თანამედროვე კლასიკა
მღვდლის ქალიშვილი
29,00 ₾„1984“-ისა და „ცხოველების ფერმის“ ავტორის, ჯორჯ ორუელის ადრეული რომანი „მღვდლის ქალიშვილი“ მოგვითხრობს პროვინციელი ანგლიკანელი კლერიკოსის ახალგაზრდა ასულის, დოროთი ჰეარის ცხოვრებაზე.
1935 წელს დაწერილი ეს ნაწარმოები მკვეთრად განსხვავდება ზემოხსენებული ორი წიგნისგან. მასში ორუელი ფსიქოლოგიური რეალიზმის ოსტატად გვევლინება. რომანის გმირი ღვთისმოსავი ახალგაზრდა ქალია, რომლის ცხოვრებაც მამისა და ეკლესიის მსახურებით, მოხუცებულთა დახმარებით შემოიფარგლება.
უბედური შემთხვევის შედეგად დოროთი მეხსიერებას კარგავს, რის შემდეგაც იწყება მისი ოდისეა სრულიად ახალ, უცხო გარემოში: უსახლკაროებსა და ქურდბაცაცებს შორის. საკუთარი თავისა და სამსახურის ძიებაში დოროთი ხან სვიის პლანტაციაზე ცდილობს ლუკმაპურის შოვნას, ხანაც მასწავლებლად მოეწყობა ერთ კერძო სკოლაში. საკუთარი თავის მოპოვების შემდეგ, ანუ მეხსიერების აღდგენისა და სარწმუნოების დაკარგვის შედეგად, იგი უბრუნდება ჩვეულ საცხოვრებელს, ჩვეულ გარემოს, ჩვეულ ვალდებულებებს; კვლავ გრძელდება უწყვეტი ჯაფით აღსავსე ყოფა, მაგრამ მისი ცხოვრება უკვე სხვაგვარი გამხდარა – იმედისა და რწმენის გარეშე.
ჩარჩები
35,00 ₾ცნობილი ესპანელი მწერლის, ანა მარია მატუტეს (1925-2014) ტრილოგია „ჩარჩები“ გასული მე-20 ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამ ტრილოგიით მატუტემ ომისშემდგომი ესპანეთის ფილოსოფიური და ემოციური პანორამა შექმნა. როგორ შევინარჩუნოთ ზნეობა, პატიოსნება და ღირსება სამყაროში, სადაც ოპორტუნიზმია გამეფებული? როგორ გადავლახოთ საზოგადოებაში გაჩენილი ღრმა უფსკრული? რა ფასად გვიჯდება დუმილი იმ პირობებში, როცა ხმის ამოღება მორალური ვალდებულებაა? ეს ის საკითხებია, რომლებზეც მატუტე „ჩარჩებში“ მსჯელობს, თუმცა პასუხებს ყოველთვის როდი გვთავაზობს. აკი თავადაც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: „მე ვწერ იმისთვის, რათა მკითხველი დავაფიქრო, მისგან მივიღო ის პასუხები, თვითონ რომ ვერ მოვიძიე, ვწერ იმისთვისაც, რომ პროტესტი გამოვთქვა.“
დაბრმავება
35,00 ₾ელიას კანეტი (1905-1994) ბრიტანელ-ავსტრიელი მწერალია, მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნობელის 1981 წლის პრემიის ლაურეატი. „დაბრმავება“ მწერლის მთავარ ნაწარმოებადაა მიჩნეული. 1936 წელს გამოცემულ ამ რომანში წიგნებისადმი სიყვარული კაცს სიგიჟემდე, საბოლოოდ კი სიკვდილამდე მიიყვანს. წარმოიდგინეთ 25 ათასი წიგნით სავსე გამოქვაბული. კედლებს მაღალი თაროები გასდევს. არც ფანჯარა, არც მზის სხივი, არც დღის სინათლე არ არღვევს სქელ-სქელი ფოლიანტების მყუდროებას. ეს პეტერ კინის სამფლობელოა. ვენელი ბიბლიომანი და „თავისი დროის უდიდესი სინოლოგი“ ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ბინადრობს, როგორც ნიჟარაში – სამყაროსგან გაუცხოებული, უცნაური და მარტოსული.