ბეთლემის შეშლილები

19,95 

თანამედროვე პალესტინელი მწერლისა და ჟურნალისტის, ოსამა ალ-ისას, რომანი “ბეთლემის შეშლილები” პირველად 2013 წელს გამოიცა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ, ისე დასავლურ ლიტერატურულ წრეებში. რომანმა 2015 წელს შეიხ ზეიდის წიგნის პრემია მოიპოვა – არაბულ ლიტერატურულ სამყაროში პრესტიჟული ჯილდო.

წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ შეკრებილ და გადმოცემულ, ადგილობრივთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალ, რამდენიმესაუკუნოვან ნარატივებს – რელიგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს – “შეშლილთა” უცნაურ ისტორიებს ზოგჯერ ანეკდოტების, ზოგჯერ კი შიშისმომგვრელი, მისტიკური თქმულებების სახით; ეგზოტიკურ ამბებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების შესახებ – პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, მმართველები, ისტორიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები თუ სულაც რიგითი პალესტინელები, რომლებთანაც ავტორს მეგობრობა, ნათესაობა ან მეზობლობა აკავშირებს…

რომანის მთავარი იდეა სიგიჟის, როგორც ცნობიერების ერთ-ერთი ფორმის, წინ წამოწევაა. აქ შეშლილები ხშირად ისეთ ადევს, მათი სიგიჟე ერთგვარი სიმართლის მეტაფორაა – საზოგადოების კრიტიკისთვის გამიზნული, ისევე როგორც ბეთლემი – დაკარგული მშვიდობის სიმბოლო.

მკითხველს წიგნი თვალნათლივ წარმოუდგენს პალესტინის და პალესტინელი ხალხის მიერ გადატანილ პოლიტიკურ ქარტეხილებს ოსმალეთის იმპერიის დროიდან ოსლოს შეთანხმების შემდგომ, 2012 წლამდე – იმ დრომდე, როცა ავტორმა რომანის წერა დაასრულა.

ქვიდან ნაჟური სისხლი

19,95 

მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე

იბრაჰიმ ალ-ქუნი ლიბიელი არაბულენოვანი მწერალია. მან ბავშვობა უდაბნოში გაატარა, ასე აღმოჩნდა ეს სამყარო მის ნაწარმოებებშიც ღრმად ფესვგადგმული. “ქვიდან ნაჟური სისხლი“, როგორც ალ-ქუნის რომანების უმეტესობა, იკვლევს ადამიანებისა და უდაბნოს ბუნებას, მათ ფუნდამენტურ ურთიერთობას, რასაც გარდაუვალი ბედისწერა მართავს. აქ ერთმანეთში იხლართება მითოლოგიური ელემენტები, სულიერი ძიება და ეგზისტენციალური კითხვები.

რომანი მოგვითხრობს მარტოხელა ბედუინის, ასუფის, ამბავს. ის უდაბნოში განდეგილივით ცხოვრობს, თხებს მწყემსავს და ხანდახან კლდეზე ამოკვეთილი ნახატების სანახავად უცხოელები დაჰყავს. ასუფს სულიერი კავშირი აქვს უდაბნოსთან და განსაკუთრებით, მის ბინადარ ჯიხვსა და ქურციკთან, ადგილობრივ მითოლოგიაში წარმართულ ღმერთებსა და წმინდა რიტუალებთან რომ ასოცირდება. და როდესაც ორი მონადირე ჩამოდის და ასუფისგან მოითხოვს, რომ ჯიხვის საპოვნელად გაჰყვეს, ის ყველაფერს აკეთებს ამ არსებების დასაცავად. აქედან მოყოლებული, მკითხველი თვალს ადევნებს სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლას – ერთ-ერთი მონადირე, სიმბოლური სახელით კაენ ადამი, გაუმაძღარი ხორცისმჭამელია; ასუფი ვეგე-ტარიანელი. ერთი უდაბნოში დაუნდობლად დაშლიგინებს, მეორე თავმდაბლად ცხოვრობს გარემოსთან შერწყმული.

მისტიციზმის, სუფიზმის, ისლამის, ძველი აღთქმისა და ტრადიციული შეხედულებების უბადლო შერწყმა რომანს განუმეორებელს ხდის.

კრებულში, ასევე, შესულია ნოველა “ენა“. ამ ნოველაშიც ალ-ქუნი უდაბნოს ცხოვრების გარშემო ტრიალებს; ასახავს, რა შედეგები მოჰყვება ადამიანის ძალაუფლებასა და ადამიანისავე დაუცველობას. ამასთან, ეს არის ამბავი მეტყველე- ბის ტვირთთან გამკლავებაზე.