობილთა ნიშნით
17,90 ₾რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ სახელმწიფოში, რომელიც აერთიანებს მეოცე საუკუნის ევროპული ქვეყნების დიქტატურის, კერძოდ, ჰიტლერის დროინდელი გერმანიის, აგრეთვე საბჭოთა რეჟიმის ნიშნებს. სახელმწიფო იდეოლოგია – ეგრეთ წოდებული ეკვილიზმი – ამკვიდრებს ადამიანების იდენტობას, გამორიცხავს ერთი კონკრეტული პიროვნების განსხვავებას მეორისგან და ერთგვაროვან მასად აღიქვამს ხალხს. ეს არის სახელმწიფო, რომლის სათავეშია დიქტატორი პადუკი. რომანის მთავარი პერსონაჟი, სახელგანთქმული ფილოსოფოსი ადამ კრუგი, პადუკის თანაკლასელი იყო და ბავშვობაში დასცინოდა მას – გომბეშოს ეძახდა. და ახლა, როცა პადუკი დიქტატორი გახდა, ის ეძებს ბერკეტს, რათა გავლენიანი პროფესორი კრუგი სახელმწიფო იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენოს.
საინტერესოა, რომ რომანის დასაწყისში კრუგი მომაკვდავ ცოლთან საუბარში ამბობს, პოლიტიკა არ მაინტერესებსო. თუმცა, ეს ფაქტი არც დიქტატორისთვის და არც სახელმწიფო იდეოლოგიისთვის მის მიმართ გამოყენებული რეპრესიის მუხრუჭად ვერ იქცევა. ჯერ კრუგის ახლო გარემოცვას აპატიმრებენ, მერე კი – თვითონ მასაც.
წრიპა ბიჭის დღიური ტვინის გაუნძრევლად (18)
11,90 ₾გრეგ ჰეფლის არასდროს ეხალისებოდა სკოლაში სიარული. ამიტომაც არ ადარდებს დიდად, ქალაქის მერია სკოლის დახურვას რომ გადაწყვეტს.
თუმცა მალე იგებს, რომ მასა და მის საუკეთესო მეგობარს, როული ჯეფერსონს სხვადასხვა სკოლაში გაანაწილებენ. შეძლებენ გრეგი და მისი მეგობრები სკოლა სამუდამო დახურვისგან გადაარჩინონ?
თუ ეს გრეგის ცხოვრებაში საერთოდ ახალი თავის დასაწყისია?
წერილი ოქროსფერი მარკით
12,90 ₾ათი წლის ოდრი ავადმყოფ დედასა და უმცროს და-ძმაზე ზრდასრულივით ზრუნავს. გოგონა დედის ავადმყოფობის ამბავს ყველას საგულდაგულოდ უმალავს, მოსაც კი – გულკეთილ ფოსტალიონს, რომელიც პატარა კოლექციონერს ყოველ მისვლაზე ნაირ-ნაირი მარკებით ასაჩუქრებს.
ყველაფერი იცვლება, როდესაც ქუჩის გადაღმა იდუმალი მეზობელი გადმოდის, ოქროსფერმარკიანი წერილის აღმოჩენა კი ოდრის მამის მოძებნისკენ უბიძგებს და ხიფათით სავსე თავგადასავალში ამოაყოფინებს თავს.
პატარა გოგოს გულწრფელი მონათხრობი ფაქიზად ააშკარავებს იმ სირთულეებს, ტკივილებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებსაც სხვებზე მზრუნველი ბავშვები აწყდებიან. წიგნი ფარულ გმირებზე გვიყვება და სიყვარულის, მეგობრობის, გამბედაობისა და თანადგომის ძალას შეგვახსენებს.
დეტექტივობანა ამოხსენი თავსატეხები, გამოიძიე დანაშაული
8,90 ₾ყურადღება, ყურადღება!
ცნობილი დეტექტივი დამხმარეს ეძებს, რომელიც მასთან ერთად დანაშაულებს გამოიძიებს. თავსატეხების ამოხსნა თუ გეხერხება, მაშინ საუკეთესო კანდიდატი ხარ! შენ ნამდვილად შეძლებ დეტექტივის დახმარებას და 60 საიდუმლო დანაშაულის გამოძიებას.
აბა, მზად ხარ იპოვო დამნაშავეები?
მოიმარჯვე ფანქარი, წინ უამრავი გამოსაძიებელი საქმე გელოდება!
1Q84
44,90 ₾თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ქალაქი ტოკიო, 1984 წელი…
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწერალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება…
როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.
სვანის მხარეს
24,90 ₾მარსელ პრუსტი (1871-1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად, დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა მიჩნეული, ცნობილი გახდა შვიდი რომანისგან შემდგარი ციკლით – „დაკარგული დროის ძიებაში“. „სვანის მხარეს“ ამ ციკლის პირველი წიგნია.
მაღალი წრის შეძლებულ ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი მწერლის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა საფრანგეთის ისტორიაში. ფრანგული არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო კლასის მომძლავრება შემდგომ მის შემოქმედებაშიც აისახა. „დაკარგული დროის ძიებაში“ მარსელ პრუსტის რეალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული, გონებაში ღრმად დალექილი შთაბეჭდილებების ნაკრებია. ციკლის პირველ წიგნში მთხრობელი საკუთარ ბავშვობას იხსენებს. ცხრა წლის მარსელი ასთმით დაავადდა და იძულებული გახდა, ზაფხული ილიეში გაეტარებინა. ილიე „დაკარგული დროის ძიებაში“ კომბრედ იქცა. სწორედ იქ მიმდინარეობს რომანის უმთავრესი პერიპეტიები. „სვანის მხარეს“ გარდა მთხრობელის ბავშვობისა, ოჯახის ძველი მეგობრის, მესიე სვანის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზეც გვიყვება. ღრმად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური, „იმპრესიონისტული“ ტექსტი, რომელიც მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების ნაცვლად ინტუიციურ წვდომას, სუბიექტურ აღწერას გვთავაზობს, ღრმად იჭრება მკითხველის გონებაში და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ „სვანის მხარეს“ ქართულად პირველად გამოიცემა – წიგნის გამოსვლიდან (1913 წ.) საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ.
სასოწარკვეთის აქტები
14,90 ₾ამ პროვოკაციული და მტკივნეული რომანის უსახელო მთხრობელი ქალი ხვდება მიმზიდველ მწერალ მამაკაცს, სახელად კირანს, და, თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ, მთლიანად ექცევა მისი გავლენის ქვეშ. ხანმოკლე, ყველაფრის წამლეკავი ვნებიანი რომანის შემდეგ მწერალი მოულოდნელად ტოვებს მას ეჭვების, აკვიატებულობისა და სევდის მორევში. და თუ ოდესმე დაუბრუნდება, ქალს გადაწყვეტილი აქვს, შეინარჩუნოს ის და მისი სიყვარული ნებისმიერ ფასად, თუნდაც ამ მცდელობამ განადგურებამდე მიიყვანოს.
ნაწილობრივ უსულო აღიარება, ნაწილობრივ აშკარა კრიტიკა. „სასოწარკვეთის აქტები“ გამოხატავს ცნობიერებას, განაწილებულს ამბოხებასა და მორჩილებას შორის, დამცირებისგან გაქცევასა და ამ დამცირების ეროტიზაციას შორის, გიყვარდეს და იყო სიყვარულის ობიექტი. ნოლანი საგანგაშო, ელექტრონული სიზუსტით განიხილავს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მოუხელთებელ საიდუმლოს: რატომ გვინდა ის, რაც გვინდა და როგორ გვინდა ეს.
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
11,90 ₾აკა მორჩილაძე ჩამთრევი თხრობითა და მსუბუქი ირონიით აგვიწერს 90-იანი წლების თბილისის კრიმინალურ გარემოს და საზოგადოებრივ ყოფას. მთავარი პერსონაჟი, ზაზა, ამ ყოველდღიურობას ოცნებებით გაურბის და ნიცაში მოგზაურობას ნატრობს. ახალგაზრდების მომავალი და ოცნებები თბილისის კრიმინალურ ქაოსში იკარგება და ვითარების გარდაუვალობას ვერც ზაზა გაექცევა. რომანში ცხადად და ხატოვნად არის გადმოცემული რამდენიმე პერსონაჟის თვალთახედვა, რაც მას მულტიპერსპექტიული თხრობის არაჩვეულებრივ ნიმუშად აქცევს.ახლად დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ყველაზე რთული დროების არსს გენიალურად გადმოსცემს მთავარი პერსონაჟის ერთი ფრაზა: „ვინც წელს გადავრჩებით,გაისად სურათი გადავიღოთ და „საქართველო“ დავაწეროთ
ძველი გულებისა და ხმლისა
11,90 ₾„სხვანაირი მოქცევა კი აქვთ, ჩვენთვის უცხო და მიუღებელი, მაგრამ რაღაცნაირი რაინდობა მოსდგამთ, რომელიც არ შეიძლება არ გხიბლავდეს,“ – ასე ახასიათებს აკა მორჩილაძის ახალი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, რუსი ქალბატონი, ქართველებს.
რომანში მოქმედება 1828 წელს ხდება: მალე რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყება, საქართველოს დაპყრობიდან კი თითქმის მეოთხედი საუკუნეა გასული. რუსი დამპყრობლები არ იცნობენ ქართველებს და მათ კულტურას. ანდა რა გასაკვირია, თავად ქართველებიც ხომ არ იცნობდნენ საკუთარ კულტურასა და ერთმანეთს: მათაც საქართველო ხან ერთი ეგონათ და ხან ორი – ლიხს იქით და ლიხს აქეთ.
რუსი პოლკოვნიკისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მოკლა ბადუნა ფავნელმა ოფიცერი გეხტი, რომელიც თბილისის ბაზარში რუსი ქალიშვილების თავის მოსაწონებლად სპარსელ მეშაქარლამეს ტკბილეულს უნადგურებდა.
ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი ენკელი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი – ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
ოდისეა
19,90 ₾ჰომეროსის „ოდისეა“ არის პოემა იმ მრავლისმნახველ კაცზე, რომელმაც ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროის წმინდა ციხესიმაგრე დაამხო; ადამიანთა მრავალი ქალაქი ნახა და გონება შეიცნო, მრავალი ტკივილი გადაიტანა, უამრავი თავსატეხი ამოხსნა და უთვალავ განსაცდელს გაუძლო. ესაა ამბავი კაცზე, რომელმაც, ომის საშინელებათა გარდა, საიქიოც იხილა; რომელმაც უარი თქვა უკვდავებასა და მარადიულ უბერებლობაზე, ოღონდ კი შინ, თავის მოხუც მამასთან, ლაერტესთან, ერთგულ მეუღლესთან, პენელოპესთან, და უმამოდ დავაჟკაცებულ შვილთან, ტელემაქოსთან, დაბრუნებულიყო. აქ ტროის ათწლიანი სისხლისმღვრელი ომისა და შინ დასაბრუნებლად ასევე ათწლიანი, ფათერაკებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მას ახალი განსაცდელი ელოდა.
ამავე დროს, ეს არის მსოფლიო ლიტერატურის პირველი ნაწარმოები, რომელშიც ქართველი პერსონაჟი, კუნძულ აიაიას დედოფალი, კირკე, გვხვდება…
ლევან ბერძენიშვილი
ზაფხული რომელმაც ყველაფერი დაიტია
12,90 ₾ნორას ზაფხულის გატარება სულაც არ უნდა სოფელში, მისთვის თითქმის უცნობ ბებიასთან. არადა სხვა გზა არ აქვს.
სოფელში გოგონა აბასს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ, მწვანეთვალება ბიჭს გაიცნობს. მაგრამ რა საიდუმლოს მალევენ ბებია და აბასის მამა? რატომ არაფერი იცის აბასმა თავის შორეულ სამშობლოზე? რას ერჩის უცნაური ქალი, დორისი აბასის ოჯახს?
ზაფხული, რომლისაც ასე ეშინოდა ნორას, ყველაფერს დაიტევს და მისთვის ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდება.
ჯასპერ ჯოუნსი
17,90 ₾ამბავი, რომელსაც ამ წიგნში 13 წლის ჩარლი ბატკინი გვიყვება, ავსტრალიაში, მაღაროელთა პატარა ქალაქ კორიგანში 1965 წელს ხდება. ცხელი ზაფხულის შუაღამით მის ფანჯარას ყველასგან მოძულებული ჯასპერ ჯოუნსი მოადგება და დასახმარებლად თან გაყოლას სთხოვს… იმ ღამის შემდეგ ჩარლის ცხოვრება თავდაყირა დგება.
მკითხველი სულმოუთქმელად ელის, რა იქნება შემდეგ, როგორ გაგრძელდება ამბავი. ამბავი კი მხოლოდ ჯასპერ ჯოუნსის და ჩარლის საშინელი საიდუმლოს გამოძიებაზე არაა. ჩარლისთან ერთად ჩვენც ვიზრდებით, ჩვენი საფიქრალიც ხდება ღალატი, რასიზმი, ბულინგი, ცილისწამება, სიყალბე, ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული…
„ჯასპერ ჯოუნსის“ ავტორი, ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერალი გრეგ სილვი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
განშორებათა წითელი წიგნი
14,90 ₾ფინელი დრამატურგის, მწერლისა და ქვიარ აქტივისტის, პირკო საისიოს ეს წიგნი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექსტია, რომელშიც სათავისო ბარიკადს ყველა ის მკითხველი აღმოაჩენს, ვისაც იდეოლოგიური, პოლიტიკური, სექსუალური და, რაც მთავარია, შინაგანი ცვლილება, რადიკალური გარდასახვა და ამით სრული ჰარმონიის მიღწევა უნდა.
თხრობა 2002 წლის აგვისტოს ცხელ დღეს იწყება, თუმცა მალევე ინაცვლებს გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ფინეთი იყო წითელი, წითლად აზროვნებდა და სადაც კი წინააღმდეგობას აწყდებოდა, წითელ კვალს ტოვებდა. მაგრამ სწორედ აქ იფურჩქნება ლურჯი ზაფრანების თაიგული – კანონით აკრძალული სიყვარული და ამბავიც კარდიოგრამასავით ცვალებადი, ტეხილი, აღმასვლითა და დაცემით სავსე ხდება.
პირკო საისიო უშურველად გვიყვება საკუთარ ისტორიას, რისთვისაც მესამე პირში თხრობას ამჯობინებს, თუმცა როგორც კი სცენაზე გულის სიღრმეში დაუნჯებული ყველაზე სათუთი ეპიზოდი გამოაქვს, პირველ პირს ისევე იბრუნებს, როგორც ერთ დროს საკუთარი თავი დაიბრუნა და ნახსენებ ჰარმონიასაც მიაღწია.
იდეალური ოჯახი
10,90 ₾“ჩემი მშობლები და დები იდეალურები არიან.
მე – არა.
ალექსი მქვია. აგრიმენსორის ქუჩაზე ვცხოვრობ და წელს ორ საგანში ჩავიჭერი”.
ალექსის ოჯახი იდეალურია. დედა დეკორატორია, მამა – ფიზიკოსი, უნივერსიტეტში მუშაობს. თითით საჩვენებელი ფრიადოსანი დებიც ჰყავს – დელია და სილვია. მშობლები არ ეწევიან, ოჯახი მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მიირთმევს, არასდროს ხმაურობს და არასდროს ჩხუბობს. სახლში იდეალური წესრიგია.
აი, ალექსის მეგობრობის, რაფა პანოჩას ოჯახი კი სრულიად საპირისპიროა. მუდამ ხმაურობენ, ყვირიან ან ტელევიზორს აყვირებენ, მადისაღმძვრელი ყუათიანი საჭმელი უყვართ და არც ფრიადოსანი ჰყავთ ვინმე. რაფას არ სჯერა, რომ იდეალური ადამიანები არსებობენ. ალექსის ოჯახის იდეალურობაშიც ეპარება ეჭვი. მათაც აუცილებლად ექნებათ ნაკლი, მაგრამ რა?
ბიჭები გამოძიებას იწყებენ… როგორ ფიქრობთ, რას აღმოაჩენენ?
სამოთხე
13,90 ₾წიგნის მთავარი გმირი, რომელიც თავის ამბავს მოგვითხრობს, ტოკიოს ერთ-ერთი გარეუბნის სკოლის 14 წლის მოსწავლეა. მას ზარმაცი თვალის სინდრომი აქვს, რის გამოც კლასში ცხოვრებას უმწარებენ, თუმცა, შეწინააღმდეგების ნაცვლად, ჩაგვრის უხმოდ მოთმენას არჩევს. ერთადერთი, ვისაც მისი ესმის, თანაკლასელი გოგონაა, სახელად კოჯიმა. კლასელების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ, მთავარი გმირის მსგავსად, ისიც ჯიუტად დუმს.
კოჯიმას წერილით დაწყებული ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზრდება, თუმცა ეს კავშირი თანამოაზრეებს თანამებრძოლებად მაინც ვერ აქცევს. ან შეიძლება კი მეგობრობა ეწოდოს იმ ადამიანების ურთიერთობას, რომელთაც განცდილი ტკივილისა და დუმილის მეტი არაფერი აერთიანებთ?!
მიეკო კავაკამის „სამოთხე“, რომელშიც შემაწუხებელი დაუნდობლობითაა წარმოჩენილი ჩაგრულისა და მჩაგვრელის ბუნება, მკითხველში ერთდროულად ბრაზს და სევდას იწვევს. შეკითხვები, რომელთა დასმასაც ადამიანი ხშირად საკუთარ თავსაც ვერ უბედავს, იმდენად ხმამაღლა გაისმის, რომ მათი უპასუხოდ დატოვება შეუძლებელი ხდება.