P/F

10,90 

არამ პაჩიანი თანამედროვე სომეხი ავტორია, არაერთი ეროვნული და უცხოური პრემიის მფლობელი (მათ შორისაა ევროკავშირის პრიზი ლიტერატურისთვის). მისი პირველი რომანი – „ნახვამდის, ჩიტო“ – 2012 წელს თავის სამშობლოში ბესტსელერი გახდა და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს.

2020 წელს გამოქვეყნებული P/F არამ პაჩიანის ერთ-ერთი უახლესი ნაწარმოებია – ფრაგმენტული, ექსპერიმენტული რომანი, რომელიც ჩანახატების კრებულს მოგვაგონებს. პოეტური სახეებითა და ახალი სიტყვებით გაჯერებულ ტექსტში დიდი ადგილი უკავია ძველი და ახალი ერევნის, მთხრობელის მოგონებებისა თუ აწმყოს შთაბეჭდილებების უჩვეულო სინთეზს. პროტაგონისტი, მეტსახელად P/F ქალაქის ქუჩებში მიუძღვის მკითხველს, ყურადღებას უმახვილებს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე, პარალელურად კი ადამიანური გრძნობების ქაოსში ხვევს. მთხრობელის ცნობიერების ნაკადი საბოლოოდ ქალაქის წიაღში ჩაკარგულ, ღვთისგან დავიწყებულ მდინარე გეტარს ერთვის, რომელიც, ავტორის შეხედულებით, სიცოცხლეს განასახიერებს.

შავი ჭირის ღამეები

29,90 

გამოგონილი კუნძული – მინგერი – დაშლის პირას მყოფი ოსმალეთის იმპერიის ნაწილია და სადღაც, კრეტასა და კვიპროსს შორის მდებარეობს. მისი მოსახლეობა თითქმის თანაბრად იყოფა მუსლიმ თურქებად და მართლმადიდებელ ბერძნებად. გემი „აზიზიე“ კუნძულის პორტში შესასვლელად ემზადება იმისათვის, რომ კუნძულზე ოსმალეთის იმპერიის მთავარი სანიტარიული ინსპექტორი – ბონკოვსკი ფაშა გადასვას, რომელსაც მინგერში მოსალოდნელი შავი ჭირის ეპიდემიის თავიდან აცილება ევალება. გემით სულთან აბდულჰამიდის ძმისშვილი, ახლად დაქორწინებული ფაქიზე სულთანი და მისი მეუღლე – ექიმი ნურიც მოგზაურობენ. როდესაც სულ ცოტა ხანში მინგერის კუნძულზე ბონკოვსკი ფაშას კლავენ, ექიმი ნური იძულებული ხდება, მისი მისიის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს.

ნობელის პრემიის ლაურეატის, თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის ნაწილობრივ დეტექტივის, ნაწილობრივ რომანის ფორმით დაწერილი ისტორიული ამბის, „შავი ჭირის ღამეების“ თემები – ნაციონალიზმი, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტი, იმპერიის ნგრევა, პანდემიის პოლიტიკური შედეგები – საოცრად ეხმიანება თანამედროვე სამყაროს პრობლემებს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს მათზე.

ლუბლინელი მაგი

19,90 

რომანის მოქმედება ხდება XIX საუკუნის ბოლოს პოლონეთში – ლუბლინსა და ვარშავაში. მთავარი გმირი, იაშა მაზური მაგია – პოლონეთში სახელგანთქმული მეფოკუსე, აკრობატი, ცხოველების მწვრთნელი, ჰიპნოტიზიორი. მას შეუძლია სხვისი აზრების კითხვა, ნებისმიერი საკეტის გაღება, კედელში გავლა… პოლონელ ებრაელთა თემში გაზრდილი იაშა, რომელიც მისი თანამედროვე დასავლური მეცნიერებისა და ცოდნის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენს, მუდმივად ორჭოფობს და ორ სამყაროს შორის იხლიჩება.

ერთ დღესაც ქალების გულთამპყრობელი მაგი გადაწყვეტს, რომ უფლის მცნება დაარღვიოს და თავისი ტალანტი ბოროტებას – ქურდობას მოახმაროს. მაგრამ მისცემს კი ბედისწერა ამის საშუალებას?

ისააკ ბაშევის ზინგერი (1904-1991) პოლონურ-ებრაული წარმოშობის დიდი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატია (1978). „ლუბლინელი მაგი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანია და იდიშენოვანი ლიტერატურის გამორჩეულ ნაწარმოებადაა მიჩნეული.

კიშოტი

30,90 

წიგნში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

შეიძლება, ბომბეიდან ლონდონამდე და ნიუ იორკამდე წარმოსახვითი გვირაბი გათხარო, გამოიარო, ბავშვობის მოგონებების ნაწილი თან წამოიღო, ზოგი კი უკან მოიტოვო ან, სულაც, ნაღმებივით გზადაგზა მიმოფანტო – ერთ დღესაც თავადვე რომ დაადგა არეული ფეხი.

შეიძლება, ვარსკვლავებს მინდობილმა ნატვრა ჩაუთქვა და ჯეპეტოს ახალი სადარდებელი გაუჩინო – საკუთარი წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილებისა და სიყვარულის საიდუმლოს მაძიებელი არსება.

შეიძლება, ერთდროულად ორი ადამიანიც იყო – მარადიული ღიმილით სახედადაღული მოხეტიალე მოხუცი ან ჯაშუშური რომანების ავტორი „დონ კიხოტეს“ გადაწერის ამბიციითა და თავის პერსონაჟზე არანაკლები ნაღმებით ფეხქვეშ.

პერსონაჟების კვალდაკვალ ამ გვირაბს კიდევ ერთხელ გაივლის სალმან რუშდი, რომელმაც თხრა მრავალი წლის წინ დაიწყო, უამრავ ნაღმზე გაიარა, სამყარო ორივე თვალით შეისწავლა და მიხვდა – შესაფასებლად ერთიც იკმარებდა.

ვეგეტარიანელი

14,90 

ჰან კანგი 1970 წელს დაიბადა სამხრეთ კორეაში, ლიტერატურულ ასპარეზზე კი 1993 წელს გამოვიდა პოეტური ნაწარმოებებით. რომანი „ვეგეტარიანელი“ 2007 წელს გამოქვეყნდა კორეაში, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და 2016 წელს ბუკერის პრემიის გამარჯვებული გახდა, რამაც ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

2024 წელს კანგმა ნობელის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში „მძაფრი, პოეტური პროზისთვის, რომელიც თამამად უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და დაუნდობელი გულახ­დილობით საუბრობს ადამიანურ სიმყიფეზე“. ის გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა.

„ვეგეტარიანელი“ მოგვითხრობს ქალზე, სახელად იონგჰეზე, რომელიც ქმართან ერთად მიჰყვება არაფრით გამორჩეული ცხოვრების მდორე დინებას, სანამ ერთ ღამეს კოშმარული ზმანება ეწვევა. საზარელი ხილვებისგან გასათავისუფლებლად ქალი ერთბაშად გადაწყვეტს, ხორცის ყოველგვარი პროდუქტი თავიდან (და სახლიდან) მოიშოროს. იონგჰეს ეს გადაწყვეტილება მისი გარშემომყოფების მიერ გაუგებარ ამბოხად ფასდება, თუმცა ამბავი სცდება ერთი ქალის მიერ ხორცის აკრძალვის გამო შექმნილ დისკომფორტს – რომანი, რომელსაც ბევრი კაფკას „გარდასახვას“ ადარებს, სამი ნაწილისგან შედგება და სამი განსხვავებული თვალთახედვით მიჰყვება იონგჰეს გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული მოვლენების უცნაურ ჯაჭვს. ავტორი უხერხულობამდე მისული გულახდილობით აშიშვლებს ადამიანის ბრუტალურ ბუნებას, სიმყიფისა და ძალადობის უცნაურ ტანდემს; ეძიებს საკუთარ სხეულთან დაპირისპირების, ეროტიზმის, რეალობის უარყოფის ღრმად მიმალულ საწყისებს.

დემიანი

11,90 

უდიდესი გერმანელი მწერლის, ჰერმან ჰესეს (1877-1962) მიერ 1919 წელს დაწერილი „დემიანი“ ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელსაც „აღზრდის რომანის“ ჟანრს მიაკუთვნებენ. წიგნი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. რომანში აღწერილია მთავარი გმირის – ახალგაზრდა კაცის, ემილ სინკლერის, ზნეობრივი და სოციალური ჩამოყალიბების ისტორია. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება პირმოთნე საზოგადოების მორალის ნორმებს და საკუთარ თავში თანდათანობით აღმოაჩენს სიღრმისეულ „მე“-ს. ამაში მას ეხმარება დემიანი, უცნაური ჭაბუკი თუ, უბრალოდ, გმირის წარმოსახვაში არსებული იდუმალი მეგობარი…

დიქტატორის ზარი

14,90 

ისმაილ კადარეს რომანი „დიქტატორის ზარი“ ერთ იდუმალებით მოცულ ამბავს იკვლევს – 1934 წელს იოსებ სტალინსა და პოეტ ბორის პასტერნაკს შორის შემდგარ ხანმოკლე სატელეფონო ზარს. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენიდან კადარე ქმნის ტექსტს, რომელიც ძალაუფლებაზე, ლიტერატურაზე და ხელოვანსა და ტირანიას შორის რთულ ურთიერთობაზე დაგვაფიქრებს.

მწერალი რომანში არ ცდილობს თავად საუბრის რეკონსტრუქციას, რომლის ზუსტი დეტალები დღემდე უცნობად რჩება. სამაგიეროდ, კადარე განიხილავს ამ ზარის რამდენიმე ინტერპრეტაციასა და მის შედეგებს სტალინური ეპოქის კონტექსტში. იკვლევს შიშებისა და ეჭვების იმ ატმოსფეროს, რომელიც საბჭოთა კავშირში ინტელექტუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; იკვლევს იმასაც, თუ როგორ შეეძლო პოლიტიკურ ძალაუფლებას, შემოქმედებითი ხელოვნების სფეროში შეჭრილიყო.

„დიქტატორის ზარი“ დახვეწილი და ღრმა ნაწარმოებია, რომელიც აზრის თავისუფალი გამოხატვისა და რეპრესიულ სახელმწიფოში ხელოვანთა როლის მარადიულ კითხვებს ეხმიანება.

ტალღების ხმაური

12,90 

იუკიო მიშიმა (ნამდვილი სახელი სახელია კიმიტაკე ჰირაოკა) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იაპონელი მწერალია. მისი ცხოვრებაცა და შემოქმედებაც დრამატიზმითაა სავსე. მიშიმას სტილი განსაკუთრებულია – ესთეტიზმი, სულიერება, სიკვდილი თუ სუიციდი, იაპონური ტრადიციები და გმირული სულისკვეთება, სიყვარულისა თუ პიროვნული ძიებები მისი ნაწარმოებების მთავარი თემებია…

„ტალღების ხმაური“ მიშიმას შემოქმედებისათვის უჩვეულოდ ნათელი რომანია. მოქმედება ვითარდება შემოსაზღვრულ გარემოში, კუნძულ უტაჯიმაზე, რომლის მიკროსამყაროც თითქოს უფრო სუფთა და დაცულია ბოროტებისგან.

მთავარ გმირს, ახალგაზრდა მეთევზეს, კუნძულზე ახალდაბრუნებული მყვინთავი გოგო უყვარდება. მეთევზე ბიჭი მამით ობოლი და ღარიბია, მყვინთავი მდიდარი ოჯახის შვილია. ეს, ერთი შეხედვით, კლასიკური ისტორიაა, მაგრამ სიუჟეტი ღრმა და საინტერესო განვითარებას იძენს.

რომანი სიყვარულისა და სიწმინდის ამბავია, რომელშიც ტრადიციები, შინაგანი ბრძოლა და ადამიანური ღირსება ერწყმის ერთმანეთს.

განშორებათა წითელი წიგნი

14,90 

ფინელი დრამატურგის, მწერლისა და ქვიარ აქტივისტის, პირკო საისიოს ეს წიგნი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექსტია, რომელშიც სათავისო ბარიკადს ყველა ის მკითხველი აღმოაჩენს, ვისაც იდეოლოგიური, პოლიტიკური, სექსუალური და, რაც მთავარია, შინაგანი ცვლილება, რადიკალური გარდასახვა და ამით სრული ჰარმონიის მიღწევა უნდა.

თხრობა 2002 წლის აგვისტოს ცხელ დღეს იწყება, თუმცა მალევე ინაცვლებს გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ფინეთი იყო წითელი, წითლად აზროვნებდა და სადაც კი წინააღმდეგობას აწყდებოდა, წითელ კვალს ტოვებდა. მაგრამ სწორედ აქ იფურჩქნება ლურჯი ზაფრანების თაიგული – კანონით აკრძალული სიყვარული და ამბავიც კარდიოგრამასავით ცვალებადი, ტეხილი, აღმასვლითა და დაცემით სავსე ხდება.

პირკო საისიო უშურველად გვიყვება საკუთარ ისტორიას, რისთვისაც მესამე პირში თხრობას ამჯობინებს, თუმცა როგორც კი სცენაზე გულის სიღრმეში დაუნჯებული ყველაზე სათუთი ეპიზოდი გამოაქვს, პირველ პირს ისევე იბრუნებს, როგორც ერთ დროს საკუთარი თავი დაიბრუნა და ნახსენებ ჰარმონიასაც მიაღწია.

სკუგა-ბალდური

10,90 

„სკუგა-ბალდური“ თანამედროვე ისლანდიელი ავტორის, სიონის, მოკლე, მაგრამ სრულიად გამორჩეული და შთამბეჭდავი რომანია.

მწერალს პოეტური, მეტაფორებითა და სიმბოლოებით გაჯერებული, ამავე დროს უაღრესად ლაკონიური ენით შევყავართ ორ, სრულიად განსხვავებულ სამყაროში: ერთი, ესაა სკუგა-ბალდურზე, ისლანდიური ფოლკლორიდან აღმოცენებულ მისტიკურ მელაზე ნადირობის თემა, რომელიც სცდება უბრალოდ დევნას და ეხება ისეთ მარადიულ საკითხებს, როგორებიცაა ადამიანის ვნება, დაიმორჩილოს ბუნება, და ბედისწერის გარდაუვალობა ამავე ბუნებასთან ჭიდილში.

მეორე, ესაა დაუნის სინდრომის მქონე ქალისა და კეთილშობილი ადამიანის, მისი გადამრჩენელის სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ისტორია. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს ორი სიუჟეტური ხაზი მოულოდნელად ერთმანეთს გადაკვეთს…

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის ისლანდიაში ვითარდება, „სკუგა-ბალდური“ თავისი მარადიული თემებით, ერთგვარი შემზარავი ესთეტიზმით, ფოლკლორული საწყისებითა და მრავალშრიანობით უაღრესად თანამედროვე მხატვრულ სინამდვილეს ქმნის.

თამაში რიოში მარგალიტებით

25,90 

ჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.

ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება.

ჰესეს „თამაშის“ მთავარ იდეად ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ ადამიანის სწრაფვა მიაჩნია, რომანის გმირის, იოზეფ კნეხტის, ფილოსოფიურ არსს კი მწერალი ურთერთსაპირისპირო საწყისების ბრძოლაში და მათ გაერთიანებაში ხედავს.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი, ფიქრობს, რომ ჰერმან ჰესემ თავის ბოლო რომანში ნათელმხილველის გუმანით იმ ჯადოსნური, ინტელექტუალური მანქანის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შესაძლებელი გახდა აზრების დიგიტალურ ნიშნებად გარდაქმნა. ტიმოთი ლირის აზრით, „თამაშის დიდი მეტაფორის“ გაშიფვრის შედეგად, 1976 წელს, ვიხილეთ ის ნაყოფი ცნობადის ხისა, რომელსაც „APPLE“ ჰქვია.

გაჭენებული ცხენები

27,90 

„გაჭენებული ცხენები“ უმნიშვნელოვანესი იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას (1925-1970) ტეტრალოგიის მეორე რომანია. სიუჟეტი ვითარდება 1930-იანი წლების იაპონიაში და მოგვითხრობს ისაო ინუმაზე, გულმხურვალე და იდეალისტ ახალგაზრდაზე, რომელიც შეპყრობილია იმპერატორის ძალაუფლების აღდგენითა და იაპონიის დასავლური გავლენებისგან განწმენდის იდეით. ისაო ღრმად არის შთაგონებული სამურაის ეთიკითა და წარსულის სულიერებით. ის სათავეში უდგას შეთქმულებას, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და კორუმპირებული ბიზნესლიდერების დასჯაა.

რომანი ასახავს პატივისცემის, ერთგულების, მოდერნიზაციასა და ტრადიციას შორის კონფლიქტის თემებს. მიშიმა ამ რომანში იკვლევს ინდივიდუალურ იდეალებსა და საზოგადოებრივ რეალობას შორის ბრძოლას, ხაზს უსვამს ქმედებასა და ფიქრს შორის არსებულ კონფლიქტსა და მის ტრაგიკულ შედეგებს.

„გაჭენებული ცხენები“ დამაჯერებლად აღწერს სიკვდილის მშვენიერებას, მის არსს, მის მორალურ, რელიგიურ თუ პატრიოტულ მოტივებს. რომანში ნათლად იკვეთება წმინდად იაპონური ესთეტიკა გმირობისა, თუმცა, ამავდროულად, ცხადი ხდება სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და ღალატის, ღირსებისა და კომპრომისის ზოგადსაკაცობრიო ხასიათი.

ჩიტბატონა

49,90 

13 წლის მოზარდი თეო დეკერი დედასთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ხელოვნების უდიდეს ნიმუშებს ათვალიერებს. ამ დროს ტერორისტები ბომბს აფეთქებენ. დედა იღუპება, თვითონ კი სასწაულის ძალით გადაურჩება ტერაქტს. როდესაც აფეთქების შემდეგ გონს მოდის, თავის გვერდით აღმოაჩენს მომაკვდავ მოხუცს, რომელიც აძლევს ბეჭედს და უბარებს, რომ უიშვიათესი სურათი, ძველი ჰოლანდიელი ოსტატის, კარელ ფაბრიციუსის შედევრი „ჩიტბატონა“, მუზეუმიდან გაიტანოს. მამისგან მიტოვებული თეო, სრულიად მარტოდმარტო, ნიუ-იორკში ხან მდიდარ ოჯახს აფარებს თავს, ხან ავეჯის რესტავრატორსა და ანტიკვარს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხეტება ლას-ვეგასსა და ამსტერდამში და ერთადერთ ნუგეშად რჩება მუზეუმიდან მოპარული სურათი, რომელიც წყევლაა, ფსკერისაკენ რომ მიაქანებს, და, ამავე დროს, იმედის სუსტი ძაფიცაა, რომელიც სინათლისკენ ეწევა…

დონა ტარტი (დ. 1963 წ.) ამერიკელი მწერალი და ესეისტია. მისი რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მათგან საუკეთესო, „ჩიტბატონა“, 2013 წელს გამოქვეყნდა და 2014 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. იმავე წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ დონა ტარტი „მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში შეიყვანა. 2019 წელს გამოვიდა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი.

ნილოსის ღვთისმშობელი

15,90 

რომანში „ნილოსის ღვთისმშობელი“ მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში აფრიკაში, რუანდაში, ქალთა სამონასტრო სკოლა-პანსიონში. აქ მოზარდი გოგონები ცხოვრობენ, სწავლობენ და ემზადებიან, რომ გახდნენ კარგი ცოლები. ამასობაში კი ქვეყანაში ვითარება იძაბება. ჰუტუსა და ტუტსის ხალხებს შორის მწიფდება ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს…

სქოლასტიკ მუკასონგა (დ. 1956 წ.) რუანდაში დაიბადა და ცხოვრობდა. გენოციდის დროს ამოწყვიტეს ტუტსის ტომის მრავალი ათასი წარმომადგენელი, მათ შორის ავტორის ოჯახის 27 წევრი. იგი გადაურჩა ეთნიკურ დევნას, 1992 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში და წერს ფრანგულად. რომანი „ნილოსის ღვთისმშობელი“ 2012 წელს გამოვიდა და რამდენიმე ლიტერატურული პრემია მოიპოვა. ქართულად ქვეყნდება პირველად.