სკუგა-ბალდური

10,90 

„სკუგა-ბალდური“ თანამედროვე ისლანდიელი ავტორის, სიონის, მოკლე, მაგრამ სრულიად გამორჩეული და შთამბეჭდავი რომანია.

მწერალს პოეტური, მეტაფორებითა და სიმბოლოებით გაჯერებული, ამავე დროს უაღრესად ლაკონიური ენით შევყავართ ორ, სრულიად განსხვავებულ სამყაროში: ერთი, ესაა სკუგა-ბალდურზე, ისლანდიური ფოლკლორიდან აღმოცენებულ მისტიკურ მელაზე ნადირობის თემა, რომელიც სცდება უბრალოდ დევნას და ეხება ისეთ მარადიულ საკითხებს, როგორებიცაა ადამიანის ვნება, დაიმორჩილოს ბუნება, და ბედისწერის გარდაუვალობა ამავე ბუნებასთან ჭიდილში.

მეორე, ესაა დაუნის სინდრომის მქონე ქალისა და კეთილშობილი ადამიანის, მისი გადამრჩენელის სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ისტორია. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს ორი სიუჟეტური ხაზი მოულოდნელად ერთმანეთს გადაკვეთს…

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის ისლანდიაში ვითარდება, „სკუგა-ბალდური“ თავისი მარადიული თემებით, ერთგვარი შემზარავი ესთეტიზმით, ფოლკლორული საწყისებითა და მრავალშრიანობით უაღრესად თანამედროვე მხატვრულ სინამდვილეს ქმნის.

გარიყულები

14,90 

სიუზენ ელოიზა ჰინტონის „გარიყულები“ პირველად 1967 წელს გამოიცა, როცა ავტორი მხოლოდ 19 წლის იყო. ოკლაჰომაში დაბადებული მწერალი რომანში მისთვის კარგად ნაცნობ, 60-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებას აღწერს. წიგნი გვაფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: თვითგამორკვევის კრიზისი, კლასობრივი უთანასწორობა, ოჯახური ძალადობა და ზრდასრულობის სირთულეები.

რომანი14 წლის პონიბოი კარტისისა და მისი მეგობრების ამბავს მოგვითხრობს. პონიბოისთვის სამყარო ორ ბანაკად იყოფა – შეძლებულ სოცებად და ღარიბ გრიზერებად. პონიბოი ამაყობს, რომ გრიზერია და ყოველთვის მზადაა თავისი საძმოს დასაცავად, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მუდამ აწუხებს ეგზისტენციალური კითხვა: რა ყოფს და რა აერთიანებს ადამიანებს?

1983 წელს ფრენსის ფორდ კოპოლამ რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ეკრანიზაცია (“The Outsiders”), წიგნის მსგავსად, საკულტო ნამუშევრად იქცა და დღემდე ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი კინოფილმია.

თბილისი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, დაათვალიერო თბილისის შთამბეჭდავი ნაგებობები, ქანდაკებები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

კოსმოსი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო ფერები, ფორმები, რიცხვები და კოსმოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

დინოზავრები წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით

27,90 

10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, გაიცნო დინოზავრები და ისწავლო მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა

ულვაშები

17,90 

„ულვაშების“ მთავარი პერსონაჟი გამზრდელ ბებიასა და სოფლის სახლს სკოლაში შესაყვანად მოწყვიტეს. მშობლებთან სიახლოვეს მიუჩვეველი ბავშვი დედისა და სკოლის მოლოდინებს, მცდელობის მიუხედავად, ვერ ამართლებს. ამიტომ ქალაქში გადასვლისთანავე წყვეტს, რომ გაიქცეს.

მთხრობელი შინ დაბრუნებას საკუთარი თავისა და სხეულის ძიებით იწყებს 90-იანი წლების აჭარაში და თანამედროვე ევროპულ ქალაქებში აგრძელებს. რომანის ქალ პერსონაჟებს მემკვიდრეობით ერგოთ ოჯახური წნეხისა და ქალობის იდეალებისგან თავის დასაღწევად სახლიდან წასვლა, როგორც ემანსიპაციის ერთადერთი გზა; ისევე როგორც საკუთარ თავთან, დედასთან და დედობასთან კონფლიქტი.

განსხვავებულის გარიყვის ისტორია რომანში მუსლიმური რწმენის მალვით იწყება და თაობათა შორის მეორდება. დასამახსოვრებელი და ცოცხალი პერსონაჟები ტრადიციული ოჯახის თანადგომასა და სისასტიკეს ერთდროულად განიცდიან.

თავის სადებიუტო რომანში თინათინ ნოღაიდელს დრამატული სიუჟეტით, მაგრამ მსუბუქი იუმორით შემოჰყავს აჭარა, კუთხე, რომელიც ასე აკლია ქართულ ლიტერატურას. მნიშვნელოვანია ტექსტში აღწერილი კონკრეტული დრო და სივრცე, ასევე აჭარული დიალექტი, რომელიც მხატვრულ სინამდვილეს კიდევ უფრო ავთენტურს ხდის.

პლაკატი დღეს

49,00 

წიგნში „პლაკატი დღეს“ თავმოყრილი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში შექმნილი პლაკატები, მწვავე და აქტუალური თემატური დიაპაზონით, დახვეწილი მხატვრული გადაწყვეტით, იუმორის ზუსტი პროპორციით შეზავებული ორიგინალურობითა და ფორმის ლაკონიზმით, აბსოლუტურად სინქრონულია დროსთან, ჩვენს ამჟამინდელ რეალობასთან და პლაკატის თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებთან. ეს არის წიგნი, რომლის ფურცვლისას სახეს ღიმილი არ შორდება, გულსა და გონებას კი – ფიქრი თანამედროვე საზოგადოების ფასეულობებზე.

თამაში რიოში მარგალიტებით

25,90 

ჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.

ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება.

ჰესეს „თამაშის“ მთავარ იდეად ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ ადამიანის სწრაფვა მიაჩნია, რომანის გმირის, იოზეფ კნეხტის, ფილოსოფიურ არსს კი მწერალი ურთერთსაპირისპირო საწყისების ბრძოლაში და მათ გაერთიანებაში ხედავს.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი, ფიქრობს, რომ ჰერმან ჰესემ თავის ბოლო რომანში ნათელმხილველის გუმანით იმ ჯადოსნური, ინტელექტუალური მანქანის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შესაძლებელი გახდა აზრების დიგიტალურ ნიშნებად გარდაქმნა. ტიმოთი ლირის აზრით, „თამაშის დიდი მეტაფორის“ გაშიფვრის შედეგად, 1976 წელს, ვიხილეთ ის ნაყოფი ცნობადის ხისა, რომელსაც „APPLE“ ჰქვია.

გადაარჩინე დედამიწა. 100 რამ, რაც უნდა იცოდე

22,90 

ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები დედამიწის შესახებ
სასარგებლო რჩევები

Maid in Tiflis

17,90 

აკა მორჩილაძის Maid in Tiflis ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

თორმეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურ-ჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად და ჩვეულებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს.

აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის და ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.

გააფერადე ტოპო-ტიპი

8,90 

მოიმარჯვე ფერადი ფანქრები ან საღებავები და შენი ხელით შექმენი თაგუნია ტიპის ფერადი სამყარო.

ტოპო-ტიპი პატარა ონავარი თაგუნაა. მისი ძალიან სახალისო და ფერადი ამბები 5 წიგნშია თავმოყრილი და არაერთი ბავშვის საყვარელი საკითხავია.

მოგზაურობა ღამის დასალიერეთში

29,90 

ლუი ფერდინან სელინი (ნამდვილი გვარი დეტუში, 1894-1961) XX საუკუნის ცნობილი ფრანგი მწერალია. ფრანგული ლიტერატურის პოლიფონიაში თავისი რომანით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია მისთვის დამახასიათებელი ხმით, რომელსაც „სელინის მუსიკას“ უწოდებენ. ის შექმნილია სალაპარაკო ფრანგულისა და დეკლასირებულთა ენის – არგოს – გამოყენებით, რაც სელინამდე არავის უცდია.

რომანში მთხრობელია მთავარი პერსონაჟი, ბარდამუ, რომელიც მოგზაურობს ცხოვრებისეული სასოწარკვეთილების უკუნეთში; ის საკუთარ ტყავზე იწვნევს პირველი მსოფლიო ომის საშინელებას, აფრიკაში საფრანგეთის კოლონიის სიდუხჭირეს, ნიუ-იორკსა და დეტროიტში ამერიკული ოცნების მსხვრევას, ადამიანთა სრულიად უბადრუკ ყოფას პარიზის გარეუბნებში, სადაც ამერიკიდან დაბრუნებული, ექიმად იწყებს მუშაობას.

რომანი დიდია, თუმცა თხრობა – დინამიკური და შავი იუმორით გაჯერებული. „სელინის მუსიკა“ არ არის რომანტიკული, მაგრამ სულის შემძვრელი და განმგმირავია. შეუძლებელია არ შეგეცოდოთ სელინის აღწერილი გადაგვარებული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ჯურის გამომძალველების, მატყუარებისა და თაღლითების დიდ გალერეას ქმნიან. რომანში დადებითი პერსონაჟიც გვხვდება: ამერიკელი ქალი, მოლი; ასევე, ნაწილობრივ, ალსიდი – ფრანგი მოხელე აფრიკის მიყრუებულ სოფელში. ამ უკიდეგანო სიბნელეში მოგზაურობის ჟამს, სადაც ზოგჯერ ასეთი შუქიც გაკრთება ხოლმე, ბარდამუ აცნობიერებს, რომ ღამის დასალიერშია.

და რა არის ღამის იქით?

გაჭენებული ცხენები

27,90 

„გაჭენებული ცხენები“ უმნიშვნელოვანესი იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას (1925-1970) ტეტრალოგიის მეორე რომანია. სიუჟეტი ვითარდება 1930-იანი წლების იაპონიაში და მოგვითხრობს ისაო ინუმაზე, გულმხურვალე და იდეალისტ ახალგაზრდაზე, რომელიც შეპყრობილია იმპერატორის ძალაუფლების აღდგენითა და იაპონიის დასავლური გავლენებისგან განწმენდის იდეით. ისაო ღრმად არის შთაგონებული სამურაის ეთიკითა და წარსულის სულიერებით. ის სათავეში უდგას შეთქმულებას, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და კორუმპირებული ბიზნესლიდერების დასჯაა.

რომანი ასახავს პატივისცემის, ერთგულების, მოდერნიზაციასა და ტრადიციას შორის კონფლიქტის თემებს. მიშიმა ამ რომანში იკვლევს ინდივიდუალურ იდეალებსა და საზოგადოებრივ რეალობას შორის ბრძოლას, ხაზს უსვამს ქმედებასა და ფიქრს შორის არსებულ კონფლიქტსა და მის ტრაგიკულ შედეგებს.

„გაჭენებული ცხენები“ დამაჯერებლად აღწერს სიკვდილის მშვენიერებას, მის არსს, მის მორალურ, რელიგიურ თუ პატრიოტულ მოტივებს. რომანში ნათლად იკვეთება წმინდად იაპონური ესთეტიკა გმირობისა, თუმცა, ამავდროულად, ცხადი ხდება სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და ღალატის, ღირსებისა და კომპრომისის ზოგადსაკაცობრიო ხასიათი.

დედისერთა

16,90 

მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი ბავშვი იბადება ნევროლოგიური დაავადებებით, რაც მათ დანარჩენებისგან ძალიან განასხვავებს. ოჯახები ამ ფაქტს ხშირად აღიქვამენ უბედურებად, რომელიც სამუდამო დაღს დაასვამს მათ ცხოვრებას.

გვადალუპე ნეტელის რომანი „დედისერთა“ ორი ახალგაზრდა ქალის ამბავია, რომელთაგან ერთი – ლაურა გადაჭრით ამბობს უარს დედობაზე, ხოლო მის მეგობარ ალინას სულ უფრო უმძაფრდება სურვილი, რადაც უნდა დაუჯდეს, დაფეხმძიმდეს და შვილი გააჩინოს.

როდესაც ექიმების პროგნოზის მიუხედავად, ალინას ქალიშვილი დაბადებისთანავე არ გარდაიცვლება, ხოლო ლაურა მეზობლის შვილზე იწყებს ზრუნვას, ორივე ქალის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

მწერლის სურვილია, ეს რომანი დაგვეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ ადამიანების სხვადასხვაგვარობა მშვენიერი და საინტერესოა და არ არსებობს განსხვავებულის მიმართ შიშის ან მისი უარყოფის საფუძველი.

რომანი „დედისერთა“ 2023 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.

ღამე ჩილეში

13,90 

2000 წელს გამოქვეყნებული „ღამე ჩილეში“, რომელშიც მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება, ოპუს დეის წევრისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, პადრე სებასტიან ურუტია ლაკრუას შემაძრწუნებელი მონოლოგია. ის ფიქრობს, რომ კვდება. ციებ-ცხელების დროს მეხსიერებაში ამოუტივტივდება ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები და როგორც რეალური, ისე წარმოსახვითი პერსონაჟები ურჩხულებად ევლინებიან. მისი მოგონებები მე-20 საუკუნის შუა ხანების ჩილეს ისტორიასა და ლიტერატურას ერწყმის.

ნაწარმოები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი აბზაცისგან შედგება: პირველი აბზაცი პადრე ურუტია ლაკრუას მონოლოგია, მეორე კი მხოლოდ ერთი სტრიქონია.

ბოლანიოს სიტყვებით, მან „ღამე ჩილეში“ შეუჩერებლად დაწერა და, სტილის თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ოდესმე აღმოჩენილა.

საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული

30,90 

ორი სხვადასხვა სამყაროს ჰარმონიული შეთავსება, თავიდან სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოდ რომ გეჩვენება, სიუჟეტური ხაზის განვითარებას ეხმარება. ავტორი მშვიდად გვპასუხობს ბუნებრივად გაჩენილ შეკითხვებზე: „ეს რა არის?“ „რატომ?“ „რას გულისხმობს?“ რომელიღაც მომენტში რომანის დასასრული ისეთი სისწრაფით ახლოვდება, რომ სუნთქვა გეკვრის. ფინალი, როგორც ყოველთვის, უამრავ კითხვას ტოვებს, და მხოლოდ ორიოდე მკაფიო პასუხს იძლევა.

ისე, სულ ორი სიტყვითაც შეიძლება ამ რომანის დახასიათება – არარეალურის რეალურობა! იქნებ სწორედ ეს ხიბლავს ჰარუკი მურაკამის მკითხველს!..

1978 წელს 29 წლის ჰარუკი მურაკამი ჯაზის ბარის მფლობელი იყო ტოკიოს ცენტრში. აპრილის ერთ დღეს, ბეისბოლის თამაშის ყურებისას, რომანის დაწერის მუზა ეწვია და მისი ცხოვრებაც შეიცვალა. პირველმა რომანმა, „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“, დებიუტანტი მწერლების კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო წელს გამოქვეყნდა კიდეც. თუმცა მურაკამის პოპულარობა 1987 წელს „ნორვეგიული ტყის“ გამოცემამ განსაზღვრა. ნაწარმოებმა ის უბრალო მწერლიდან ფენომენად აქცია, მისი ყველა წიგნი ბესტსელერი გახდა და 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

ჰარუკი მურაკამი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე
აღიარებული და პოპულარული მწერალია.

იაკობ ფონ გუნტენი

17,90 

შვეიცარიელი მწერალი რობერტ ვალზერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად მიიჩნევა, 1908 წელს გამოცემული იაკობ ფონ გუნტენი კი მის ყველაზე მნიშვნელოვან რომანად.

დღიურის ფორმით დაწერილი რომანის მთავარი გმირი იაკობ ფონ გუნტენი – ავტორის ალტერ ეგო – მაღალი წრის ოჯახიდანაა; ის ნებაყოფლობით მიდის ბერლინის მსახურთა აღზრდის ინსტიტუტში, რომლის მთავარი პრინციპი საგნების სწავლა კი არ არის, არამედ აღსაზრდელებში მსახურების, მოთმინების და თვინიერების გამომუშავება.

იაკობს სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან აინტერესებს სამყაროს დანახვა და მისი შესწავლა, სურს, ქვევიდან შეხედოს იმათ, ვინც მაღლა დგას და დაინახოს საზოგადოების მექანიზმები, რომლებიც კლავს ყველაფერს, რაც ცოცხალია ადამიანში.

საიდუმლოებით მოცულ, უცნაურ და არცთუ უხიფათო სასწავლებელში სწავლისა და ცხოვრების ფიქციურპოეტური აღწერისას სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ირევა, დღიურის ახალგაზრდა ავტორის სტილს კი ხშირად გასდევს მელანქოლიური კომიკურობა და ირონია.

იაკობი პარაბოლურად აღწერს და აანალიზებს პირველი მსოფლიო ომის წინა წლების საზოგადოების სულიერ მდგომარეობასა და მისწრაფებებს.

ჩიტბატონა

49,90 

13 წლის მოზარდი თეო დეკერი დედასთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ხელოვნების უდიდეს ნიმუშებს ათვალიერებს. ამ დროს ტერორისტები ბომბს აფეთქებენ. დედა იღუპება, თვითონ კი სასწაულის ძალით გადაურჩება ტერაქტს. როდესაც აფეთქების შემდეგ გონს მოდის, თავის გვერდით აღმოაჩენს მომაკვდავ მოხუცს, რომელიც აძლევს ბეჭედს და უბარებს, რომ უიშვიათესი სურათი, ძველი ჰოლანდიელი ოსტატის, კარელ ფაბრიციუსის შედევრი „ჩიტბატონა“, მუზეუმიდან გაიტანოს. მამისგან მიტოვებული თეო, სრულიად მარტოდმარტო, ნიუ-იორკში ხან მდიდარ ოჯახს აფარებს თავს, ხან ავეჯის რესტავრატორსა და ანტიკვარს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხეტება ლას-ვეგასსა და ამსტერდამში და ერთადერთ ნუგეშად რჩება მუზეუმიდან მოპარული სურათი, რომელიც წყევლაა, ფსკერისაკენ რომ მიაქანებს, და, ამავე დროს, იმედის სუსტი ძაფიცაა, რომელიც სინათლისკენ ეწევა…

დონა ტარტი (დ. 1963 წ.) ამერიკელი მწერალი და ესეისტია. მისი რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მათგან საუკეთესო, „ჩიტბატონა“, 2013 წელს გამოქვეყნდა და 2014 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. იმავე წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ დონა ტარტი „მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში შეიყვანა. 2019 წელს გამოვიდა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი.

მეორე სქესი – სინამდვილე და მითები (წიგნი პირველი)

29,90 

მკითხველი ქართულ ენაზე პირველად გაეცნობა წიგნს, რომელსაც ფემინიზმის ბიბლიას უწოდებენ. „მეორე სქესმა“ ადამიანთა მსოფლმხედველობა სრულიად შეცვალა. როგორ მოხდა ადამიანთა ერთობის უთანასწორო გაყოფა? როდის და რა გარემოებათა გავლენით იქცა ქალი „მეორე სქესად“, მამაკაცზე დაქვემდებარებულად? რას მოგვითხრობს ისტორია, მითოლოგია ანდა სოციალური მეცნიერებანი „სუსტი“ სქესის დრამატულ თავგადასავალსა და ქალთა მძიმე ხვედრზე?

ХХ საუკუნის შუა ხანებში სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესმა“ ნამდვილი ინტელექტუალური „მიწისძვრა“ გამოიწვია. კრიტიკოსები აღიარებდნენ, რომ ამის შემდეგ კაცობრიობა ძველებურად ვეღარ იცხოვრებდა. ქალის ისტორიასა და მენტალურ არსს ავტორი ბიოლოგიის, ფსიქოანალიზის, მატერიალიზმის, ანთროპოლოგიისა თუ ფილოსოფიის ჭრილში განიხილავს. მოგვითხრობს, უძველესი ეპოქებიდან დღემდე რა როლი ერგებოდა ქალებს საზოგადოებაში. ეს წიგნი, გარკვეულწილად, ჩაგვრის, ცრურწმენებისა და ყალბი ფასეულობების, ზოგადსაკაცობრიო შეცდომებისა და საბედისწერო ცვლილებების ისტორიაა. ბოვუარი ასაბუთებს, რომ ქალი და მამაკაცი უპირობოდ თანასწორნი არიან.

სიმონ დე ბოვუარი (1908-1986) მწერალი, ფილოსოფოსი, ესეისტი, ნეოფემინისტი, მეათე ქალი იყო, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, სადაც მათემატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, ლათინურსა და ლიტერატურას სწავლობდა. ის მთელი ცხოვრება მცდარი სოციალური მოდელების დამსხვრევას ცდილობდა და დესპოტურ პატრიარქალურ საზოგადოებას ებრძოდა. ბოვუარი სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა თავისი შეურიგებელი შეხედულებების გამო სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ. „მეორე სქესი“ ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო კლასიკად იქცა.

სპილოს მოგზაურობა

12,90 

„სპილოს მოგზაურობა“ სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანია. ავტორი ევროპაში სპილოს პირველად გამოჩენის ამბავს აღწერს. ის პორტუგალიის მეფემ ავსტრიის ერცჰერცოგს საქორწინო საჩუქრად მიართვა.

ლისაბონიდან ვენამდე გზა რთულია და გრძელი. მოგზაურობა სავსეა თავგადასავლებით. სპილო სულეიმანი და მისი მომვლელი გზად არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრებიან.

ევროპაში სპილო აქამდე ჯერ არავის ენახა. სულეიმანის (სოლომონის) გამოჩენამ ხალხი ისე აღაფრთოვანა, რომ ეს გაოცება ისტორიულმა წყაროებმაც შემოინახა.

სარამაგუ ჩვეული სტილით მოგვითხრობს ამბავს. მისი მსუბუქი იუმორი და ირონია მოგზაურებას მეტად საინტერესოს ხდის.

გაცამტვერება

25,90 

2022 წლის იანვარში, „სეროტონინის“ გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, მიშელ უელბეკი მერვე რომანით დაბრუნდა. და ალბათ ესაა მწერლის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი.

მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება: 2026 წელია, მომდევნო წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი კენჭს ვეღარ იყრის, რადგან ორი საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოწურული აქვს. ამიტომ ის უნდა შეცვალოს ადამიანმა, რომელსაც სრულიად ენდობა და თანაც, სამომავლოდ, თანამდებობაზე დასაბრუნებლად პრობლემას არ შეუქმნის. ამ შინაურ პოლიტიკურ დაძაბულობას ერთვის ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ინტერნეტში გავრცელებული უცნაური ვიდეოები, მათ შორის – ყალბიც, თუმცა შემაშფოთებელი, რადგან საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თავის მოკვეთას ასახავს.

როდესაც სამყაროში ასეთი ქაოსია, როდესაც ავადმყოფობა და სიკვდილი სულ უფრო ახლოსაა, ადამიანს რჩება მხოლოდ ოჯახი, ახლობელი ადამიანების თანადგომა და სიყვარული.

ესაა მიშელ უელბეკის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი, რომელიც მკითხველს სიყვარულის შესაძლებლობაში დაარწმუნებს.

ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადი

19,90 

გამხდარი, ლამაზი, ქერა, მდიდარი გოგო ზამთრის ძილისთვის ემზადება.

აბები, კაფსულები, დივანი, ვიდეომაგნიტოფონი და 80-იანი წლების კინო გოგოს ზამთრის ძილისთვის ამზადებენ.

ყურებმადე გაკრეჭილი ვუპი გოლდბერგი გოგოს ხელს ჩასჭიდებს და იმ ფანჯრის წინ აყენებს, საიდანაც ყველას დამავიწყებელი, ყველაფრის წამშლელი და ცხოვრების გადატვირთვისთვის აუცილებელი ვარდნა უნდა დაიწყოს.

ვარდნა იწყება, მაგრამ ეს სულ სხვა გოგოა, სულ სხვა ფანჯარა და მიზეზიც განსხვავებულია. თუმცა, სწორედ, ეს ვარდნა იქცევა ზამთრის ძილისგან გამორკვევისა და სრული განახლებისთვის გაღებულ მსხვერპლად.

ბუკერის პრემიაზე ნომინირებული ოტესა მოშფეგი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც გარდამტეხი მოვლენის კვალდაკვალ მიუყვება წარსულის ტყვე ადამიანის ცხოვრების ერთ წელიწადს, რომელიც ხსნას მხოლოდ მძლავრ შეჯახებაში, აფეთქებაში, სრულ განადგურებასა და ფერფლიდან აღდგენაში ხედავს.

5 დოგმენი რწყილთა ბატონი

14,90 

ყველა გიჟდება დოგმენზე!

მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!

დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.

2 ზებრა იულიუსი ბრიტანელთა ბრდღვინვა

12,90 

გახსოვთ ის შეუპოვარი გლადიატორი, რომელმაც მთელი რომი აალაპარაკა? ისიც იცი, რომ ზებრა იულიუსი ხალხის ჩემპიონი გახდა? ჩვენს მომხიბვლელ ზებრა იულიუსს თავისმა დიადმა გამარჯვებებმა სახელი გაუთქვა და ხალხის საყვარელ ჩემპიონად აქცია. დამქანცველი ბრძოლების შემდეგ ერთ კარგ შვებულებას ნამდვილად იმსახურებს.

3 ჯუდი მუდი დედამიწის მხსნელი

10,90 

გაიცანით ჯუდი მუდი –
თავგუნება, განა ცუდი!

ჯუდი მუდი დედამიწის ხსნას აპირებს! ყოველდღიურად იჩეხება ტროპიკული ტყე, მაგრამ იქნებ თვითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს მის გადარჩენაში?

3 მე და ჩემი დრაკონები როგორ ვიფრინოთ დრაკონებთან ერთად

11,90 

გახსოვს ალბათ, რომ ტომასს პატარა დრაკონი, ციმცი, ჰყავს. ტედს, კეტსა და კაისაც ჰყავთ დრაკონები − ცმუკია, ბროლა და მზისა. მათთან ერთად ყოველი დღე თავგადასავალია. ერთი ციმციმებს, მეორე ყინულს აფრქვევს, მესამე ცეცხლით ცას ფარავს. მათ გარეშე ცხოვრება მეგობრებს ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ, შარს რომ არ გადაეყარონ, ერთ დღეს დრაკონები აუცილებლად უნდა გაუშვან.

როგორ უნდა შეელიონ ონავარ მეგობრებს? სად უნდა გაუშვან? სად არის დრაკონების სახლი?

ოთხეულს ბევრი თავსატეხის ამოხსნა, ფიქრი და კვლევა-ძიება მოუწევს და თავის თავბრუდამხვევ თავგადასავალში შენც გიწვევს.

1-3 წლის ბავშვის აღზრდა მონტესორის მეთოდით

25,90 

დოქტორი მარია მონტესორი ბავშვებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა და შეიმუშავა განათლების ტრადიციული სისტემისგან განსხვავებული მეთოდი, რომელიც პატარებს სწავლის ბუნებრივ სურვილს აღუძრავს

როცა აყვავდა ნუში

12,90 

მხიარული ტრაგიზმით აღბეჭდილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა ჩვენი ნიშაც რომ გახლდათ და სავიზიტო ბარათიც დასავლურ ცივილიზაციაში. ჩვენ წინ გველოდა ეს საოცნებო ევროპა, სადაც გუშინ უკვე ასე მხიარულად და ლაღად შეგვებიჯებინა და სადაც საბოლოოდ უნდა დაგვემკვიდრებინა ადგილი სწორედ ამ სიცოცხლის ტალანტის ძალით!..

ეს შეხედულება, ეს განწყობილება, ეს სწრაფვა, ცხადია, ერთი თავის სათქმელი კი არ არის, არამედ „როცა აყვავდა ნუში“ ერთიანად აირეკლავს ამ განწყობილებას და წარმოდგება ერთ-ერთ სახიერ ნიმუშად მხიარული ტრაგიზმისა, თავისი ღრმააზროვანი განსჯითაც, თხრობის დახვეწილობითა და დინამიზმითაც და სტილის არტისტიზმითაც, მუსიკალური ფონიც რომ შემოსდევს, და ამ მუსიკალურ ფონს ქმნის არა მარტო უხვად ჩართული პოეტური სტრიქონები, არამედ ბელეტრისტული მონათხრობიც.

დროსაფარი

19,90 

იდუმალებით მოცული გერიატრიული ფსიქიატრი სახელად გაუსტინი, რომელიც დროის, კერძოდ, წარსულის ფენომენს იკვლევს, უჩვეულო კლინიკის გახსნას განიზრახავს. „წარსულის კლინიკაში“, რომლის თითოეული სართულიც ზედმიწევნით განასახიერებს გარდასულ ათწლეულებს, ალცჰაიმერით და მეხსიერების დაქვეითებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით გატანჯულ პაციენტებს მკურნალობის ახლებურ, იმედისმომცემ მეთოდს სთავაზობენ – გარემოს ყოველი დეტალი, ავეჯით დაწყებული და სახასიათო სურნელებით დამთავრებული, უზუსტესადაა გათვლილი, რაც მნახველს მისთვის ბედნიერ დროში დაბრუნების ფიზიკურ განცდას უჩენს; დროის საფარში მეხსიერების დახშული სარკმლები ნელ-ნელა იღება და ადამიანს თავისი თავი და ცხოვრება, თუნდაც ნაწილობრივ, ახსენდება.

გაუსტინს ამ კლინიკის მოწყობასა და ფუნქციონირებაში მისი ასისტენტი, ამ ამბის უსახელო მთხრობელი ეხმარება, რომელიც დროსაფარისა და მის გარშემო მოულოდნელად განვითარებული მოვლენების ჟამთააღმწერლადაც იქცევა…

მწერალი, პოეტი და დრამატურგი გეორგი გოსპოდინოვი ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ცხოვრობს. 1989 წლის შემდეგ იგი პირველი ბულგარელი მწერალია, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტ ქვეყანაშია გამოცემული. 2023 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის გამარჯვებული რომანი – „დროსაფარი“ – მისი რიგით მესამე რომანია.

სიზმრების სასახლე

15,90 

ისმაილ კადარეს (1936-2024) ამ ყველაზე იდუმალ რომანში – „სიზმრების სასახლე“ – სახელმწიფო დიდმოხელეთა ოჯახის წარმომადგენელი, მარკ-ალემი, მუშაობას იწყებს ქვეყნის ყველაზე იდუმალ, ყველაზე ძლევამოსილ და შემაძრწუნებელ დაწესებულებაში, ადმინისტრაციაში, რომელსაც ყველასი და თითოეულის სიზმრების შეგროვება, გადარჩევა, კლასიფიცირება და ინტერპრეტაცია ევალება – დედაქალაქით დაწყებული, ქვეყნის ყველაზე შორეული სოფლებით დამთავრებული. ამ სიზმრებიდან უნდა შეირჩეს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმარი (თავსიზმარი), რომლითაც იმპერიისა და მისი ტირანის ბედისწერის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.

მარკ-ალემი ნაბიჯ-ნაბიჯ ადის კარიერის კიბეზე, მიუყვება დაწინაურების სიმძაფრითა და ვნებათაღელვით სავსე გზას და, ბოლოს, დაწესებულების უმაღლეს თანამდებობასაც აღწევს. თუმცა, შიში იმისა, რომ დაუნდობელი და ჯოჯოხეთური ბიუროკრატია საბოლოოდ მასაც მოუღებს ბოლოს, მოსვენებას არ აძლევს. არავინ იცის, რით დასრულდება მისი იდუმალებით მოცული თავგადასავალი…

ანდერძი და მემკვიდრეობა

17,90 

„ანდერძი და მემკვიდრეობა“ ვიგდის იორთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნმა საერთაშორისო პოპულარობა 2022 წელს ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვედრით მოიპოვა.

ბერგლიოტი ჟურნალის რედაქტორი და წარმატებული დრამატურგია. არის სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. მისი ცხოვრება მშვიდად, მდორედ მიედინება, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. მას შემდეგ, რაც მისი მოხუცებული მშობლები გადაწყვეტენ, საკუთარი მემკვიდრეობა ოთხ შვილს გაუნაწილონ,
ბერგლიოტი თავისდაუნებურად ჩაერთვება დავაში. ეს ამბავი ქალს მისთვის საძულველ წარსულში ითრევს.

დავა თანდათან გაცილებით ღრმა ოჯახურ პრობლემებს ააშკარავებს, ვიდრე ეს მატერიალურ ქონებასა და საკუთრებაზე უთანხმოებაა.

ოჯახი, რომელსაც ბერგლიოტი წლების წინ ჩამოშორდა, შემზარავ საიდუმლოს მალავს. მიზეზი საგულდაგულოდაა მიჩქმალული. მასზე საუბარი არავის არ სურს.
თანდათან ფარდა ეხდება ოჯახის ტრავმას – ფაქტს, რომლის მიუღებლობამაც ბერგლიოტს ცხოვრება დაუმახინჯა. დიდი და პატივსაცემი ოჯახი კი „ნორმალური“ კალაპოტიდან ამოაგდო.

თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი ვიგდის იორთი დაიბადა 1959 წელს. გაიზარდა ოსლოში. შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა და პოლიტიკური მეცნიერებები.

ტერეზა ქალის ცხოვრების ქრონიკა

34,90 

ამბავი, რომელსაც ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსი, ვენური მოდერნიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მე-19-20 საუკუნეების მიჯნის საზოგადოების ფსიქოპორტრეტის მკვლევარი არტურ შნიცლერი გვიყვება, ასი წლის წინ მოხდა, თუმცა ასი წლის წინ არ დაწყებულა.

„ტერეზა“ არ გახლავთ ერთი ქალის ამბავი, არამედ ამბავია ქალისა, რომელიც არაფერს ითხოვდა დანახვის, აღიარების, სიყვარულის, ბოლოს კი სიმშვიდის გარდა – მხოლოდ იმას, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ცხოვრების, ცხოვრების ხალისის, ცხოვრების სურვილისათვის.

ტერეზა წიგნის მთავარი გმირია, თუმცა ავტორისთვის, მასთან ერთად კი მკითხველისთვისაც, უფრო საინტერესო იმ საზოგადოების კვლევაა, რომელიც ფართოდ დახუჭული თვალებით მიუყვება ერთი გოგონას ცხოვრებას. ეს არის საზოგადოება, რომელიც გაკიცხვისა თუ შეცოდების, თანაგრძნობისა თუ გამხნევების პოლუსებზე ისე ინაცვლებს, რომ ვერც ხვდება, რომ ამ სამსჯავროს ერთ ჩვეულებრივ, თავისნაირ ადამიანს უწყობს.

არაფერი

11,90 

არაფერია მნიშვნელოვანი. ამას უკვე, კარგა ხანია, მივხვდი.

ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვებით იწყება თანამედროვე დანიელი მწერლის, იანე თელერის ნაწარმოები „არაფერი“. პიერ ანტონმა გადაწყვიტა, რომ არაფერია მნიშვნელოვანი, ამიტომ სკოლაში წასვლის ნაცვლად, ქლიავის ხეზე აძვრა და სკოლისაკენ მიმავალი ბავშვების გასაგონად ნიჰილისტური აზრების გავრცელებას მოჰყვა. მისი თანაკლასელები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ჯერ კიდევ არის სამყაროში რაღაც, რის გამოც ღირს ჩვეული ცხოვრების გაგრძელება, სკოლაში სიარული… მათი მცდელობა დღითიდღე უფრო დრამატულ, სასტიკ ფორმას იღებს, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებენ, შეასმინონ პიერ ანტონს, რომ იგი ცდება.

„არაფერს“ ხშირად, „ბუზთა ბატონსაც“ ადარებენ; ადამიანური ბუნების სისასტიკე – თანაც ბავშვების მაგალითზე წარმოჩენილი – მართლაც მოგაგონებთ უილიამ გოლდინგის ცნობილ რომანს. თუმცა, იანე თელერის თხრობა კიდევ უფრო გამომწვევი და დაუნდობელია; წიგნმაც სწორედ იმით გაითქვა სახელი, რომ მისი შინაარსი მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიისკენ უბიძგებს.

ხელოვნების ამბავი

79,90 

„ხელოვნების ამბავი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 60 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის — უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.

“ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია — თუ მას ფართო მკითხველი გაეცნობა — მთელი თაობის აზროვნება შეცვალოს. გომბრიხის სტილი სასაუბრო და ინტიმურია. მისი განსწავლულობა ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ იგი არ გთრგუნავს; ამასთანავე, მისგან ყველაფრის შესახებ რაღაც ახალს გაიგებთ. მას შეუძლია რამდენიმე სიტყვით მთელი პერიოდის ატმოსფერო გადმოგცეთ.”

“თაიმზის” ლიტერატურული დამატება, 1-ლი გამოცემის რეცენზია, 1950 წლის 27 იანვარი

1 პატარა პიტის კომიქსების კლუბი

14,90 

კეთილი იყოს შენი მობრძანება კომიქსების კლუბში. აქ გაიცნობ კომიქსების შემქმნელებს და წაიკითხავ ძალიან სასაცილო კომიქსებს.