ქალიშვილი

19,00 

ტამარა დუდა (ნამდვილი სახელი და გვარი – ტამარა ჰორიხა ზერნია) დაიბადა 1976 წლის 5 იანვარს კიევში. დაამთავრა ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. „ქალიშვილი“ მისი სადებიუტო რომანია. ის 2019 წელს გამოიცა და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება – ბიბისიმ დუდას ნაწარმოები წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა. 2022 წელს მწერალს შევჩენკოს პრემია მიენიჭა. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის პირველივე წელს დუდა მოხალისედ წავიდა ფრონტზე, მოგვიანებით კი თავის მეუღლესთან ერთად აქტიურად ზრუნავდა უკრაინელი ჯარისკაცების მომარაგებაზე – როგორც საკვებით, ისე აღჭურვილობით.

როგორც წიგნის შესავალში თავად ავტორიც აღნიშნავს, „ქალიშვილი“ იმდენად არის დოკუმენტური წიგნი, რამდენადაც ეს მხატვრული ნაწარმოებისთვის არის შესაძლებელი. „ყოველი დიალოგი მართლაც შედგა, ყოველი ეპიზოდი მართლაც მოხდა, ოღონდ სხვაგან და სხვა თანამიმდევრობით. ყოველი გმირის უკან რეალური პროტოტიპი დგას,“ – ამბობს დუდა. ლიტერატურის ერთი ცნობილი კრიტიკოსის აზრით, „ქალიშვილი“ უნდა წაიკითხოს ყველამ, ვისაც კი სურს, უკეთ გაერკვეს რუსეთ-უკრაინის ომის ჭეშმარიტ მიზეზებში. რომანი ითარგმნა ინგლისურად, ლატვიურად, ლიეტუვურად, პოლონურად, მაკედონიურად და ახლა უკვე ქართულადაც.

სახლი დომინიკისათვის

19,00 

„სახლი დომინიკისთვის“ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული უკრაინელი მწერლის, ვიქტორია ამელინას მეორე რომანია. მასში მოთხრობილია ლვოვში მცხოვრები გარუსებული უკრაინული ოჯახის დრამატული მოვლენებით აღსავსე ამბავი, რომელიც, თავად ავტორის აღიარებით, ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც შეიცავს. რომანში იდენტობის ძიების პროცესი უკავშირდება ავტორის მშობლიური ქალაქის წარსულს, მის დაკარგულ ებრაულსა და პოლონურ მემკვიდრეობას. მთხრობელად კი გვევლინება, არც მეტი, არც ნაკლები… პუდელი, სახელად დომინიკი. ეს ხერხი საშუალებას აძლევს ავტორს, მოვლენები სრულიად მოულოდნელი, ხშირად კომიკური კუთხით დაგვანახვოს. დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც საკუთარი ბინიდან უყურა კიევის დაბომბვას, ვიქტორიამ „ტვიტერზე“ დაწერა: „ომია, როცა ვეღარ ადევნებ თვალს ახალ ამბებს და გლოვობ მეზობლებს, რომლებიც შენ მაგივრად დაიღუპნენ სულ რამდენიმე კილომეტრში.“

ნულოვანი წერტილი

15,00 

ახალგაზრდა უკრაინელი მწერლისა და პატრიოტი მეომრის, არტემ ჩეხის დოკუმენტური მოთხრობები ემყარება მისსავე დღიურებს, რომლებსაც ავტორი 2015-2016 წელს დონბასში, ფრონტის ხაზზე ყოფნისას აწარმოებდა. ეს გახლავთ გულწრფელი, ამაღელვებელი ჩანაწერები სამშობლოს ერთგული ერთი ჩვეულებრივი ადამიანისა, რომლისთვისაც უცხო არ არის არც შიში და არც დაეჭვება, მაგრამ რომელსაც არ ტოვებს საბოლოო გამარჯვების იმედი. ავტორი არ ცდილობს, თავისი თავი ან თანამებრძოლები გმირებად წარმოგვიდგინოს. მისი ტექსტები მოკლებულია პათეტიკას, მათში ვერ ნახავთ სინამდვილის შელამაზების ცდას, ვერ იპოვით იდეალიზებული, უშიშარი ეპიკური მეომრის პორტრეტებს. პირიქით, ჩეხის თვითირონიით გამსჭვალული პროზა სწორედ იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ უაღრესად გულახდილი და ლაკონიურია. ამაშია „ნულოვანი წერტილის“ მთავარი ღირსება.

ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა

15,00 

„ეს კრებული ჩაფიქრებულია, როგორც სხვადასხვა ამბის მეშვეობით მოთხრობილი ერთი ისტორია, – ამბობს კატერინა ბაბკინა მოთხრობების კრებულზე „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს თავისი ქვეყნის წარსული, ოღონდ არა როგორც რაღაც აბსტრაქტული მოვლენების ნუსხა, არამედ როგორც კონკრეტული, სრულიად უბრალო ადამიანების გამოცდილება. „მინდა ვიცოდე, რამ ჩამოაყალიბა თანამედროვე უკრაინელები ისეთად, როგორებიც ისინი დღეს არიან: რომელმა ტრაგედიებმა, რა გასაჭირმა, რა გარემოებებმა, რომელმა საზოგადოებრივმა ნორმებმა.“ „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“ აერთიანებს მცირე ზომის 12 მოთხრობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული ხუთი ოჯახის ისტორიას გვიამბობენ. მოქმედება ხან 1920-იანი წლების ხარკოვში ხდება, ხან 21-ე საუკუნის დონბასში, ავტორი გვერდს არ უვლის არც მეორე მსოფლიო ომის ტრავმებს, და არც ჰოლოდომორის ტრაგედიას, ოღონდ ამ ყველაფერს ახერხებს ცალკეული ადამიანებისა და მათი ოჯახების ისტორიების გადმოცემის გზით.