21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები
თეთრი ღამეები
24,95 ₾ურშულა ჰონეკის ეს ორიგინალური, ცალკეული მოთხრობებისგან შემდგარი რომანი, რომელიც პრესტიჟული პრემიის, „კონრადის“ ლაურეატი გახდა, პოლონეთის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ბინადარ ადამიანებზე მოგვითხრობს – სინათლისა და სიბნელის გზაგასაყარზე მცხოვრებ, ჩუმ, შეუმჩნეველ ადამიანებზე, რომელთაც, ავტორისავე სიტყვებითვე რომ ვთქვათ, არასოდეს მისცემიათ საკუთარ ხვედრზე ლაპარაკის შესაძლებლობა.
მწერალი ფრთხილად, სულიერი სიფაქიზითა და სინაზით უახლოვდება თავის გმირებს, თანაგრძნობით აკვირდება მათ ყოფას, სულით ხორცამდე ითავისებს ამ ადამიანთა ერთი შეხედვით უინტერესო, მოსაწყენ ყოველდღიურობას და ბევრ ისეთ რამეს ხედავს და განიცდის, რაც სხვებისთვის უხილავი და შეუმჩნეველი რჩება. ისინიც, თითქოს მისი ჩუმი თანაგრძნობით მოხიბლულნი, დაუფარავად უზიარებენ გულისნადებს, სხვისთვის, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც, გაუმხელელ სურვილს, ოცნებას, სასოწარკვეთას, შიშსა და ტკივილს.
წიგნში შესული თითოეული მოთხრობა მარტოხელა ადამიანთა ან ოჯახების ცხოვრებაში მცირე ხნით შეღებული კარია, რომელსაც, ალბათ, თავიდანვე აჯობებს, გვერდი აუარო (ცხადია, თუ ამას მოახერხებ), მაგრამ თუ სულმა წაგძლია და ერთხელ მაინც შეიჭყიტე შიგნით, იქაურ გარემოს თვალს ვეღარ მოწყვეტ და ნანახის დავიწყებაც გაგიჭირდება.
ლიტერატურას აქვს უდიდესი უნარი იმისა, რომ სასტიკ რეალობაშიც სილამაზე გაპოვნინოს. ურშულა ჰონეკის ეს კრებული სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია.
კაიროსი
29,95 ₾ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“, ერთი მხრივ, პოეტური ენით დაწერილი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც სქესის, ასაკობრივ თუ კლასობრივ კავშირებს იკვლევს. ამავე დროს სიყვარულის ბნელი მხარეების წარმოჩენასაც არ უშინდება და ძალაუფლების, თანადამოკიდებულების, ეროსის შრეებს საოცარი სიზუსტითა და სიმამაცით აშუქებს.
რომანი ერთი ქვეყნის, მისი იდეოლოგიის და ამ იდეოლოგიაში მცხოვრები განწირული საზოგა დოების ფაქიზ და მკაფიო ანალიზს გვთავაზობს. სრულიად განსხვავებული პერსპექტივით მოგვითხრობს ბოლო პერიოდის აღმოსავლეთ
გერმანიის (გდრ) შესახებ. დიდი ოსტატობით გვიყვება იმაზე, თუ რაოდენ პოლიტიკურია ყველაფერი, რასაც ჩვენ პირადს ვეძახით და როგორ წამლავს ტყუილზე, ძალაუფლების შენარჩუნებასა და ადამიანების კონტროლზე დაფუძნებული რეჟიმი ყველაზე სანატრელს და ძვირფასს, რაც ჩვენ, ადამიანებს, გვაბადია:სიყვარულს.
მისნის სიმღერა
24,95 ₾პოლ ლინჩის რომანი „მისნის სიმღერა“ ასახავს ერთი ოჯახის ბრძოლას გადარჩენისთვის, როცა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმი მყარდება. სწორედ ბუკერის ჯილდოს მფლობელი ამ რომანით ვიწყებთ „ინტელექტის“ ახალ სერიას „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები“.
ავტორის თქმით, წიგნის მთავარ ინსპირაციად იქცა სირიის სამოქალაქო ომი, ლტოლვილთა კრიზისი და დასავლეთის გულგრილობა ლტოლვილთა მდგომარეობისადმი. რომანში მოქმედება ირლანდიაში ვითარდება. ქვეყანა ტირანიისკენ მიბრუნებული მთავრობის ხელშია და ეილიშ სტეკს მხოლოდ ის შეუძლია, უმწეოდ უყუროს, როგორ ქრება მისი ნაცნობი სამყარო, როგორ ეშლება ოჯახი სახელმწიფოს დამხობის თანმდევი მოვლენებით.
ეილიშის ამბის მაგალითზე მკითხველი ხედავს რეპრესიებისთვის, ომისთვის გადახდილ ადამიანურ ფასს, ხედავს ზარალს, დანაკარგს, ტკივილს. ჯერ მისი ქმარი უჩინარდება, შემდეგ მისი უფროსი ვაჟი. არსებობისთვის ბრძოლა ეხება წვრილმანებსაც: უნდა იშოვოს საკმარისი რძე ბავშვისთვის, მოუაროს ქალაქის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეხსიერებადაკარგულ მამას, შეეგუოს სამსახურიდან დათხოვას.
ჩვენ ვხედავთ, რამდენად უსუსურია ცივილიზებული ფენის მოქმედება, მაგრამ ამასთანავე მტკიცეა მათი მომავლისადმი რწმენა. რატომ ფიქრობდა ამდენი ადამიანი, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა, რატომ არ ცდილობდნენ სამშობლოდან ადრევე გაქცევას?
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ