Showing all 12 resultsSorted by latest

სამი სხეულის ამოცანა

34,90 

სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაში პირველად, აზიელმა ავტორმა მსოფლიო ლიტერატურული ელიტა სრულად დაიმორჩილა. საუკეთესო რომანისთვის მინიჭებული „ჰიუგოს“ პრემია მხოლოდ დასტურია იმისა, რომ ლიუ ცისინის საგა ჟანრის ახალი ეტალონია – წიგნი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი გენიისთვის საზღვრები არ არსებობს. სიუჟეტი 1960-იანი წლების ჩინეთში, კულტურული რევოლუციის სასტიკი რეპრესიების ფონზე იწყება. გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზა „წითელ სანაპიროზე“ ახალგაზრდა ასტროფიზიკოსი, იე ვენძიე, კოსმოსში საბედისწერო და სარისკო სიგნალს აგზავნის. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ქმედებამ დედამიწის მომავალი სამუდამოდ შეცვალა. იდუმალი ვირტუალური თამაში „სამი სხეული“ მხოლოდ გასართობი არაა – ეს არის პორტალი სამყაროში, სადაც სამი მზე სიცოცხლეს ყოველ წამს ქაოსურად ანადგურებს. ვანმა უნდა გაარღვიოს „მეცნიერების საზღვრების“ შეთქმულება, რათა გაიგოს, ვინ არიან ადამიანთა მოდგმის მოღალატეები და რა ელის დედამიწას, როდესაც კოსმოსური უკუთვლა ნულს მიაღწევს. „გელოდებით ჩვენთან! მე დაგეხმარებით ჩვენი სამყაროს დაპყრობაში. ჩვენს ცივილიზაციას აღარა აქვს საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარი. თქვენი ჩარევა ძალიან გვჭირდება“ – ერთი ქალის შურისძიებამ კოსმოსში უპრეცედენტო ექსპედიცია დაძრა. ადამიანთა ტირანია უნდა დასრულდეს, რადგან სამყარო უკვე ტრისოლარს ეკუთვნის. ოთხ-ნახევარი საუკუნე განკითხვის დღემდე – ათვლა უკვე დაწყებულია.

განათლებული

34,90 

ტარა და მისი და-ძმები აიდაჰოს მთებში გაიზარდნენ, ღრმად მორწმუნე მორმონების ოჯახში. გოგონა ცხრა წლის ისე გახდა, სახელმწიფოსთვის არ არსებობდა – დაბადების მოწმობა არ გააჩნდა, ექიმი თვალით არ უნახავს, სკოლაში ფეხი არ შეუდგამს, მეგობრები არ ჰყოლია…

ტარა ვესტოვერის მემუარების წაკითხვის შემდეგ, მართლაც მთელი სიცხადით გავიაზრებთ, რას ნიშნავს სინამდვილეში, იყო „განათლებული“. ეს წიგნი დაგვეხმარება, მუდამ ვეძიოთ საკუთარი ხმა, ვიცნობდეთ საკუთარ თავს და გავაღწიოთ სინათლეში.

ფანატიკოსმა მშობლებმა საგულდაგულოდ იზრუნეს, შვილები უფლისგან განდგომილი, ბილწი საზოგადოების დამღუპველი გავლენისგან დაეცვათ და მოემზადებინათ „ზიზღის დღეებისთვის“, „სამყაროს აღსასრულისთვის“, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი მორმონები გაუძლებდნენ.

ტარამ გააღწია მოჯადოებული წრიდან. ალალბედზე, უსინათლოსავით ხელის ცეცებით შეაბიჯა უცხო სამყაროში. ჯართის თრევასა და ოჯახურ ტირანიაში გაზრდილი, „არარსებული“ ბავშვი, რომელმაც ჰოლოკოსტის შესახებ პირველად ჩვიდმეტი წლისამ შეიტყო, დღეს კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი და ჰარვარდის მკვლევარია.

თუმცა, დაუჯერებელი პიროვნული ტრანსფორმაცია, პირქუშ წარსულზე უარის თქმა, წყვდიადიდან გამოღწევა, განათლება და თავისუფლება ოჯახის მოღალატედ შერაცხილ, უახლოესი ადამიანების მიერ გარიყულ ტარა ვესტოვერს უდიდესი ადამიანური მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ამ ყველაფერზე ის თავად გვიამბობს – გულწრფელად და შეულამაზებლად, რათა გვაჩვენოს, რა ძალა აქვს ადამიანის სულს, რომელიც იბრძვის, იპოვოს საკუთარი ხმა იქ, სადაც მას მიზანმიმართულად ახშობენ; დაგვარწმუნოს, რომ ადამიანის ხელახალი დაბადება, ძირეული სახეცვლა შესაძლებელია.

ტარა ვესტოვერის მემუარების წაკითხვის შემდეგ, მართლაც მთელი სიცხადით გავიაზრებთ, რას ნიშნავს სინამდვილეში, იყო „განათლებული“. ეს წიგნი დაგვეხმარება, მუდამ ვეძიოთ საკუთარი ხმა, ვიცნობდეთ საკუთარ თავს და გავაღწიოთ სინათლეში.

ტოლკინი: ბიოგრაფია

24,90 

მკითხველისთვის „ჰობიტის“, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „სილმარილიონის“ ავტორის პირადი ცხოვრებისა თუ შინაგანი ძიებების გაცნობა მარტივი ამოცანა არ ყოფილა, თუმცა მაიკლ უაითმა მას სანაქებოდ გაართვა თავი და მართლაც გამორჩეული ნაშრომი შემოგვთავაზა.

ჯ.რ.რ. ტოლკინის ბიოგრაფია პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, რაც ნამდვილად გაახარებს პროფესორის მიერ შექმნილი სამყაროს თაყვანისმცემლებს. მკითხველისთვის „ჰობიტის“, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „სილმარილიონის“ ავტორის პირადი ცხოვრებისა თუ შინაგანი ძიებების გაცნობა მარტივი ამოცანა არ ყოფილა, თუმცა მაიკლ უაითმა მას სანაქებოდ გაართვა თავი და მართლაც გამორჩეული ნაშრომი შემოგვთავაზა.

ჩვენ დავინახავთ, რომ ტოლკინის შემოქმედების საძირკვლად სამხრეთ აფრიკაში გატარებული ადრეული წლები, პირველი მსოფლიო ომის სასაკლაო და ოქსფორდის კოლეჯებში სწავლის ათწლეულები იქცა. უძველესი ენების კვლევამ ავტორის მაძიებელ და მითოსში მოგზაურობის მოყვარულ გონებას უბიძგა, შეექმნა სამყარო, რომელმაც მილიონობით ადამიანს სულში იმედის სხივი აუნთო და აღტაცების უშრეტ წყაროდ ექცა. ამ წიგნით თითქოს პირადად ვეცნობით კაცს, რომელმაც წარსულიდან მოღწეული უძველესი მასალით მომავლის ყველაზე პოპულარულ ჟანრს დაუდო დასაბამი. ტოლკინი არ იყო უბრალოდ მწერალი – ის იყო „მეორეული შემოქმედი“, რომელმაც ჩვენი ყოველდღიურობის ახალი, ჯადოსნური განზომილება დაგვანახა.

BTS: კეი-პოპის კერპი

29,00 

სამხრეთკორეული პოპჯგუფი, რომლის დიდება კორეის საზღვრებს გასცდა და თანდათანობით მთელი მსოფლიო დაიპყრო, ფენომენალურ მოვლენად მიიჩნევა მუსიკალურ ინდუსტრიაში. BTS არა მხოლოდ კეი-პოპის კერპია მგზნებარე და განსაკუთრებულად ერთგული ფანკლუბებით, არამედ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კორეული მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც მილიონობით ადამიანის გულებში შეაღწია.

ედრიენ ბესლის ეს ბიოგრაფიული წიგნი BTS-ის თავბრუდამხვევ გზაზე მოგვითხრობს – გზაზე, რომელიც ჯგუფის შვიდმა წევრმა გაიარა პრაქტიკანტებიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე; კორეული გასართობი შოუებიდან მსოფლიოს უდიდეს არენებამდე. აქ წაიკითხავთ, როგორ მოახერხა სამხრეთკორეულმა პოპჯგუფმა მსოფლიოს დაპყრობა და რამ განაპირობა მისი თავბრუდამხვევი წარმატება.

დიუნის მესია

29,00 

„კვლავ იწყება დრამა“, – თქვა მაშინ პოლმა. მუად’დიბის ჯიჰადს უკვე ათეულობით პლანეტა და მილიარდობით ადამიანი ჰყავს წალეკილი. ღმერთს გასჩენია მეხოტბები, მომლოცველები, ფანატიკოსები და განდგომილები. მან იცის მომავალი და მისი ტყვეა. მტრებად ჰყავს ბედისწერა, ვალდებულება და სამყაროს უძველესი, უძლიერესი ორდენები; მოკავშირეებად ჰყავს ისინი, ვისაც უყვარს იგი.

„დიუნის მესიის“ წაკითხვამდე აუცილებლად უნდა იცნობდეთ სერიის პირველ წიგნს, „დიუნს“. მეორე წიგნი არის საფეხური, რომელიც ამ საკულტო ნაწარმოებს ფანტაზიის სიმაღლეებიდან ფილოსოფიის სიღრმეებისკენ ატრიალებს, თუმცა არც პირველს აკლია მეორე და არც მეორეს – პირველი. ატრეიდესების საოცარი საგა უჩვეულოდ გრძელდება, როგორც უნდა გაგრძელდეს ამბავი მისი, ვინც არის

„სალოსი წმინდანი,
ოქროს მგზავრი უცხო მხარიდან,
სამარადჟამოდ
დასახლებული გონის კიდეზე“.

დიუნი (II ნაწილი)

27,00 

ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.

ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.

დიუნი (I ნაწილი)

29,00 

ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.

ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.

კატა, რომელმაც წიგნები გადაარჩინა

19,00 

რა მოხდება, თუკი წიგნებს შენი დახმარება სჭირდებათ?

სოსუკე ნაცუკავას საერთაშორისო ბესტსელერი, რომელიც 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და რომელსაც კრიტიკოსები ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის „პატარა უფლისწულს“ და ჰაიაო მიაძაკის „Spirited Away“-ს ადარებენ, გულითადი იაპონური იგავია კატებზე, წიგნებსა და იმ უხილავ მაგიაზე, რომელიც ჩვენს სულებს აერთიანებს.

თუკი გჯერა, რომ კატები საიდუმლოებებს ინახავენ, და რომ წიგნებს შეუძლიათ სამყაროს გადარჩენა – მაშინ ამ მოგზაურობას უნდა აჰყვე.

ჯადოსნურ ჯოხს მიღმა

29,00 

რა ხდება მაშინ, როცა ისტორია სრულდება, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის კარი იხურება და საკუთარი თავის პოვნა გიწევს სამყაროში, სადაც ჯადოსნური ჯოხი ვეღარაფერს წყვეტს?

პირველად ქართულ ენაზე, ტომ ფელტონი – დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი – იუმორით, სევდითა და წარმოუდგენელი გულწრფელობით გვიყვება, თუ რა სიგიჟე და ქაოსი ახლდა მის ცხოვრებას – და როგორ ისწავლა, ყოფილიყო უბრალოდ ტომი და არა დრაკო მალფოი.

„ჯადოსნურ ჯოხის მიღმა“ – ეს ის წიგნია, რომელიც ერთდროულად ნოსტალგიასაც მოგგვრით და სიახლეებითაც გაგაოცებთ. ის შეგახსენებთ, რატომ შეგიყვარდათ პოტერიადას სამყარო და ამავდროულად, გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო და ახლა იმაზე ბევრად საინტერესო ადამიანია, ვიდრე წლების წინ, როცა ჯადოსნური სამყაროს „ცუდი ბიჭის“ როლს ასრულებდა.

ფავნის ლაბირინთი

29,00 

ზღაპრები სტყუიან! ყოველ შემთხვევაში, ის ზღაპრები, რომლებსაც ბავშვობაში გვიყვებოდნენ. ისინი გვიმალავდნენ სიმართლეს, რომ სამყარო არ არის შავ–თეთრი, რომ ურჩხულები ხშირად ადამიანის სახით ჩნდებიან და არჩევანი ზოგჯერ წარმოუდგენლად რთულია. მაგრამ არსებობს ზღაპრები, რომლებიც სარკესავითაა – ისინი სასტიკ, მაგრამ აუცილებელ სიმართლეს გვიყვებიან. „ფავნის ლაბირინთი“ სწორედ ასეთი სარკეა. ის არ გპირდებათ კომფორტს, ის გპირდებათ სიმართლეს – მტკივნეულ, მაგრამ განმწმენდელ სიმართლეს ადამიანური სულის ბუნებაზე.

ეს უბრალოდ წიგნი როდია. ეს იშვიათი ლიტერატურული მოვლენაა, სადაც ბნელი ფენტეზი, ისტორიული დრამა და ფილოსოფიური იგავი ერთმანეთს ერწყმის და ქმნის შედევრს, რომელიც თაობებს შთააგონებს – გილიერმო დელ ტოროს გენიალური წარმოსახვა და კორნელია ფუნკეს უბადლო პროზა ძერწავს სამყაროს, რომელიც ერთდროულად სასტიკიცაა და მშვენიერიც, ტრაგიკულიც და იმედით სავსეც. ეს არის გამოცდა, რომელიც თქვენს წარმოდგენებს სიკეთესა და ბოროტებაზე თავდაყირა დააყენებს. და ის თქვენ გელით.

მეოთხე ფრთა

45,00 

ოცი წლის ვაიოლეტ სორენგეილი მწიგნობრობისთვის ემზადებოდა, სურდა, წიგნებს შორის ეცხოვრა და ისტორია ეკვლია, მაგრამ ნავარის არმიის გენერალ-მაიორმა, მისმა უდრეკმა და შვილისთვისაც კი ულმობელმა დედამ მას სხვა ბედი არგუნა: ვაიოლეტი უნდა ჩადგეს ასობით სხვა კანდიდატს შორის, რომლებიც ნავარის ელიტის, დრაკონის მხედრების რიგებში მოსახვედრად იბრძვიან.

როცა სხვებზე პატარა და მყიფე ხარ, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილია ჩასაფრებული და შეიძლება, ყოველი ამოსუნთქვა უკანასკნელი იყოს. დრაკონები სუსტ ადამიანებს არ ირჩევენ – ისინი მათ ფერფლად აქცევენ.

კადეტების უმეტესობა ვაიოლეტს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, მეტოქე რომ ჩამოეშორებინა და ამით თავისი შანსები გაეზარდა. ზოგი კი იმიტომ ემტერება, რომ ის დედამისის შვილია. მათ შორისაა ზეიდენ რიორსონი – მხედართა კვადრანტის ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ფრთამეთაური.

გადასარჩენად ვაიოლეტს სწორედ ის იარაღი დასჭირდება, რასაც სხვებზე უკეთ ფლობს – განსწავლულობა და გონიერება. მაგრამ კოლეჯის კედლებს გარეთაც ომი სულ უფრო მძვინვარებს, სამეფოს დამცავი ბარიერები სუსტდება და ვაიოლეტი ხვდება, რომ მმართველები საზარელ საიდუმლოსა და ღალატს მალავენ. ასეთ დროს სამყაროსა და ადამიანს მხოლოდ საარაკო თავგანწირვა, მეგობრობა და სიყვარული თუ იხსნის.

ბასგიათის სამხედრო სასწავლებლიდან გამოსასვლელად კი მხოლოდ ორი გზა არსებობს: იფრინო ან მოკვდე.