დღეების დასასრულს

19,95 

როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ…

ჯენი ერპენბეკის რომანი „დღეების დასასრულს“ ლიტერატურული ექსპერიმენტია – ის აღწერს, თუ როგორ კვეთს ადამიანის ტრაგედია ისტორიას, შემთხვევითობა – არჩევანს. ცხოვრება შემთხვევითობათა უწყვეტი ჯაჭვია, სადაც დასასრული შესაძლოა ახალი დასაწყისი აღმოჩნდეს. რომანი იკვლევს, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება წვრილმან, შემთხვევით გადაწყვეტილებებსა და გარემოებებზე. ერთი ჩასუნთქვა, მუჭა თოვლი ან დროულად გაღებული კარი – ზოგჯერ საკმარისია სრულიად შეცვალოს ბედისწერა.

რომანი ხუთ წიგნს, ხუთ თავგადასავალს აერთიანებს და განსხვავებული პერსპექტივიდან აღწერს ერთი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ვერსიას. მთავარი პერსონაჟის ბედისწერას მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები განსაზღვრავს: პირველი მსოფლიო ომი, ჰაბსბურგთა იმპერიის დასასრული, სტალინური ტერორი, გერმანიის დაყოფა, ავტორიტარიზმი მის აღმოსავლეთ ნაწილში. რომანის მთავარი გმირი რამდენჯერმე კვდება – ბავშვი, ან იქნებ შეყვარებული, ანდა, ღვაწლმოსილი, ყველასგან მივიწყებული, ან იქნებ არც? – ცხოვრება ხომ არა სწორი ხაზი, არამედ შემთხვევითობებისა და არჩევანის რთული ლაბირინთია.

ჯენი ერპენბეკის „დღეების დასასრულს“ თანამედროვე გერმანელი ავტორის მეორე რომანია, რომელსაც „ინტელექტი“ გამოსცემს. ბუკერის პრემიით დაჯილდოებული და მრავალ ენაზე ნათარგმნი „კაიროსი“ 2025 წელს გამოიცა ქართულ ენაზე.

შვილიშვილი

27,95 

1964 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ ბერლინში გამართულ ახალგაზრდულ შეკრებაზე, რომელშიც ორად გაყოფილი ქალაქის ორივე ნაწილიდან მონაწილეობენ სტუდენტები, აღმოსავლეთ ბერლინელ ბირგიტსა და დასავლეთ ბერლინელ კასპარს ერთმანეთი შეუყვარდებათ. კასპარი ბირგიტს ყალბი საბუთებით დასავლეთ გერმანიაში გაქცევაში ეხმარება. მხოლოდ ბირგიტის ბუნდოვანებით მოცული სიკვდილის შემდეგ აღმოაჩენს უკვე სამოცდაათს მიტანებული კასპარი, რა საიდუმლოს ინახავდა მისი ცოლი, რა იყო ფასი, რო- მელიც მან სიყვარულისა და თავისუფლებისთვის გადაიხადა – ბირგიტს გდრ-ში რამდენიმე თვის ქალიშვილი დაუტოვებია. კასპარი ქალიშვილის ძებნას იწყებს; ძებნა კი წარსულში მოგზაურობად, ორად გახლეჩილი გერმანიის ძველ და ახალ ჭრილობებთან, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაუცხოებისა და დაახლოების სიძნელეებთან შეხვედრად ექცევა. მის ცხოვრებაში უეცრად ჩნდება შვილიშვილი – თოთხმეტი წლის ზიგრუნი, რომელიც სრულიად სხვა, უცხო სამყაროში ცხოვრობს. კასპარი მოთმინებით ცდილობს გოგონას გაგებასა და მის გათავისუფლებას ყველაფერ უცხოსადმი მტრულად განწყობილი, მისთვის გაუგებარი მსოფლმხედველობისგან. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული გერმანელი მწერლის, ბერნჰარდ შლინკის 2021 წელს დაწერილი „შვილიშვილი“ ავტორის მესამე რომანია „წამკითხველისა“ და „ოლგას“ შემდეგ, რომელსაც გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს.

ლომგულები

29,95 

ცხრა წლის ანანდს ცილინდრი ახურავს, ჭერიდან სერპანტინები და ოქროსფერი ქაღალდი აცვივა, ლომი კი მის ბრძანებაზე ცეცხლმოკიდებულ საბურავში ხტება – ოღონდ, სინამდვილეში, პატარა ჯადოქარი დღენიადაგ შრომაშია – პლუშის სათამაშოებს კერავს ბანგლადეშის ერთ ფაბრიკაში. ცირკის ჯადოქრის ოცნება რომ აიხდინოს, ანანდს გეგმა სჭირდება. ამგვარად იწყებს მისი სათამაშო ლომი ფათერაკიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. საბოლოოდ ლომი ყველა ბავშვს მოუტანს ბედნიერებას, რადგან ბავშვები ძლიერები და ლომგულები არიან.

„ლომგულები საინტერესოდ და გაბედულად ეჭიდება დიდ, გლობალურ თემებს, კრიტიკულად უდგება საზოგადოებრივ პრობლემებს და მომავლის პერსპექტივის შექმნის ბიძგს იძლევა. წიგნის თითოეული სცენა შეიცავს ცვლილების შანსს, მის თითოეულ ფიგურას აქვს განვითარების ძლიერი, ოპტიმისტური ნება“. მიულჰაიმის საბავშვო პიესების კონკურსის ჟიური.

იაკობ ფონ გუნტენი

17,90 

შვეიცარიელი მწერალი რობერტ ვალზერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად მიიჩნევა, 1908 წელს გამოცემული იაკობ ფონ გუნტენი კი მის ყველაზე მნიშვნელოვან რომანად.

დღიურის ფორმით დაწერილი რომანის მთავარი გმირი იაკობ ფონ გუნტენი – ავტორის ალტერ ეგო – მაღალი წრის ოჯახიდანაა; ის ნებაყოფლობით მიდის ბერლინის მსახურთა აღზრდის ინსტიტუტში, რომლის მთავარი პრინციპი საგნების სწავლა კი არ არის, არამედ აღსაზრდელებში მსახურების, მოთმინების და თვინიერების გამომუშავება.

იაკობს სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან აინტერესებს სამყაროს დანახვა და მისი შესწავლა, სურს, ქვევიდან შეხედოს იმათ, ვინც მაღლა დგას და დაინახოს საზოგადოების მექანიზმები, რომლებიც კლავს ყველაფერს, რაც ცოცხალია ადამიანში.

საიდუმლოებით მოცულ, უცნაურ და არცთუ უხიფათო სასწავლებელში სწავლისა და ცხოვრების ფიქციურპოეტური აღწერისას სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ირევა, დღიურის ახალგაზრდა ავტორის სტილს კი ხშირად გასდევს მელანქოლიური კომიკურობა და ირონია.

იაკობი პარაბოლურად აღწერს და აანალიზებს პირველი მსოფლიო ომის წინა წლების საზოგადოების სულიერ მდგომარეობასა და მისწრაფებებს.