ქალაქის უნდო გალავანი

32,90 

ჰარუკი მურაკამი თავის ახალ რომანში კვლავაც აგრძელებს ხილულ სინამდვილეში ჩამალული მისტიკისა და მისტიკაში ჩამალული მოუხელთებელი რეალობის კვლევა-ძიებას. ქართველ მკითხველს უყვარს მისი მოულოდნელი, გონებამიუწვდომელი პარალელური სამყაროები, უცხო განზომილებები, სადაც პერსონაჟის „მე“ გარდაიქმნება და სხვა სივრცის ნაწილი ხდება. იქ ავლენს გმირი საკუთარ ქვეცნობიერში დაფარულ მისწრაფებებს; ცდილობს, გაარკვიოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება უკან, ყოველდღიურობაში დაბრუნების შემდეგ, იმ ახალ ცოდნასთან ერთად, რომელზეც მანამდე ხელი არ მიუწვდებოდა. მისტიკურ სამყაროში ხეტიალის მერე კი მის სიცოცხლეში ერთგვარი „თვალახელილობის“ ეტაპი იწყება. სწორედ ასეთი „გასხივოსნების“ ისტორიაა პანდემიის დროს დაწერილი „ქალაქის უნდო გალავანიც“, რომლის იდეაც მურაკამის 40 წლის განმავლობაში არ ასვენებდა და რომლის შუახნის გმირიც სიყმაწვილეში დაკარგულ შეყვარებულს სხვა განზომილებაში დაეძებს. უნდოდ აგებული, პარსონაჟთა წარმოსახვით შექმნილი ქალაქი, სადაც ადამიანებს ჩრდილები არ გააჩნიათ, უცებ რეალური, ცოცხალი სხეული ხდება, ცნობიერებას იძენს და მუდმივად იცვლის სახეს, რომ არ გაქრეს, იარსებოს და თავისი ბინადრები არსად გაუშვას. მას გარს ისეთი გალავანი არტყია, რომლიდან გამოღწევაც, შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ამ წიგნში ადამიანები ხორცშესხმულ გარდაცვლილებს ელაპარაკებიან, ბიბლიოთეკის თაროებზე შენახულ, მანათობელი კვერცხის ფორმის ძველ სიზმრებს ხელებით კითხულობენ, თავიანთ შიშებს ებრძვიან და სიყვარულს ელტვიან. ჰარუკი მურაკამიმ მსოფლიო ლიტერატურა ისეთი უჩვეულო მსოფლხედვის პერსონაჟებით დაასახლა, არავის რომ არ ჰგვანან: ვატანაბე, ტორუ ოკადა, კაფ(უ)კა, ტენგო, მიდორი, კუმიკო და ა. შ. თუმცა, ამ წიგნის მთავარ გმირებს სახელი არ გააჩნიათ. რატომ? ამას მკითხველი თავად უნდა მიხვდეს. 76 წლის ჰარუკი მურაკამი არ ღალატობს ახალგაზრდობაში მიღებულ გადაწყვეტილებას, თავი მხოლოდ მწერლობით ირჩინოს. საკუთარი ნიჭითა და შრომით მართლაც მოიპოვა კეთილდღეობა, რადგან მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. იგი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ბოლო ხანს კი მიენიჭა ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია, რომლის ლაურეატებს შორისაც არიან კარლ უვე კნაუსგორი, ისაბელ ალიენდე და სალმან რუშდი.

აილინი

15,90 

შობის დღეებს არავითარი სიხარული არ მოაქვს აილინ დანლოპისთვის – ახალგაზრდა მარტოხელა ქალისთვის, რომელიც მდივნად მუშაობს მოზარდი ბიჭების კერძო გამოსასწორებელ დაწესებულებაში, ცხოვრობს ლოთ მამასთან ერთად და ოცნებობს, გაიქცეს დიდ ქალაქში, რომელიც მის ფანტაზიებში ცოცხლობს. აილინის დღეები სავსეა სევდით, ნაღველით და საკუთარი თავის ზიზღით, ღამეები კი – წვრილმანი ქურდობით, უცნაური ფანტაზიებით და მამის შეშლილი საქციელით.

„მურჰედში“ მოდის ახალგაზრდა ქალი – რებეკა სენტ-ჯონი. აილინი მოიხიბლება მისით და მათი მეგობრობა გადაიზრდება სახიფათო დანაშაულებრივ თამაშში, რომელიც აილინის ყველაზე თამამი წარმოდგენების ფარგლებსაც კი სცილდება.

ამბავს გვიყვება ხანდაზმული აილინი, იხსენებს წარსულს, თავისი უღიმღამო, უსიხარულო ცხოვრების უკანასკნელ დღეებს იმ ცივ, პირქუშ ქალაქში.

ძალაუფლება და პროგრესი

29,90 

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ყოველგვარი ტექნოლოგიური ცვლილება – იქნება ეს შუა საუკუნეებში სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება, ინდუსტრიული რევოლუცია თუ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი – განიხილებოდა კეთილდღეობის უპირველეს მამოძრავებელ ძალად, რომელსაც საზოგადოებისთვის სიკეთე მოაქვს. თუმცა, სინამდვილეში, ტექნოლოგია ვითარდება იმის მიხედვით, თუ რა სურთ და რის სჯერათ ძლევამოსილ ადამიანებს – გამორჩეულებს სიმდიდრით, სოციალური სტატუსითა თუ პოლიტიკური გავლენით. დანარჩენებისთვის – ანუ უმეტესობისთვის – პროგრესი ილუზიაა.

დარონ აჯემოღლუ და საიმონ ჯონსონი, ეკონომიკის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები, გვთავაზობენ ეკონომიკისა და ისტორიის გაბედულ ინტერპრეტაციას, ძირს უთხრიან მიღებულ აზრს იმის შესახებ, როგორ მუშაობს ეკონომიკა და აღწერენ, ვინ სარგებლობს კეთილდღეობით და ვინ რჩება კეთილდღეობის მიღმა.

ავტორები გვთავაზობენ ხედვას, როგორ უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს ტექნოლოგიების განვითარების გზა, რათა ნამდვილი, საყოველთაო კეთილდღეობით მთელმა საზოგადოებამ ისარგებლოს.

მოკლე ინტერვიუები ამაზრზენ კაცებთან

29,90 

ამ კრებულით დევიდ ფოსტერ უოლესი უშიშრად და სრული თავდაჯერებით არღვევს მხატვრული ლიტერატურის ყველა შესაძლო საზღვარს. წიგნის სათაური თითქოს საკმარის მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ ის ბევრად მეტია – მის ყველა კუთხეში აბზაცებს შორის ჩამალულ მოულოდნელობებს ვაწყდებით.

მოკლე ინტერვიუებში დახატული „ამაზრზენი“ პორტრეტები ხშირად ძალიან ნაცნობია და ფამილარულისა და გამაოგნებლის ზღვარზეც გადის. აღსარებითი გულწრფელობით გამოძერწილი უზუსტესი დეტალები ზომიერადაა გაზავებული ავტორის იუმორით, რაც ტექსტებს დამატებით გემოს სძენს. ის, რასაც ფოსტერ უოლესი ამ კრებულით აღწევს, დიდი მწერლის ნიჭისა და შესაძლებლობების სრულყოფილი გამოვლინებაა, რომელიც მკითხველისთვის რთული, მაგრამ შეუდარებელი საჩუქარია.

„და ისიც არასოდეს მოსვლიათ აზრად, რომ, საკუთარი განსხვავებულობის ასე რომ სჯერათ, მაგიტომაც არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან.“

თამაში გრძელდება

20,90 

„თამაში გრძელდება“ – მერაია უაიეთი განქორწინებული და მეგობრებისგან იზოლირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც სრულიად დაცლილია სურვილებისა და მოტივაციისგან. იგი იმ თაობის ტიპური განსახიერებაა, რომელიც ჭარბმა თავისუფლებამ დააავადა და ემოციებისგან განძარცვა.

ჯოან დიდიონის ეს პატარა რომანი გვიანდელი 60-იანი წლების ამერიკული ცხოვრების წესს აშიშვლებს და მთელი თაობის განწყობას წარმოგვიდგენს: საზოგადოება გაბეზრებულია,
მოწყენილია, იმედგაცრუებულია, რაზეც ავტორი მკითხველს დაუნდობლად მოუთხრობს.

მოქმედება ვითარდება კარგისა და ცუდის მიჯნაზე – ჰოლივუდში, ლას ვეგასსა და მოჰავეს უდაბნოს მწირ ხრიოკებში, რაც წიგნის ხასიათსაც ძერწავს და მონათხრობსაც ჰმატებს სიმძაფრეს. გამოსვლიდან ამდენი წლის შემდეგაც წიგნი უკიდურესად შეგრძნებითია, რაც მერაია უაიეთის ამბავსა და კრიზისში აღმოჩენილი ნაღები საზოგადოების ჯურღმულში გვექაჩება და გვითრევს.

„რატომაა იაგო ბოროტი? – იკითხავს ზოგი.
მე ამ კითხვას არასოდეს ვსვამ“

შვილობილი

8,90 

ეს წიგნი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაწარმოების მოცულობას საერთო არაფერი აქვს აზრის სიღრმესთან და ზემოქმედების ძალასთან.

ეს ემოციური ამბავი ირლანდიაში, უექსფორდში ხდება. ოჯახის დიასახლისი მორიგ ჯერზე დაორსულდა და ხელმოკლეობის გამო უფროსი გოგონებიდან ერთ-ერთი ზაფხულში დროებით საცხოვრებლად შორეულ ნათესავებს მიაბარეს. გოგონამ არ იცის, როდის დაბრუნდება სახლში. თავად იდეა ბავშვის უცხო ადამიანებთან გაგზავნის უცნაური და სასტიკიც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ოჯახს სხვა გამოსავალი არ აქვს – ფინანსური გაჭირვების გამო იძულებულია, ასე მოიქცეს.

უცხო ოჯახში, უცხო ხალხთან ბავშვი გარემოცულია სითბოთი და სიყვარულით, რაც აქამდე არასდროს ჰქონია და ნელ-ნელა პოულობს სულიერ სიახლოვეს ადამიანებთან, რომლებიც მისი სისხლით ნათესავები არ არიან.

მაგრამ საიდუმლო მჟღავნდება და უცებ გოგონა აღმოაჩენს, თუ როგორი მოჩვენებითი იყო მისი იდილია.