ქალაქის უნდო გალავანი

32,90 

ჰარუკი მურაკამი თავის ახალ რომანში კვლავაც აგრძელებს ხილულ სინამდვილეში ჩამალული მისტიკისა და მისტიკაში ჩამალული მოუხელთებელი რეალობის კვლევა-ძიებას. ქართველ მკითხველს უყვარს მისი მოულოდნელი, გონებამიუწვდომელი პარალელური სამყაროები, უცხო განზომილებები, სადაც პერსონაჟის „მე“ გარდაიქმნება და სხვა სივრცის ნაწილი ხდება. იქ ავლენს გმირი საკუთარ ქვეცნობიერში დაფარულ მისწრაფებებს; ცდილობს, გაარკვიოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება უკან, ყოველდღიურობაში დაბრუნების შემდეგ, იმ ახალ ცოდნასთან ერთად, რომელზეც მანამდე ხელი არ მიუწვდებოდა. მისტიკურ სამყაროში ხეტიალის მერე კი მის სიცოცხლეში ერთგვარი „თვალახელილობის“ ეტაპი იწყება. სწორედ ასეთი „გასხივოსნების“ ისტორიაა პანდემიის დროს დაწერილი „ქალაქის უნდო გალავანიც“, რომლის იდეაც მურაკამის 40 წლის განმავლობაში არ ასვენებდა და რომლის შუახნის გმირიც სიყმაწვილეში დაკარგულ შეყვარებულს სხვა განზომილებაში დაეძებს. უნდოდ აგებული, პარსონაჟთა წარმოსახვით შექმნილი ქალაქი, სადაც ადამიანებს ჩრდილები არ გააჩნიათ, უცებ რეალური, ცოცხალი სხეული ხდება, ცნობიერებას იძენს და მუდმივად იცვლის სახეს, რომ არ გაქრეს, იარსებოს და თავისი ბინადრები არსად გაუშვას. მას გარს ისეთი გალავანი არტყია, რომლიდან გამოღწევაც, შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ამ წიგნში ადამიანები ხორცშესხმულ გარდაცვლილებს ელაპარაკებიან, ბიბლიოთეკის თაროებზე შენახულ, მანათობელი კვერცხის ფორმის ძველ სიზმრებს ხელებით კითხულობენ, თავიანთ შიშებს ებრძვიან და სიყვარულს ელტვიან. ჰარუკი მურაკამიმ მსოფლიო ლიტერატურა ისეთი უჩვეულო მსოფლხედვის პერსონაჟებით დაასახლა, არავის რომ არ ჰგვანან: ვატანაბე, ტორუ ოკადა, კაფ(უ)კა, ტენგო, მიდორი, კუმიკო და ა. შ. თუმცა, ამ წიგნის მთავარ გმირებს სახელი არ გააჩნიათ. რატომ? ამას მკითხველი თავად უნდა მიხვდეს. 76 წლის ჰარუკი მურაკამი არ ღალატობს ახალგაზრდობაში მიღებულ გადაწყვეტილებას, თავი მხოლოდ მწერლობით ირჩინოს. საკუთარი ნიჭითა და შრომით მართლაც მოიპოვა კეთილდღეობა, რადგან მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. იგი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ბოლო ხანს კი მიენიჭა ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია, რომლის ლაურეატებს შორისაც არიან კარლ უვე კნაუსგორი, ისაბელ ალიენდე და სალმან რუშდი.

დენს დენს დენს

30,90 

მისტიკურ დეტექტივში „დენს დენს დენს“ სიუჟეტი „ცხვარში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში. მისი ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა. რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც ‒ რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში… ადამიანი-ცხვარი ამ „რაღაცის“ ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს… “

მწერლობა, როგორც ხელოვნება

16,95 

თუ რომანის შეთხზვა თვითგამოხატვის საშუალებაა, წერის პროცესის აღწერაც აუცილებლად მოიაზრებს საკუთარ თავზე თხრობას. ამდენად, ჰარუკი მურაკამის „მწერლობა, როგორც ხელობა“ ერთგვარი ავტობიოგრაფიული ესეების კრებულია. რატომ გახდა მწერალი? ყოველდღიურად სასტიკ რეალობას ვაწყდებოდი, ამიტომ მინდოდა ჩემით გამოჩორკნილი კონტა სამყარო, თავშესაფარი მქონოდაო. რატომ დაწერა ეს წიგნი? იმიტომ, რომ მკითხველს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მომავალ მწერლებს კი მკაფიოდ და პრაქტიკულად უჩვენოს გზა, – გრძელი, რთული და წინააღმდეგობრივი, – რომელიც თავად გაიარა. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც აინტერესებს შემოქმედებითი აზროვნების ბუნება – როგორ ყალიბდება შინაგანი ხმა სიტყვებად და როგორ იქცევა ყოველდღიური გამოცდილება ხელოვნებად. „მჯერა, ადამიანი იმიტომ არ წერს რომანებს, რომ ეს ვინმემ სთხოვა. ის წერს, რადგან მოთხოვნილება აქვს: ძლიერი შინაგანი მოტივაცია უბიძგებს, წეროს და გაუძლოს ყველა გასაჭირს, რომელიც მწერლობას ახლავს“.

1Q84

44,90 

თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ქალაქი ტოკიო, 1984 წელი…
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწე­რალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქ­ტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება…
როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.

საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული

30,90 

ორი სხვადასხვა სამყაროს ჰარმონიული შეთავსება, თავიდან სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოდ რომ გეჩვენება, სიუჟეტური ხაზის განვითარებას ეხმარება. ავტორი მშვიდად გვპასუხობს ბუნებრივად გაჩენილ შეკითხვებზე: „ეს რა არის?“ „რატომ?“ „რას გულისხმობს?“ რომელიღაც მომენტში რომანის დასასრული ისეთი სისწრაფით ახლოვდება, რომ სუნთქვა გეკვრის. ფინალი, როგორც ყოველთვის, უამრავ კითხვას ტოვებს, და მხოლოდ ორიოდე მკაფიო პასუხს იძლევა.

ისე, სულ ორი სიტყვითაც შეიძლება ამ რომანის დახასიათება – არარეალურის რეალურობა! იქნებ სწორედ ეს ხიბლავს ჰარუკი მურაკამის მკითხველს!..

1978 წელს 29 წლის ჰარუკი მურაკამი ჯაზის ბარის მფლობელი იყო ტოკიოს ცენტრში. აპრილის ერთ დღეს, ბეისბოლის თამაშის ყურებისას, რომანის დაწერის მუზა ეწვია და მისი ცხოვრებაც შეიცვალა. პირველმა რომანმა, „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“, დებიუტანტი მწერლების კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო წელს გამოქვეყნდა კიდეც. თუმცა მურაკამის პოპულარობა 1987 წელს „ნორვეგიული ტყის“ გამოცემამ განსაზღვრა. ნაწარმოებმა ის უბრალო მწერლიდან ფენომენად აქცია, მისი ყველა წიგნი ბესტსელერი გახდა და 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

ჰარუკი მურაკამი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე
აღიარებული და პოპულარული მწერალია.