ომი

14,90 

„ომის“ პერსონაჟი ყოფილი პოლიტიკოსია, რომელმაც პარტია დატოვა, თუმცა საკუთარი თავის ტყვეობას ვერსად გაურბის. „დეპუტატი“ ბევრს ესაუბრება ორ მეგობარს, ორ განსხვავებულ არქეტიპს – „ავაზაკსა“ და „მწერალს“. მათთან დიალოგებში წარმოჩნდება ქვეყნის უახლესი ისტორია, მსოფლიოს მიმდინარე ომები, მორალური დილემები და ჰუმანიზმის კრიზისი.

„არჩილ ქიქოძის რომანში ომი უხილავია. საზოგადოებას დამაკავშირებელი ძაფები გაუწყდა. ყველა ყველას წინააღმდეგაა. ყველა თავისებურად ცდილობს გადარჩენას, მიუხედავად იმისა, რომ გადასარჩენი თითქოს არაფერი ხდება.

რომანის მთავარი პერსონაჟი მკითხველმა თვითონ უნდა გამოიცნოს. „ომს“ გმირები არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს სამი ნიღაბი, როგორც ძველ დრამებში ან კომედია დელ არტეში – დეპუტატი, მწერალი და ავაზაკი.

ძველად ფიქრობდნენ, რომ ცხოვრება მოკლეა, ხელოვნება კი დღეგრძელი; რომ არსებობს მარადიული ფასეულობები და ჭეშმარიტება. „ომში“ ეს უთუობა შერყეულია. გადარჩება თუ არა ეს ფასეულობები? და თუ გადარჩება, როგორ და ვის ხელში? – ესაა „ომის“ მთავარი შეკითხვა.

ძველ თეატრში ნიღაბი ორი იყო – ტრაგიკული და კომიკური. „ომსაც“ ეს ორი სახე აქვს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იშვიათად თუ შესძლებია ვინმეს, ასე ზუსტად აღეწერა ის, რასაც მათეს სახარებაში დღის სიბოროტე ჰქვია. არჩილ ქიქოძე ამ სიზუსტეს წყვეტილი, ფრაგმენტული, მოზაიკური აღწერით ახერხებს. გროტესკი და რეალიზმი განურჩეველი ხდება.“

პერუს დღიური

13,90 

„პერუს დღიურის“ დიდი ნაწილი ეთმობა ლათინოამერიკულ ლიტერატურას, რომელიც ავტორის თანმდევია სელვას ჯუნგლებიდან (ამაზონიის მზისგან მიუწვდომელი დაბლობი), ზღვის დონიდან 4600 მეტრზე მდებარე აუსაგანტას ტბებამდე მოგზაურობისას. მის მიმოხილვაში ხვდებიან სარმიენტო, ოტერო სილვა, როა ბასტოსი, არგედასი და ქართველი მკითხველის უმეტესობისთვის ჯერაც უცნობი სხვა ავტორები.

ამ დიდი ლიტერატურის წამყვანი თემები – რევოლუცია, წინააღმდეგობა და სასოწარკვეთა არჩილ ქიქოძის მონათხრობს რეფრენად გასდევს. ავტორის ფიქრი ვერ სცილდება ოჯახსა და მეგობრებს. მოგზაურობის პარალელურად, 2024 წლის დეკემბერში, თბილისში დემონსტრანტებს საპოლიციო ძალები გადამეტებული სისასტიკით უსწორდებიან. თითქოს მათთან არყოფნის საკომპენსაციოდ, სელვას ჯუნგლებში ხეტიალისას, თავადაც ხიფათში აღმოჩნდება.

წიგნი ხიფათიანი მოგზაურობის გულახდილ სურათთან ერთად მარიო ვარგას ლიოსასთან გამოსამშვიდობებელი ელეგიაცაა, მასთან საბოლოო გამოთხოვება.

ლიტერატურული მიმოხილვის პარალელურად, მკითხველის თვალწინ იშლება პერუს ფლორისა და ფაუნის საოცარი მრავალფეროვნება: ჰუაკაჩინას ოაზისი, სალკანტაის მარშრუტი, არეკიპას „თეთრი ქალაქი“, სელვას ხაფანგივით ჯუნგლები, სადაც ავი სული „ჩულია ჩაკი“ ბინადრობს; მთისა და ტყის ფრინველები: ჰოაცინი, კარაკარა, ანდური კლდის მამალი, და „ნატურალისტებისთვის საოცნებო“ ბევრი სხვა სახეობა.