ქალაქის უნდო გალავანი
32,90 ₾
| ავტორი | ჰარუკი მურაკამი |
|---|---|
| მთარგმნელი | ლაშა გველესიანი |
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 539 |
| ISBN | 9789941378836 |
მარაგში
ჰარუკი მურაკამი თავის ახალ რომანში კვლავაც აგრძელებს ხილულ სინამდვილეში ჩამალული მისტიკისა და მისტიკაში ჩამალული მოუხელთებელი რეალობის კვლევა-ძიებას. ქართველ მკითხველს უყვარს მისი მოულოდნელი, გონებამიუწვდომელი პარალელური სამყაროები, უცხო განზომილებები, სადაც პერსონაჟის „მე“ გარდაიქმნება და სხვა სივრცის ნაწილი ხდება. იქ ავლენს გმირი საკუთარ ქვეცნობიერში დაფარულ მისწრაფებებს; ცდილობს, გაარკვიოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება უკან, ყოველდღიურობაში დაბრუნების შემდეგ, იმ ახალ ცოდნასთან ერთად, რომელზეც მანამდე ხელი არ მიუწვდებოდა. მისტიკურ სამყაროში ხეტიალის მერე კი მის სიცოცხლეში ერთგვარი „თვალახელილობის“ ეტაპი იწყება. სწორედ ასეთი „გასხივოსნების“ ისტორიაა პანდემიის დროს დაწერილი „ქალაქის უნდო გალავანიც“, რომლის იდეაც მურაკამის 40 წლის განმავლობაში არ ასვენებდა და რომლის შუახნის გმირიც სიყმაწვილეში დაკარგულ შეყვარებულს სხვა განზომილებაში დაეძებს. უნდოდ აგებული, პარსონაჟთა წარმოსახვით შექმნილი ქალაქი, სადაც ადამიანებს ჩრდილები არ გააჩნიათ, უცებ რეალური, ცოცხალი სხეული ხდება, ცნობიერებას იძენს და მუდმივად იცვლის სახეს, რომ არ გაქრეს, იარსებოს და თავისი ბინადრები არსად გაუშვას. მას გარს ისეთი გალავანი არტყია, რომლიდან გამოღწევაც, შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ამ წიგნში ადამიანები ხორცშესხმულ გარდაცვლილებს ელაპარაკებიან, ბიბლიოთეკის თაროებზე შენახულ, მანათობელი კვერცხის ფორმის ძველ სიზმრებს ხელებით კითხულობენ, თავიანთ შიშებს ებრძვიან და სიყვარულს ელტვიან. ჰარუკი მურაკამიმ მსოფლიო ლიტერატურა ისეთი უჩვეულო მსოფლხედვის პერსონაჟებით დაასახლა, არავის რომ არ ჰგვანან: ვატანაბე, ტორუ ოკადა, კაფ(უ)კა, ტენგო, მიდორი, კუმიკო და ა. შ. თუმცა, ამ წიგნის მთავარ გმირებს სახელი არ გააჩნიათ. რატომ? ამას მკითხველი თავად უნდა მიხვდეს. 76 წლის ჰარუკი მურაკამი არ ღალატობს ახალგაზრდობაში მიღებულ გადაწყვეტილებას, თავი მხოლოდ მწერლობით ირჩინოს. საკუთარი ნიჭითა და შრომით მართლაც მოიპოვა კეთილდღეობა, რადგან მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. იგი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ბოლო ხანს კი მიენიჭა ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია, რომლის ლაურეატებს შორისაც არიან კარლ უვე კნაუსგორი, ისაბელ ალიენდე და სალმან რუშდი.
