სოვლაბი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
ერობა, თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918 (ტომი 1)
30,00 ₾წიგნში თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებზე, რომლებიც 1917 წლის რევოლუციიდან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდში ტარდებოდა. ნაშრომის ბოლოს მიმოხილულია რეფორმის პრაქტიკაში განხორციელება, დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობითი ინსტიტუტების მუშაობა და მათი ჩართულობა წინააღმდეგობის მოძრაობაში საბჭოთა ოკუპაციის პირველ წელს. ნაშრომი ეხება 1918-1920 წლების საერობო რეფორმას.
ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი
20,00 ₾წიგნი “ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი” 1921 წლიდან ბერლინში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებებს აერთიანებს. იგი თავის სოციალ-დემოკრატ მეუღლეს, მიხეილ წულიკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერლინში, სადაც ქრისტინემ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო. მოგონებებში ის სწორედ თავისი ურთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხრობს. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც პოლიტიკური ემიგრაცია ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული.
აქვეა წარმოდგენილი ქრისტინე წულუკიძის ძმის, იონა თოდუას ე.წ. “გაქცევის დღური”. ლამის ყოველდღიური ჩანაწერები, რომლებიც 1921 წლის 6 მარტიდან 28 აპრილამდე იწერებოდა. ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით ასახავს ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების საქართველოდან გადახვეწის ამბავს. იონა თოდუა ამ პერიოდში მათ თან ახლდა. ეს დღიური ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჩანაწერების გაკეთება მოგვიანებით კი არა, პროცესების კვალდაკვალ ხდებოდა.
პირისპირ, ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე 1 ტომი
25,00 ₾კრებული აერთიანებს ზეპირ ისტორიებს სოვლაბის საზოგადოებრივი არქივიდან. ინტერვიუები ჩაწერილია საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერორის თითქმის ყველა ტალღის მსხვერპლთა შთამომავლებთან. პირველი ტომი აერთიანებს 26 ზეპირ ისტორიას სხვადასხვა სოციალური ფენის, პოლიტიკური მრწამსის თუ პროფესიის მქონე ადამიანებისგან. ასევე დაგეგმილია ამ სერიის მეორე და მესამე ტომების გამოცემა, რომლებიც 1980-იან წლების ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
ქალაქი – საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1917-1921
25,00 ₾ნაშრომში გამოკვლეულია საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მისი მუშაობის ისტორია — მათ შორის, რუსეთის იმპერიის პერიოდში ჩატარებული არჩევნები. აქვე გაანალიზებულია შეზღუდული თვითმმართველობები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ქალაქს რუსეთის იმპერიის არსებობისა და 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში მიენიჭა.
ასევე მიმოხილულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა და დეცენტრალიზაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ურბანულ სივრცეებზე და დემოკრატიულად არჩეული თვითმმართველობის ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. ნაშრომში საქართველოს ქალაქებში ჩატარებული თვითმმართველობათა არჩევნების რამდენიმე ციკლიცაა გაანალიზებული.
ჩემი თავგადასავალი
15,00 ₾სიღნაღელი გლეხი, მიხეილ ნატროშვილი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მან ვერმახტის ლეგიონში დაიწყო სამსახური, რის გამოც ის 1945 წელს, სახლში დაბრუნების შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. შრომა-გასწორების კოლონიაში მან შვიდი წელი გაატარა, რის მერეც სახლში დაბრუნების უფლება მიეცა.
მემუარები დაწერილია ქიზიყურ დიალექტზე და გარდა ომის ამბებისა, დეტალურად აღწერს საზღვარგარეთ ყოფნის შთაბეჭდილებებსა და საბჭოთა გულაგს.
ჩემი მოგონებები
20,00 ₾არაქელა ოქუაშვილი მუშა-ხალხოსანი, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი უხუცესი წევრი გახლდათ. მუშათა მოძრაობაში დიდი ავტორიტეტის მქონეს, შემდგომში „სტალინის მასწავლებლის“ სახელითაც იცნობდნენ. მრავალჯერ დაპატიმრებული და გადასახლებული არაქელა 1905 წლიდან ურყევი ბოლშევიკი იყო, თუმცა 1921 წელს მისი და „მოსწავლის“ გზები გაიყო.
1930-იანი წლების შუა პერიოდში დაწერილი ეს მემუარები 1937-1938 წლების დიდი ტერორის დროს ავტორის დახვრეტის შემდეგ საიდუმლოდ ინახებოდა და ის პირველად ამ გამოცემის სახით დაიბეჭდა.
საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ
20,00 ₾მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ისტორიული ფიგურაა, საკუთრივ საქართველოს ბედზე მის გავლენაზე ყურადღება ჯერაც არ გამახვილებულა. დღემდე არ არსებობს ამ ტიპის არც სამეცნიერო, არც სამეცნიერო – პოპულარული და არც თუნდაც მხატვრული ნაშრომი; არ გადაღებულა ფილმი, არ გამართულა კონფერენცია. ეს წიგნი ქართულ დისკურსში მე-20 საუკუნის საქართველოს ბედზე სტალინის როლსა და გავლენაზე ფოკუსირების პირველი მცდელობაა.
ამ წიგნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როცა აშკარა გახდა, რომ, სტალინის ფიგურის პოპულარობის ზრდასთან ერთად, რუსული საინფორმაციო ომის დღის წესრიგში მისი მნიშნვნელობა სულ უფრო წინ იწევდა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გუნდმა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, რასაც ეყრდნობა კიდეც წიგნი. ესაა კოლაბორაციული პროექტი სოვლაბსა და ტექსტის ავტორ მწერალ ლაშა ბუღაძეს შორის, რომელიც აქტიურად მუშაობდა სოვლაბის გუნდთან ერთად.
სიუჟეტი პარალელური თხრობის პრინციპით ვითარდება – ერთი მხრივ, სტალინის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გზა, ხოლო, მეორე მხრივ, მოდერნული და დემოკრატიული საქართველოს პროექტი, რასთან შეუთავსებლობა და კონფლიქტი სტალინის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაფარული და, ამავე დროს, დრამატული ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ წარმოადგენს აკადემიურ ნაშრომს, იგი აღჭურვილია სამეცნიერო აპარატით. კვლევის პროცესში გუნდმა დაამუშავა დოკუმენტური წყაროების ვრცელი კორპუსი და რამდენიმე, დიდწილად დავიწყებული, მნიშვნელოვანი მემუარები, სადაც ავტორები პირად გამოცდილებას ჰყვებიან. ამ ტექსტების უმრავლესობა არასდროს გამოქვეყნებულა.