სანამ ყავა გაცივდება

16,95 

მწერლებს ყოველ ეპოქაში ხელახლა უღვივდებათ ინტერესი ისეთი საკამათო და გადაუჭრელი საკითხის მიმართ, როგორიცაა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა. თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, ტოშიკაძუ კავაგუჩი (1971), დროთა კავშირის თემის ვარიაციას გვთავაზობს 2016 წელს იაპონურ ენაზე გამოცემულ სადებიუტო რომანში „სანამ ყავა გაცივდება“. რომანი, ერთი შეხედვით, მარტივი და კონკრეტული შეკითხვით იწყე ბა, რომელიც მის ეპიგრაფს წარმოადგენს და ერთგვარად აგვირგვინებს დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეკითხვათა ჯაჭვს – ვისთან შეხვედრას ისურვებდა ადამიანი, რაიმე ზებუნებრივი გზით რომ შეეძლოს წარსულში ან მომავალში მოხვედრა? ამ კითხვაზე პასუხს იმ თავგადასავლებსა და ისტორიაში იპოვით, რომელთაც კავაგუჩი ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის სახასიათო პერსონაჟების მეტისმეტად ადამიანური განცდების შესახებ თხრობით.

ადამიანი – კომბინი

12,90 

ზოგი წიგნი სილის გაწვნას ჰგავს: უეცრად შეგაცბუნებს, გატკენს, გამოგაფხიზლებს, უთუოდ დაგასევდიანებს და სარკეში ჩახედვასაც გაიძულებს. ახალი პროზის ვარსკვლავად აღიარებულმა საიაკა მურატამ ამ ნაწარმოებით იაპონიის (და არა მხოლოდ) საზოგადოებას გვარიანი ალიყური აჭამა და აკუტაგავას პრემიაც მოიპოვა. მწერალი ქალი დახვეწილად და ფრთხილად იკვლევს საზოგადოებისგან მივიწყებულ ე. წ. „ფსკერს“, სადაც ტრადიციული სამყაროს ღირებულებები უფასურდება და სადაც შეიძლება, მოულოდნელად მბრწყინავი ქვები ვერ აღმოაჩინო.

მაინც რა ბედი ელის განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც „სოფლის მოთხოვნებს“ ვერ აკმაყოფილებენ და საზოგადოებისთვის ტვირთად ქცეულან? როგორ იცხოვრონ, როგორ იარსებონ, როგორ ისუნთქონ თავისუფლად ისე, რომ თავსმოხვეულ წესრიგსა თუ გარშემომყოფთა წნეხსაც გაუმკლავდნენ და საკუთარი სიცოცხლის საზრისიც თავად იპოვონ? საიაკა მურატას მთავარ პერსონაჟებს, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, მხოლოდ ის უნდათ, რომ არავინ განსაჯოს, მათ ცხოვრებაში ცხვირი არავინ ჩაყოს; ამიტომ გადაწყვეტენ, ერთად ითვალთმაქცონ და თავიანთი ყოფა შეცვალონ. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს მათი მცდელობა…

მეხსიერების პოლიცია

14,90 

იაკო ოგავა თანამედროვე იაპონელი მწერალია. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის აკუტაგავას პრემია.

ოგავას ალეგორიული რომანი „მეხსიერების პოლიცია“ დიქტატორულ რეჟიმებში ადამიანის, მისი მეხსიერების გაქრობის ლიტერატურული სურათია, ოღონდ ეს გაქრობა იმდენად მშვიდი და თანმიმდევრულია, უზარმაზარი შფოთვისა და საფრთხის ნაცვლად, ასევე მშვიდ, კომფორტულ სივრცეს აჩენს მკითხველისთვის.

ავტორი თითქოს მუდმივად მართავს დიალოგს ბეკეტთან, კაფკასა თუ ორუელთან, მაგრამ მაინც მძაფრად ინდივიდუალისტურ სამყაროს ქმნის, რომელშიც ადამიანზე ტოტალური კონტროლი უფრო რბილად და, შესაბამისად, უფრო საშიშად დგება. ამ სიმძიმეს უწყვეტ ხაზად მიჰყვება ერთგვარი რომანტიკულობა და ფინალიც თითქოს ზუსტად ამგვარ, რომანტიკულ გამოსავალს გვთავაზობს.

რომანს იაპონურად „დამალული კრისტალი“ ჰქვია, რაც იაპონურ მითოლოგიას უკავშირდება და გაუგებარია დანარჩენი სამყაროსთვის. ამიტომ თავად ავტორის თანხმობით ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ახლა უკვე ქართულ ენაზეც მას „მეხსიერების პოლიცია“ ეწოდა.

ტალღების ხმაური

12,90 

იუკიო მიშიმა (ნამდვილი სახელი სახელია კიმიტაკე ჰირაოკა) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იაპონელი მწერალია. მისი ცხოვრებაცა და შემოქმედებაც დრამატიზმითაა სავსე. მიშიმას სტილი განსაკუთრებულია – ესთეტიზმი, სულიერება, სიკვდილი თუ სუიციდი, იაპონური ტრადიციები და გმირული სულისკვეთება, სიყვარულისა თუ პიროვნული ძიებები მისი ნაწარმოებების მთავარი თემებია…

„ტალღების ხმაური“ მიშიმას შემოქმედებისათვის უჩვეულოდ ნათელი რომანია. მოქმედება ვითარდება შემოსაზღვრულ გარემოში, კუნძულ უტაჯიმაზე, რომლის მიკროსამყაროც თითქოს უფრო სუფთა და დაცულია ბოროტებისგან.

მთავარ გმირს, ახალგაზრდა მეთევზეს, კუნძულზე ახალდაბრუნებული მყვინთავი გოგო უყვარდება. მეთევზე ბიჭი მამით ობოლი და ღარიბია, მყვინთავი მდიდარი ოჯახის შვილია. ეს, ერთი შეხედვით, კლასიკური ისტორიაა, მაგრამ სიუჟეტი ღრმა და საინტერესო განვითარებას იძენს.

რომანი სიყვარულისა და სიწმინდის ამბავია, რომელშიც ტრადიციები, შინაგანი ბრძოლა და ადამიანური ღირსება ერწყმის ერთმანეთს.

ძველი დედაქალაქი

17,95 

იასუნარი კავაბატა — პირველი იაპონელი ავტორია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. თავდაპირველად მხატვრობაზე მეოცნებე კავაბატა მწერლობის გზას 12 წლის ასაკში დაადგა და იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთ უმთავრეს ხმად იქცა.
„ძველი დედაქალაქი“ ავტორის ყველაზე ლირიკულ და პოეტურ რომანად ითვლება. კავაბატა ნატიფი, თითქმის მუსიკალური ენით აღწერს ტრადიციებისა და ბუნებრივი ჰარმონიის თანდათანობით გაქრობას თანამედროვე იაპონიაში — მტკივნეულ პროცესს, რომელსაც თითოეული პერსონაჟი დიდი სიფაქიზით და ღრმა სევდით ეხება.
კიოტოში, ძველ დედაქალაქში, ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი — ჩიეკო, რომელიც ბავშვობაში ტაძართან მიტოვებული იპოვეს და იშვილეს. მისი ცხოვრება, ერთი შეხედვით, ჰარმონიულია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად ჩიეკო თავის ტყუპისცალს გადაეყრება. ეს შეხვედრა ჩიეკოს აიძულებს, თავისი წარსული, იდენტობა და მთელი სამყარო ხელახლა გადააფასოს

გაჭენებული ცხენები

27,90 

„გაჭენებული ცხენები“ უმნიშვნელოვანესი იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას (1925-1970) ტეტრალოგიის მეორე რომანია. სიუჟეტი ვითარდება 1930-იანი წლების იაპონიაში და მოგვითხრობს ისაო ინუმაზე, გულმხურვალე და იდეალისტ ახალგაზრდაზე, რომელიც შეპყრობილია იმპერატორის ძალაუფლების აღდგენითა და იაპონიის დასავლური გავლენებისგან განწმენდის იდეით. ისაო ღრმად არის შთაგონებული სამურაის ეთიკითა და წარსულის სულიერებით. ის სათავეში უდგას შეთქმულებას, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და კორუმპირებული ბიზნესლიდერების დასჯაა.

რომანი ასახავს პატივისცემის, ერთგულების, მოდერნიზაციასა და ტრადიციას შორის კონფლიქტის თემებს. მიშიმა ამ რომანში იკვლევს ინდივიდუალურ იდეალებსა და საზოგადოებრივ რეალობას შორის ბრძოლას, ხაზს უსვამს ქმედებასა და ფიქრს შორის არსებულ კონფლიქტსა და მის ტრაგიკულ შედეგებს.

„გაჭენებული ცხენები“ დამაჯერებლად აღწერს სიკვდილის მშვენიერებას, მის არსს, მის მორალურ, რელიგიურ თუ პატრიოტულ მოტივებს. რომანში ნათლად იკვეთება წმინდად იაპონური ესთეტიკა გმირობისა, თუმცა, ამავდროულად, ცხადი ხდება სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და ღალატის, ღირსებისა და კომპრომისის ზოგადსაკაცობრიო ხასიათი.

მთის ხმა

27,00 

იასუნარი კავაბატა (1899-1972) პირველი იაპონელი მწერალია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს. მან ადრე დაკარგა მშობლები და ბიჭის აღზრდა ბაბუამ ითავა; თუმცა, 15 წლისას ბაბუაც გარდაეცვალა და მოზარდი სრულიად ობლად დარჩა. კრიტიკოსები და ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ კავაბატას შემოქმედება ამ ობლობისა და მარტოობის ტრავმის დაძლევის მცდელობაა. რომანი „მთის ხმა“ ისეთივე თვითმყოფადია, როგორიც თავად იაპონური კულტურაა, რომლის წვდომასაც მწერალი ემსახურება. რომანის მთავარი პერსონაჟია შინგო ოგატა, სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ებრძვის ცხოვრების სასრულობას. „მთის ხმა“ უჩვეულოდ მშვიდი, ფაქიზი და „არომატული“ ტექსტია, როგორც შინგოს მიერ საკუთარ ბაღში გასხლული ბუჩქების ნაზი ტკაცუნი, ანაც – ტოტებს შორის ამოსული საკურის ყვავილის სურნელი. ერთმა კრიტიკოსმა რომანს „მშვენიერი სიმშვიდით“ დაწერილი „ბობოქარი წიგნი“ უწოდა.